თუ საფრანგეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში პსჟ სტუმრად "სენტ ეტიენს" დაამარცხებდა, ეს ამ გუნდისთვის ტურნირზე ზედიზედ მე-10 გამარჯვება იქნებოდა და ოქროს მედლებს ვადაზე ადრე მოიპოვებდა, მაგრამ ვერ მოახერხა.
ეგ კი არადა, კინაღამ წააგო. ანგარიში მე-17 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა კაბელამ გახსნა. 31-ე წუთზე მან პენალტი ვერ გამოიყენა. არეოლას მბაპემ მიანიშნა რომელ კუთხეში დაურტყამდა კაბელა ბურთს და მეკარემ მოიგერია. 41-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა მცველმა კიმპემბემ და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
მიუხედავად კაცნაკლულობისა, "პარი სენ ჟერმენმა" 90+2-ე წუთზე დებიუშის ავტოგოლით მაინც მოახერხა ანგარიშის გაყაიმება.