ფეხბურთის ობსერვატორია წარმოგიდგენთ: ექსპატრიანტები, მაღლები და მილიარდერები

AutoSharing Option
CIES - ანუ ფეხბურთის ობსერვატორია უკვე საკმაოდ ცნობილი შვეიცარიული კანტორაა, რომელიც ყოველთვიურად სერიოზულ ანალიზს გვთავაზობს იმაზე, თუ რა ხდება საფეხბურთო სამყაროში.

ასევე ძალზე საინტერესოა მათი ყოველკვირეული ბროშურები. ჩვენ მათი ბოლო ნაშრომები შევაგროვეთ და მოკლედ გადმოგეცით...

ექსპატრიანტები აქეთ...
ექსპატრიანტები, იგივე ემიგრანტები - ფეხბურთის ობსერვატორიის განსაზღვრებით, ეწოდება ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც რომელიმე ქვეყანაში მას მერე მოხვდნენ, რაც სხვა ქვეყნის კლუბში აღიზარდნენ.

ისინი ახალ ქვეყანაში მხოლოდ საფეხბურთო ბიზნესის წყალობით მოხვდნენ. მოკლედ, ეს ტერმინი მთლად არ ემთხვევა ლეგიონერის განსაზღვრებას, რადგან შეიძლება მოთამაშე ლეგიონერი იყოს, მაგრამ იმ
კლუბის (ან ქვეყნის) აღზრდილი იყოს, სადაც თამაშობს. მეორე მხრივ, მოთამაშე შესაძლოა, არც იყოს ლეგიონერი, მაგრამ არ იყოს იმ ქვეყანაში აღზრდილი, სადაც ამჟამად თამაშობს (ასეთი შემთხვევებიც არის).

ძალიან აღარ გავართულებთ და საქმეზე გადავალთ - ობსერვატორიამ 466 ევროპული კლუბი გამოიკვლია და ამ სეზონში მხოლოდ სამში არ უთამაშია თუნდაც ერთ ექსპატრიანტს. ეს სამი გამონაკლისია: უკრაინული "ოლექსანდრია" და "ვერესი", ასევე, ფინური ჰიფკ.

  • 466 კლუბის სრული სათამაშო დროის (ამ სეზონში) 41,6% ექსპატრიანტებმა ითამაშეს. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია კვიპროსის ჩემპიონატში - 80,2% და ყველაზე დაბალი სერბეთში - 15%.
  • ექსპატრიანტების რაოდენობით ლიდერია სამი კვიპროსული კლუბი - "აპოლონში" მათ მთელი სათამაშო დროის 99,8% (ანუ თითქმის სრულად!) დაიკავეს, "ანორთოსისში" - 95,3%, ხოლო ლარნაკის აეკ-ში - 91,5%.
  • ექსპატრიანტთა ხვედრითი წილით, ევროპის ტოპ-5 ლიგაში პირველია ლონდონის "ჩელსი" - 90,4%. საერთო ჩათვლაში კი "ჩელსი" მეხუთეა. სამი კვიპროსული კლუბის შემდეგ მოდის სტამბოლის "გალათასარაი" - 90,6%.
  • ტოპ-ათეულში 5 კვიპროსული, 3 თურქული, თითო ინგლისური და ბულგარული კლუბია.

სიმაღლეს რა ჭკუა აქვს?
ობსერვატორიამ 36 მოწინავე ევროპული ლიგის 50-50 ყველაზე "მაღალი" და "დაბალი" გუნდების სია შემოგვთავაზა. სიის სათავეშია დანიური "კოპენჰაგენი". მის ფეხბურთელთა საშუალო სიმაღლე 186,2 სანტიმეტრია.

ყველაზე დაბლებში ბულგარული "ლუდოგორეცი" ლიდერობს - 177,0 სმ, მაგრამ აქვს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა სიმაღლეს ფეხბურთში?

