ჩ/ლ. 1/4-ფინალი: სასწაული "კამპ ნოუზე" - "ბარსამ" კარში ერთხელ დაარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
მაშ ასე, წუხელ ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. მადრიდულ კლუბებს, "რეალსა" და "ატლეტიკოს", ტურინის "იუვენტუსი" და "მონაკო" დაემატნენ.

თუკი ესპანური კლუბები შარშანაც გავიდნენ ამ ეტაპზე და "რეალი" სულაც ჩემპიონი გახდა, თუკი "ბებერი ქალბატონი" ერთ-ერთი ფავორიტი იყო, "მონაკოს" გასვლას ნახევარფინალში არავინ ელოდა. პარასკევს ნახევარფინალურ წყვილებსაც შევიტყობთ...

* ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეშვიდედ გავიდა, რაც იტალიური კლუბებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

* "იუვენტუსი" მხოლოდ მესამე კლუბია, რომელმაც ლიგის პლეი ოფის ორ მატჩში არ გაუშვა ბურთი "ბარსელონასთან".

ამჯერად, სასწაული არ
მოხდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, "იუვენტუსი" არ აღმოჩნდა პსჟ.

ტურინულმა გრანდმა იდეალურად ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი და სასურველ შედეგს მიაღწია.

"იუვემ" არათუ სამი გოლი არ გაუშვა, კარი მშრალად შეინახა და ნახევარფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა. ეთამაშო "ბარსას" ორი მატჩი და არ გაუშვა არც ერთი გოლი, მართლაც დიდებული შედეგია და ამისთვის, ტურინელთა დაცვას ქებათა ქება ეკუთვნის, თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში უტევს მთელი გუნდი და თავსაც მთელი გუნდი იცავს - ამიტომ ბრავო "იუვეს", ბრავო მასიმილიანო ალეგრის, რომელმაც ორივე მატჩისთვის გუნდი იდეალურად მოამზადა...

გოლს ვინ ჩივის და "ბარსელონამ" "იუვენტუსის" კართან ერთი ხეირიანი მომენტიც კი ვერ შექმნა. მართალია, კატალონიელებმა 17-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთხელ წავიდა ბურთი კარში და იქაც, ჯანლუიჯი ბუფონს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება. რეალურად, "ბარსას" არ ჰქონია არც ერთი რეალური საგოლე შანსი - და ეს გოლებზე დაგეშილ "ბარსას", რომელსაც მინიმუმ სამი ჰქონდა გასატანი.

ტრადიციულად, ბევრს ცდილობდა ნეიმარი, აქტიურობდა და რამდენჯერმე კარგადაც გასცდა მცველებს, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია; რამდენიმე კარგი პასი გააკეთა ლიონელ მესიმ, თუმცა მთლიანობაში, არგენტინელი მაინც ჩრდილში იყო მოქცეული. ლუის სუარესმა და ანდრეს ინიესტამ შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ გამოავლინეს და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. "იუვეს" კონტრშეტევებზე მინიმუმ ერთი გოლის გატანა მაინც შეეძლო, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ტურინელთათვის ეს მეათეხარისხოვანი იყო - სტუმრები მასპინძელთა დაცვაში დატოვებულ დიდ სივრცეებს ვერ და, თითქოს, არც იყენებდნენ, თორემ შეეძლოთ, მეორე თამაშშიც გამარჯვება მოეპოვებინათ.

ყველაზე რეალური მომენტი პირველი ტაიმის შუაწელს ლიონელ მესის შეექმნა, როდესაც დაახლოებით 15 მეტრიდან ააცილა ბურთი კარს. იქ რომ არგენტინელს გაეტანა, მასპინძლები დაიმუხტებოდნენ და შესაძლოა, თამაშიც გამწვავებულიყო, მაგრამ მესიმ ააცილა და თამაშიც სტუმართათვის სასურველ რიტმში გაგრძელდა. ლეონარდო ბონუჩიმ და ჯორჯო კიელინიმ დაცვის ცენტრი ჩააბეტონეს, ფლანგები კი ორ-ორ ფეხბურთელს ჰქონდათ ჩაბარებული - მარჯვნივ დანი ალვეშს და ხუან კუადრადოს, ხოლო მარცხნივ - ალექს სანდროს და მარიო მანჯუკიჩს.

"ბარსას" შეტევების დროს კუადრადოც და მანჯუკიჩიც უკან ჩადიოდნენ და დაცვას ეხმარებოდნენ - საყრდენ ხაზზე იდეალურად მოქმედებდნენ მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა. ამ უკანასკნელმა ყვითელი ბარათი მიიღო და ნახევარფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს. დიდი ალბათობით, მასიმილიანო ალეგრი ხედირას ნაცვლად კლაუდიო მარკიზიოს გაამწესებს.

ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, "იუვენტუს არენაზე" ტურინელმა გულშემატკივრებმა გამოსახეს წარწერა: IT`S TIME, ანუ "დროა" - დიახ, "იუვეს" გულშემატკივრები თვლიან, რომ დროა, ტურინულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და აქვთ კიდეც ამის საფუძველი. რაც შეეხება "ბარსელონას", ამ გუნდს მადლობა ეკუთვნის იმ საფეხბურთო სპექტაკლისთვის, რომელიც პსჟ-სთან შემოგვთავაზეს - კატალონიელებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი გუნდით...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბარსელონა-იუვენტუსი 0:0 (0:3)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო (78. მასკერანო), პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი (58. პ. ალკასერი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ნეიმარი, ლუის სუარესი
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი - კუადრადო (84. ლემინა), დიბალა (75. ბარძალი), მანჯუკიჩი - იგუაინი (88. ასამოა)
მაყურებელი: 98 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
კარისკენ დარტყმული რამდენი იყო, რაც მცირედით ასცდა? მატჩის ბოლოს პენალტი არ იყო? ვინმემ რომ სათაურს დახედოს, იფიქრებ ბარსას საერთოდ მომეტი არ ჰქონია, ისე გაქვთ გამოყვანილი.
giorgi
17:07 20-04-2017
0
ფეხბურთი მაფიაა და ვისაც ჯერა გუშინდელი თამაში ნამდვილი ჰგონია ცოტა ვერ უნდა იყოს!
geno
17:04 20-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული