ჩემპიონთა ლიგა. ბარსელონა-პსჟ. გამოხმაურება: საშინელებათა ფილმი "ჰეფი ენდით"

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანურმა "ბარსელონამ" დიდი სასწაული მოახდინა და ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე არნახული რამ შეძლო - ლუის ენრიკეს გუნდი წაგებული 0:4-ის მერე შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ლუჩომ მატჩის წინ თქვა, თუ მეტოქემ პარიზში 4 ბურთი გაგვიტანა, რატომ არ შეიძლება ჩვენ "კამპ ნოუზე" 6 გავუტანოთო? ამ კითხვას მან და მისმა ბიჭებმა დადებითად უპასუხეს "კამპ ნოუზე", სადაც 96 ათასზე მეტი მაყურებელი იყო... ასე აგიხდეთ ყველაფერი.

მასპინძლები ხვდებოდნენ, რომ პარიზელებს ერთი ბურთის გატანა შეეძლოთ (მეტისაც) და ექვსს ამიტომ უმიზნებდნენ. უბრალოდ, ამ სასწაულს კიდევ უფრო მომხიბვლელად ის აქცევს,
რომ 88-ე წუთამდე ანგარიში 3:1 იყო და მერე რაც მოხდა, ყველა გაგვაოცა.

ემოციურად ყველაფერი გასაგებია - აი, ცივ გონებაზე კი, სხვა დეტალებმაც უნდა მიიქციოს ყურადღება. მაგალითად იმან, რომ პარიზელებმა პირველი სამი გოლი საოცრად სულელური შეცდომების მერე გაუშვეს. იმანაც, რომ დენის აითექინის მსაჯობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და მან მნიშვნელოვანი შეცდომები თუ არა, ერთი დიდი შეცდომა ნამდვილად დაუშვა - როდესაც ლუის სუარესის სიმულაციაზე პენალტი დადო და ამ პენალტმა გარდამტეხი როლი შეასრულა.

ასევე იმან, რომ უნაი ემერი გვიან მიხვდა, რომ ანგარიშის შენახვაზე კი არ უნდა ეფიქრა, უნდა შეეტია. ედინსონ კავანის გოლამდეც ჰქონდა მომენტი, როდესაც ძელს გაარტყა და გოლის მერეც, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასულმა კარგად ვერ დაარტყა და მარკ ანდრე ტერ შტეგენს ვერ აჯობა.

პარიზელებმა მაინც ცოტა შეშინებულებმა ითამაშეს და ამისთვის დაისაჯნენ. თუმცა არბიტრის უხეში შეცდომა მაინც ყველაზე თვალშისაცემია და ამან დიდი განხილვები გამოიწვია.

ფაქტი კი ის არის, რომ "ბარსა" შემდეგ ეტაპზეა და ამ გუნდის გაჩერება ძალიან, ძალიან ძნელი იქნება. კატალონიელები ისტორიაში კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევით ჩაეწერნენ და რასაკვირველია, შექებას მთლიანად გუნდი იმსახურებს, ამჯერად მწვრთნელიც, მაგრამ ნეიმარი მაინც განსაკუთრებულად გამორჩევის ღირსია, ბრაზილიელი დიდებული იყო, თამაში მან მოიგო.

რასაკვირველია, გმირობას არ ვართმევთ შეცვლაზე შესულ სერხი რობერტოს, რომელმაც ბოლო წამებზე ნეიმარის პასით ის ჯადოსნური გოლი გაიტანა. "ბარსელონას" არ ჰყავს სერხიო (რამოსი), სამაგიეროდ, ჰყავს - სერხი.

"ჩვენ დავძლიეთ ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ვალენტინობაზე პარიზში მივიღეთ. დასაკარგავი არაფერი გვქონდა, იმიტომ, რომ დასაკარგავი პარიზში უკვე დავკარგეთ. ტაქტიკური ცვლილებები განვახორციელეთ და ვიცოდით, რომ ვითარების შემობრუნება შეგვეძლო.

ფეხბურთელებიც დიდი ინტერესითა და შემართებით ასრულებდნენ ყველაფერს. ორი მოთამაშე ყოველთვის გახსნილი იყო, ვისზეც პასის მიცემა შეიძლებოდა. ამ ჟინითა და მონდომებით საწადელს მივაღწიეთ და ეს გამარჯვება ეძღვნებათ მათ, ვისაც პირველი თამაშის მერეც სჯეროდა ჩვენი. ბევრმა სასტიკად გაგვაკრიტიკა, ჩვენ კი მხარდაჭერა გვჭირდებოდა.

ეს სიგიჟეა და ფეხბურთი უნიკალური სპორტია. პატარებსა თუ დიდებს არასოდეს დაავიწყდებათ ის, რაც მოხდა. ძალიან რთულია დღევანდელი დღისა და ემოციების აღწერა და სიტყვებით გადმოცემა. "ჰორორივითაა", საშინელებათა ფილმში ვიყავით, რომელიც კარგად დასრულდა. ამაზე ინტენსიური შეხვედრა ჩემს კარიერაში ერთადერთხელ მახსენდება და მაშინ ფეხბურთელი გახლდით. ეს გახლავთ ჯილდო ჩვენი რწმენისა და თავდაჯერების.

"კამპ ნოუ" გვერდზე დაგვიდგა და ერთად ეს შევძელით. როგორც წესი, ქომაგების ნაწილი სტადიონს ცოტა ადრე ტოვებს ხოლმე, დღეს კი არავინ წასულა ნაადრევად. ვახსენე 6 გოლი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რადგან "პარი სენ-ჟერმენი" ძალიან ძლიერი გუნდია და ვიცოდი, რომ მეტოქეს გატანა შეელო. ჩვენ გვქონდა ყველაფერი იმისთვის რომ სასურველი და ამ ურთულესი შედეგისთვის მიგვეღწია და მივაღწიეთ კიდეც. ჩემპიონთა ლიგაზე ვრჩებით და ბრძოლას ვაგრძელებთ" - განაცხადა მატჩის მერე ლუის ენრიკემ.

"ბარსას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ: "ეს ისტორიული მიღწევაა, რომელიც სამუდამოდ ემახსოვრებათ".

"სიტუაცია კარგად რომ გავაანალიზოთ, შესანიშნავი შანსი გავუშვით, ყველაფერი ჩვენს ხელში იყო. პირველი ტაიმი პირწმინდად ჩავაგდეთ და ჩვენი ბრალია, რაც მოხდა. ზედმეტად სიღრმიდან ვთამაშობდით და გოლები სულელური შეცდომების შედეგად გავუშვით. მეორე ნახევარში უფრო მშვიდად, თავდაჯერებულად და თამამად ავთამაშდით. გოლი გავიტანეთ და ანგარიშის 3:2-ის გახდის შანსებიც გვქონდა. მერე კი ბოლო წუთებში ყველაფერი დავკარგეთ.

"ბარსელონა" ის გუნდია, რომელსაც ასეთი რაღაცების კეთება შეუძლია, თანაც, კატალონიელებისთვის ეს იყო "ყველაფერი ან არაფერი" და ამ მიდგომით თამაშობდნენ, თანაც, ბოლო წუთებში. ამას დაემატა მსაჯის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ საწინააღმდეგოდ იყო. ეს ძალიან ცუდი გამოცდილება გახლავთ ჩემს კარიერაში და კლუბისთვის მტკივნეული მარცხია. ამისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ" - თქვა პარიზელთა თავკაცმა უნაი ემერიმ.

"მოგებული 4:0-ის მერე 1:6 წავაგეთ. ეს ძალიან რთული მისაღებია" - თქვა პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ და ალბათ, წვერზე მოისვა ხელი, მერე კი უნაი ემერის შესაძლო შემცვლელზე ჩაფიქრდა.

"ასეთი რამ ჩემს კარიერაში არასდროს გამომიცდია. საოცრად ემოციური მატჩი იყო. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მწვრთნელმა გვთხოვა. მისი დავალებები შევასრულეთ და ძალიან ბედნიერები ვართ" - აღნიშნა "ბარსას" მცველმა სამუელ უმტიტიმ.

- "თუ "ბარსელონამ" 4:0 მოიგო, ვფიცავ, *ვერებს მოვიჭრი" - დი მარიას კომენტარი მატჩამდე
- ხავიერ მასკერანო: ცხადია, დი მარიაზე წესებს ვარღვევდი, მაგრამ...
- ჟერარდ პიკე: დღეს ბევრი დაკავდება სექსით
- "ბარსელონას" ქართული კომენტარები: ვინც ჩვენ გვაგიგენბდა, იმის დედას *******

ფაქტები
* "ბარსელონა" გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის (თასის) ისტორიაში, რომელმაც 0:4-ის წაგების შემდეგ შეძლო პლეი ოფის შემდეგ ეტაპზე გასვლა.

* მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 28 ზუსტი პასი გააკეთა თამაშში, რაც უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე პსჟ-ის ნებისმიერი ფეხბურთელის. ამ დროს, პიკემ და მასკერანომ 72-72 პასი გააკეთეს.

* ნეიმარმა (ბარსელონა) ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა ერთ სეზონში შესრულებული საგოლე პასების რაოდენობით - 8. აქამდე 7-7 პასი სეზონში გაუკეთებიათ: ჩავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩს და მესუთ იოზილს.

* უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა დაასახელა.

* ედინსონ კავანიმ ევროთასებზე პსჟ-ის მაისურით მე-20 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაეწია.

* ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოს გაუტოლდა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი პენალტების რიცხვით - 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რეალის ფანები უფრო მეტად აკრიტიკებენ მსაჯებს ვიდრე პსჯ-ს ფანები.ეგენი რეალის ფანები კი არა ბარსას მტრები არიან.იმიტომ რომ შურთ ბარსასი და ეშიანიათ ჩვენ არ შეგვხვდესო.

Cule
13:46 25-03-2017
0
თუ ვინმემ წააგო ეს პირველ რიგში პსჟ_მ და აქ არუბდა მსაჯობაზე გადაბრალება გაეტანა კავანის გაეტანა დიმარიას და რას იზამდნენ მსაჯები? მსაჯი შეიძლება შეცდეს მაგრამ შენ როცა შეგიძლია თამაში დაამთავრო ერთი-ერთზე გასვლისას მეტი პროფესიონალიზმი ცივსისხლიანობა გჭირდება რაც არც კავანის და არც დიმარიას აღმოაჩნდა ნუ აბრალებთ მსაჯს ყველაფერს მჩ_ზე რაგბში მსაჯმა დედა იტირა გაგვამწარა ნამიბიასთან ყველაფერი მოიფიქრა მაგრამ ჩვენ მოვიგეთ იმიტომ რომ ჩვენი გასაკეთებელი გვაკეთეთ რითიც მსაჯს ყველანაირი შანსი მოვუსპეთ
antaress
00:52 11-03-2017
0

სიახლეები პოპულარული