რა თქმა უნდა, არანაირი მზა კორელაცია არ არსებობს გუნდის სიმაღლესა და მის წარმატებას შორის. სხვაობა, დიდწილად, მწვრთნელების "გემოვნებითაა" გამოწვეული - ზოგიერთი მწვრთნელი აუცილებელ ატრიბუტად თვლის გუნდში მაღალი ფეხბურთელების არსებობას.

თუმცა ერთი მაინც ცხადია - ძალიან დაბალ ფეხბურთელებს პროფესიონალებს შორის დამკვიდრება უჭირთ (რა თქმა უნდა, არის ერთეული კაშკაშა გამონაკლისებიც). ზოგადად, საშუალო სიმაღლე ამ სეზონში 36 მოწინავე ევროპულ ქვეყანას შორის 182,1 სანტიმეტრია.
572 კლუბიდან მხოლოდ 67-ს (11%) გამოჰყავს გუნდი, რომლის საშუალო სიმაღლე 180-ზე ნაკლებია. მათ შორის აღმოაჩენთ "მანჩესტერ სიტის" (გვარდიოლა), "ნიცას" (ფავრი), "ბარსელონას" (ვალვერდე), "ლიონს" (ჟენეზიო) და "რეალს" (ზიდანი).

ტოპ-5 მაღალი გუნდი: 1. კოპენჰაგენი (დანია) - 186,2 სმ; 2. კრაკოვია (პოლონეთი) - 186,1; 3. შალკე (გერმანია) - 186,1; 4. ანკარანი (სლოვენია) - 186,0; 5. მატერსბურგი (ავსტრია) - 185,9.

ტოპ-5 დაბალი გუნდი: 1. ლუდოგორეცი (ბულგარეთი) - 177,0; 2. ლეონესა (ესპანეთი) - 178,2; 3. ჟილინა (სლოვაკეთი) - 178,5; 4. აეკ (კვიპროსი) - 178,5; 5. ბოტევი (ბულგარეთი) - 178,6.

პოტენციური მილიარდერები
ობსერვატორიამ ევროპის ტოპ-5 კლუბი გამოიკვლია და დაადგინა, რომ ოთხი კლუბის სატრანსფერო ღირებულება მილიარდ ევროს სცდება. ესენია: "მანჩესტერ სიტი", "ტოტენჰემი", "ბარსელონა" და "ჩელსი".

თითოეული კლუბის ფეხბურთელთა საერთო ღირებულება გამოთვლილია ექსკლუზიურად ობსერვატორიის ალგორითმით, რომელიც მრავალ საფეხბურთო ნიუანსს ითვალისწინებს.

"სიტის" ჯამური სატრანსფერო ფასი 1,2 მილიარდი ევროა. კევინ დე ბრუინი "სიტის" პოტენციურად ყველაზე ძვირად ღირებული აქტივია - ის 144,5 მილიონი ევრო ღირს. "სიტის" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ღირს ასი და მეტი ევრო: ლეროი სანე, რაჰიმ სტერლინგი და გაბრიელ ჟეზუში.

"ტოტენჰემი" ჯამურად 1,17 მილიარდი ღირს. მისი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია ჰარი კეინი - 186 მილიონი.

"ბარსელონას" ფასი 1,13 მილიარდია. ყველაზე ძვირი გუნდში არა ლიონელ მესი, არამედ ლუის სუარესია - 134 მილიონი.

"ჩელსი" 1,04 მილიარდი ღირს, "ლურჯებში" ყველაზე ძვირი პოტენციურად ედენ აზარია - 121 მილიონი ევრო.

ათეულში ამ ოთხი კლუბის შემდეგ მოდიან: 5. მანჩესტერ იუნაიტედი - 919 მლნ. ევრო; 6. რეალი - 903; 7. ლივერპული - 901; 8. პსჟ - 864; 9. ატლეტიკო - 800; 10. იუვენტუსი - 743.
ფეხბურთელთა შორის ყველაზე ძვირი პარიზში გადაბარგებული ნეიმარია - 218 მილიონი ევრო.

გამოდის, რომ პსჟ-მა მასში ოდნავ მეტი გადაიხადა რეალურ ფასზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული