ლესტერი-სევილია. გამოხმაურება: პირველივე სონეტი ათიანში

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისური "ლესტერის" ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას უმადურებს უწოდებენ კლაუდიო რანიერის ჩამოშორების გამო. თუმცა ახლა, ცოტა ხნით მაინც, რანიერის ყოფნა-არყოფნის საკითხი აღარ განიხილება, რადგან შექსპირი ახალ პიესას წერს.

უცნაური რამაა ცხოვრება და ფეხბურთი - პატარა გუნდმა მოიგო მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი ლიგა. გუნდმა, რომელიც წინა სეზონში გავარდნას ძლივს გადაურჩა და ახლა მოქმედი ჩემპიონის რანგში დაემუქრა დაქვეითება.

მის დროებით მწვრთნელად დაინიშნა მისტერ კრეიგი, რომელსაც აქამდე ამ ამპლუაში არ "უთამაშია". მან ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა გუნდს, ხოლო უფროსობამ სეზონის ბოლომდე სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა და
აი, უკვე ოფიციალურად მთავარი მწვრთნელის რანგში, შექსპირს პირველივე შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე მოუწია. ისიც ადგა და ევროპალიგის ზედიზედ სამჯერ მომგები გუნდი დაამარცხა. ოცნებები ხდება, ოცნება გრძელდება.

კომენტარები
"მეტოქის სიძლიერისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ეს ორმაგად საამაყო მიღწევაა, რომელიც ფეხზე წამოდგომას იმსახურებს. ჩვენ ისევ ყველა გავაოცეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. ჯგუფურ ეტაპზეც ძალიან ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ გვიწევდა ჭიდილი და, მით უმეტეს, პლეი ოფში. ეს ყველას სამუდამოდ დაამახსოვრდება.

რაც შეეხება რანიერის, კლაუდიო ყოველთვის ემახსოვრებათ იმის გამო, რასაც მან ამ გუნდთან ერთად მიაღწია და რის მიღწევაშიც დაგვეხმარა. პირველ შეხვედრაშიც, როდესაც კლაუდიო ჯერ კიდევ პოსტზე იყო, ისეთი ანგარიში დაფიქსირდა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ გამარჯვებას" - თქვა კრეიგ შექსპირმა.

"ლესტერის" კაპიტანი უეს მორგანი: "საოცრებაა, ვერ ვიჯერებ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ახალწვეულები ვართ და არავინ ელოდა, რომ ასე შორს წავიდოდით, მაგრამ მეოთხედფინალში ვართ! ეს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საღამოა. არ ვიცი, ეს კიდევ ერთხელ მოხდება თუ არა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ეს შევძელით.

დავამტკიცეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდებოდა, რომლებიც გვაკრიტიკებდნენ. შეუძლებელი შევძელით. ვინც უნდა შეგვხვდეს, სიამოვნებით მივიღებთ. ეს ფანტასტიკური საღამოა. მართალია, ახლა საშინაო ჩემპიონატზე უნდა გადავერთოთ, მაგრამ იქამდე მომენტით დავტკბებით".

ორივე მატჩში პენალტის მომგერიებელი მეკარე კასპერ შმეიხელი: "ეს დაუჯერებელი და უდიდესი მიღწევაა გუნდისთვის. ძალიან რთული მატჩი იყო ძლიერი კლუბის წინააღმდეგ. მეორე ტაიმში იმავე ინტენსიურობისა და ტემპის შენარჩუნება რთული იქნებოდა, თუმცა ბიჭებმა ყველაფერი შესანიშნავად გააკეთეს. "სეივებს" რაც შეეხება, მე აქ იმისთვის ვარ, რომ ბურთი მოვიგერიო ხოლმე. მიხარია, რომ კლუბს წინსვლაში დავეხმარე. ყველაფერი თავდაჯერებაზე იყო დამოკიდებული.

დაახლოებით ისე ვითამაშეთ, როგორც წინა სეზონში. ჩვენ ყველამ დიდი გზა გავიარეთ, მათ შორის, მეც, მეორე ლიგიდან აქამდე. არ მაინტერესებს, ვინ შეგვხვდება მეოთხედფინალში, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან ძლიერი გუნდი იქნება".

"სიტყვები არ მყოფნის. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ ვიმარჯვეთ და ეს დავიმსახურეთ კიდეც. კასპერი პირველ შეხვედრაშიც შესანიშნავი იყო და პენალტი მაშინაც მოიგერია, მაგრამ დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ, მისი "სეივის" შემდეგ ბოლომდე თავდაჯერებულნი გავხდით", - განაცხადა "სევილიას" კარში მეორე გოლის ავტორმა მარკ ოლბრაიტონმა.

