კადიროვი სტადიონზე სტუდენტებს ცხვრებივით მიერეკება

AutoSharing Option
ჩეჩნეთში ფეხბურთი არასოდეს არ ყოფილა განვითარებული და პოპულარული, მათი გუნდი გროზნოს "ტერეკი" ყოფილი სსრკ-ს მე-2 ლიგის რომელიღაც ზონაში თამაშობდა და იქაც მუდამ მაჩანჩალა იყო.

რუსეთის მარიონეტი, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის გმირია და ფულიც თავზესაყრელად აქვს, ფეხბურთით დაინტერესდა, გუნდი ლეგიონერებით გააძლიერა და აგერ ამდენი ხანია რუსეთის პრემიერლიგაში ათამაშებს. თუმცა, რაიმე სერიოზული წარმატებებით ვერ დაიკვეხნის.

რამზანმა გუნდს და სტადიონს მამამისის, ახმატის სახელი დაარქვა, რომელიც ამავე არენაზე ააფეთქეს. ის გუნდის ყველა თამაშს ესწრება და გამორჩეულ ფეხბურთელებს ავტომობილებით ასაჩუქრებს. ამას გარდა,
ხანდახან მატჩებისას სტადიონზე მიკროფონით კომენტარებს აკეთებს..

ერთი პრობლემა აქვს მხოლოდ. კერძოდ, არ უყვართ ჩეჩნებს ფეხბურთი და თამაშებზე არ მიუხარიათ. ჰოდა, იპოვა გამოსავალი რამზანმა: უმაღლესი სასწავლებლების და ტექნიკუმების რექტორებს დაავალა შეხვედრებზე სტუდენტების ორგანიზებულად წაყვანა. განათლების მინისტრმა ისმაილ ბაიხანოვმა სიამაყით განაცხადა, რომ ყოველ სასწავლებელს სტადიონზე ცალკე სექტორი აქვს გამოყოფილი და სტუდენტების მოქალაქეობრივი ვალია გუნდის მხარდაჭერა. როგორც ირწმუნებიან, ურჩ სტუდენტებს სასწავლებლიდან გარიცხავენ.

ცნობისათვის, "ახმატ არენა" 30 597 მაყურებელს იტევს და ჩემპიონატის მე-15 ტურში, 30 ოქტომბერს მახაჩკალის "ანჟის" მასპინძლობს, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერები გიორგი ლორია და ჯაბა ლიპარტია იცავენ.

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ამას წინათ რამზანმა მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავებთან მატჩი გამართა, გოლებიც გაიტანა და თამაშის დასრულების შემდეგ მოედანზე თქვენი მოწონებული ლეკურიც დაუარა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული