"რეალი": CR7-მა ვან ნისტელროის ჩაუქროლა

AutoSharing Option
შესაძლოა, მადრიდის "რეალს" ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ რაც მთავარია, მოიგო და თავის გულშემატკივრებს "იუვენტუსისგან" განცდილი ძველი წყენების შემდეგ გული მოაფხანინა.

რაც მთავარია, ქომაგმა ისევ იხილა კრიშტიანო რონალდოს შოუ და ანხელ დი მარიას "სამხრეთის ქარი", რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. კარლო ანჩელოტიმ შემადგენლობასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი გუნდი ისე დაზოგა, როგორც მას შეეფერება. აბა, "კამპ ნოუზე" "ელ კლასიკოს" წინ "სამეფო გუნდი" ათკაციან "იუვესთან" თავს ხომ აღარ მოიკლავდა?

რონალდოს კი ისეთი ფენომენალური მაჩვენებელი აქვს, რომ იმ ფენომენ და,
როგორც ამბობენ ხოლმე, "ნამდვილ რონალდოსაც" კი შეშურდებოდა - 3 მატჩში 7 გოლი, ანუ CR7-ს საშუალოდ თამაშში 2 ბურთზე მეტი გააქვს... პორტუგალიელი შესანიშნავ ფორმაშია და გაჩერებას არ აპირებს. იგი ამჟამად ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია და ტურნირზე თავისი 56-ე და 57-ე გოლები შემოგვთავაზა.

იგი ყველა დროის ბომბარდირთა შორის მესამე ადგილზე გადავიდა, გადაასწრო რა რუუდ ვან ნისტელროის. მესიმდე რონალდოს 6 გოლი აშორებს, ხოლო პირველზე მყოფ რაულამდე - 14.

"შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა - ამბობდა მატჩის შემდგომ ანჩელოტი. - პირველ ტაიმში იყო რთული მონაკვეთიც, მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, რომელიც ჩვენთვის მისაღები გახლდათ. მომწონს ის, რომ გუნდი თავდაჯერებულია, უმატებს და ნელ-ნელა უმაღლეს დონეზე თამაშს ვიწყებთ".

"ელ კლასიკოს" ყოველთვის მაგიური დატვირთვა აქვს და მით უმეტეს ახლა, როდესაც სატურნირო ვითარება პრიმერადივიზონში ისეთია, როგორიც დიდი ხანია არ ყოფილა - ლიდერ "ბარსელონასა" და მესამეადგილოსან "რეალს" შორის დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოა" ჩამდგარი.

თუ "ელ კლასიკო" ფრედ დასრულდა, "ჩოლოს" შეგირდები შესაძლოა, პირველ ადგილზე გადავიდნენ; თუ "ბარსამ" მოიგო, ქულებს რომ თავი დავანებოთ, ძალიან მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებს მდევრებზე; ხოლო თუ "რეალმა" იმარჯვა, კატალონიელებს ქულებით გაუთანაბრდება და "ატლეტიკოს", სავარაუდოდ, ორი ქულით წინ გაუშვებს.

მოკლედ, ეს ისედაც ნათელი სურათი იმიტომ აღვწერე, რომ კიდევ ერთხელ შეგვექმნას წარმოდგენა იმაზე, თუ რა გველოდება "კამპ ნოუზე"...

კრიშტიანო რონალდო ყველაფრისთვის მზადაა: "კარგ ფორმაში ვარ და ეს მახარებს, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატებაა და ახლა უკვე ყველანი "ბარსელონასთან" მნიშვნელოვან მატჩზე ვფიქრობთ, რომელსაც მზადყოფნაში ვხვდებით".

სხვათა შორის, "რეალს" არც ისე ადვილი კალენდარი აქვს - "ბარსას" მერე მოშიებულ "სევილიას" უმასპინძლებს, რასაც "რაიო ვალეკანოსთან" მადრიდული დერბი მოჰყვება. შემდეგ - ტურინში "იუვენტუსი" და შინ "რეალ სოსიედადი". თუმცა ანჩელოტის არაფრის ეშინია, იტალიელ სპეციალისტს ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომ როტაციას გააგრძელებს და ქულათა მაქსიმუმის მოპოვებას შეეცდება.

გიორგი კაკაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. B ჯგუფი: გოლანდო! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული