რა ხდება ნეიმარის "ბარსელონაში" ტრანსფერთან დაკავშირებით?

AutoSharing Option
რამდენიმე დღის უკან ესპანურმა "მუნდო დეპორტივომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ-ის შემტევი ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებას აპირებს და მან ამის შესახებ ყოფილ თანაგუნდელებსაც აცნობა.


ამის შემდეგ კი უკვე გამოცემა ABC ირწმუნებოდა, რომ სამხრეთამერიკელს პარიზული გუნდის დატოვება სურდა, თუმცა თანახმა იყო კარიერა მადრიდის "რეალშიც" გაეგრძელებინა.


ამ ყველაფრის გამო კი შეშფოთებულია პსჟ-ის მფლობელი ნასერ ელ ხელაიფი. მან ბრაზილიაში სპორტული დირექტორი ანტერო ენრიკე მიავლინა, რომლის თქმითაც, ის ნეიმარის გუნდში დარჩენაში დარწმუნებული
არაა.


ხელაიფი თავად აპირებს ბრაზილიაში გამგზავრებას, რათა ნეიმარი გადაარწმუნოს, რომ პსჟ-ის რიგებში დარჩეს.


ამის პარალელურად კი, კომენტარები კეთდება უკვე "ბარსელონას" ბანაკშიც. მაგალითად, ივან რაკიტიჩის თქმით, ის ბრაზილიელის ტრანსფერზე ინფორმირებული არაა, თუმცა მის დაბრუნებას მიესალმება.


ამავე აზრზეა ფილიპო კოუტინიოც. ახალი ამბავი არაა, რომ "ბლაუგრანას" ახალწვეული ნეიმარის ახლო მეგობარია და მასთან ერთად თამაში "ექსლივერპულელის" ოცნებაა.

ჟურნალისტები აზრს ასევე "ბარსელონას" წარმომადგენელ ხოსეპ ვივესსაც დაეკითხნენ, რომლის თქმითაც, მან აღნიშნული ტრანსფერის შესახებ არაფერი იცის.

ვივესი ამბობს: "არაფერი მსმენია იმის შესახებ, რომ ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურდეს. ბრაზილიელი არის ფეხბურთელი, რომელმაც წასვლა გადაწყვიტა და ჩვენ მას წარმატებები ვუსურვეთ.

მას შემდეგ ჩვენ მასთან კონტაქტი აღარ გვქონია".

ფაქტი ერთია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და ნეიმარის პსჟ-დან აბარგების თემა უკვე დაძრულია. ჩვენ კი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.