"ფეხზე უნდა წამოვდგეთ, ბევრი ვიშრომოთ და დავამტკიცოთ, რომ პატივისცემას ვიმსახურებთ" - აღნიშნა ესპანური გუნდის ნახევარმცველმა იბორამ.

რატომ იყო სამპაოლი ასე ფრთხილი
"სევილია" პირველ შეხვედრაში მართლაც დიდ უპირატესობას ფლობდა, 2:0-ს იგებდა, ორჯერ გაარტყა ძელს, გააფუჭა პენალტი… დაუშვა ერთი შეცდომა და გოლიც გაუშვა.

საპასუხო თამაშის ამბებიც იცით. ბევრმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გუნდის ძალიან კარგი, ემოციური და გიჟმაჟი ტაქტიკოსის, ხორხე სამპაოლის რამდენიმე გადაწყვეტილება როგორც შემადგენლობასთან და ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე ტაქტიკურ მონახაზთან და მატჩების მსვლელობისას მის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხრივ.

მაგალითად, პირველ თამაშში 2:0-ის მერე გამოჩენილი სიფრთხილე და ინგლისში თავიდანვე ზედმეტად ფრთხილად დაწყება. ბევრისთვის გასაკვირი იყო ისიც, თუ რატომ დაარტყა პენალტი სტივენ ნ’ზონზიმ. ფაქტია ისიც, რომ თერთმეტმეტრიანების შესრულება ამ გუნდს ძალიან უჭირს. თავად სამპაოლი მიიჩნევს, რომ მისი კლუბი დაუმსახურებლად გავარდა:

"ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით ჩვენი დიდი ოცნება გაქრა. ბიჭები ძალიან გულდაწყვეტილები არიან და მე მესმის მათი, რადგან ჩვენ ორივე შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ. პირველი მატჩი უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგო და დღესაც, ათი კაცითაც კი, მეტ მომენტს ვქმნიდით. თუმცა მეტოქე შინ თამაშობდა და გაგვიჭირდა, არ გაგვიმართლა.

"ლესტერის" მეკარის გმირული თამაში ორივე შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ჩემი აზრით, მეტოქე შემდეგ ეტაპზე დაუმსახურებლად გავიდა. ნასრიზე ვერაფერს გეტყვით, სანამ მინდორზე იყო, იგი კარგად თამაშობდა, წითელი ბარათის ინციდენტი კი კარგად ვერ დავინახე, შორს ვიყავი. ჩემი გაძევება? მეოთხე არბიტრმა რაღაც არასწორად გაიგო. მე უბრალოდ უკმაყოფილებას გამოვთქვამდი იმ ცუდი გოლის გამო, რომელიც გავუშვით. დღეს დაძინება გამიჭირდება, ჩვენ ძალიან გვტკივა გული" - ამბობდა სამპაოლი.

ფაქტები
* "სევილიას" ინგლისში არასოდეს მოუგია - 2 ფრე, 3 წაგება. წინა სეზონში ჯგუფური ეტაპის მნიშვნელოვან შეხვედრას სევილიელები კონოპლიანკას გოლით გასვლაზე უგებდნენ "სიტის", მაგრამ ადილ რამის ავტოგოლს ბოლო წამებზე კევინ დე ბრუინის გოლიც მოჰყვა.

* "სევიალიამ" ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე კიდევ ორჯერ ითამაშა მერვედფინალში და დამარცხდა. 2008 წელს გუნდი პენალტების სერიაში "ფენერბაჰჩემ" ჩამოიშორა, ხოლო 2010 წელს მოსკოვის ცსკა-მ აჯობა.

* 2005 წლის მერე "ლესტერი" პირველი ინგლისური გუნდია, რომელმაც ესპანურ გუნდთან პირველ მატჩში მარცხის მერე გაიარა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპი. მაშინ ეს "ჩელსიმ" შეძლო "ბარსელონასთან" დუელში.

* რიად მაჰრეზმა "ლესტერის" მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 10 გოლიდან 6-ში მიიღო მონაწილეობა - 4 გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა.

* 2016 წლის მერე პირველად, ალჟირელმა "მელიების" მაისურით ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა ან საგოლე პასი გააკეთა.

* 2013/14 წლების სეზონის პლეი ოფში "ბაიერნმა" "არსენალთან" ორივე შეხვედრაში გააფუჭა პენალტი (მაგრამ მაინც გავიდა). ამის მერე "სევილია" პირველია, რომელსაც ასეთი "მიღწევა" ხვდა წილად.

* უეს მორგანის დარტყმა გახლდათ 48-ე, რომელიც "სევილიას" მიმდინარე ტურნირის საგარეო შეხვედრებში დაემუქრა, მაგრამ პირველად გაუშვა.

* მორგანი გახდა პირველი იამაიკელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული