ლიგა 1. XXVII ტურის წინ: რა მნიშვნელობა აქვს ცხრილს, როცა კლასიკი გველის...

AutoSharing Option
მართალია, ლიგა 1-ის ჩემპიონის ვინაობა, ალბათ, უკვე ცნობილია, მაგრამ "პარი სენ-ჟერმენისა" და მისი დაუძინებელი მტრის, "მარსელის" დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.

LE CLASSIQUE ან ფრანგული კლასიკო, ან ფრანგული დერბი, როგორც გინდათ, მონათლეთ - ეს დაპირისპირება საფრანგეთის ჩემპიონატში უპირველესია და არა აქვს მნიშვნელობა, რომ სატურნირო თვალსაზრისით თამაშის მნიშვნელობა მოიკოჭლებს. უნაი ემერის გუნდი მე-3 ადგილზე მყოფ "მარსელს" 13 ქულით უსწრებს.

სულ 92 კლასიკია გამართული, 38 პსჟ-მ მოიგო, 32 კი - "ოლიმპიკმა". 22 შეხვედრა ფრედ დასრულდა და ბურთების შეფარდებაც პარიზელთა მხარესაა - 126:115.

გავიხსენოთ მარსელური კლასიკი - "ველოდრომზე" სულ ბოლოს შეძლო ედინსონ კავანიმ პსჟ-ს გადარჩენა - 2:2. ამ თამაშში ნეიმარისგან ბევრს ელოდნენ, მან კი წითელი ბარათით "გამოიჩინა" თავი, თუმცა მანამდე ბრაზილიელმა გოლიც გაიტანა.

ჩემპიონი "მონაკო", რომელიც მეორე ადგილზეა, მაგრამ პსჟ-ს მდევრად ვერ ჩაითვლება (12 ქულით ჩამორჩება ლიდერს), "ტულუზს" ესტუმრება, რომელიც გავარდნის ზონასთან საშიშ სიახლოვესაა.

"ლიონი" შედარებით ჩამორჩა "მონაკოსა" და "მარსელს", მაგრამ ბრძოლა ჯერ არ შეუწყვეტია.

4-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებას ბრუნო ჟენეზიოს გუნდი შინ "სენტ ეტიენთან" შეეცდება. სხვათა შორის, საფრანგეთში ამ ორი გუნდის დაპირისპირებასაც არანაკლები ყურადღება ექცევა, რადგან ერთმანეთს საფრანგეთის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ხვდება.

ლიგა 1. XXVII ტური
პარასკევი, 23 თებერვალი
სტრასბური-მონპელიე 23:45

შაბათი, 24 თებერვალი
ტულუზი-მონაკო 20:00
დიჟონი-კაენი 23:00
გენგამი-მეცი 23:00
ლილი-ანჟერი 23:00
ნანტი-ამიენი 23:00
რენი-ტრუა 23:00

კვირა, 25 თებერვალი
ბორდო-ნიცა 18:00
ლიონი-სენტ ეტიანი 20:00
პსჟ-მარსელი 23:59

ბომბარდირები: 23 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 15 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 14 - მარიანო დიასი (ლიონი); 13 - მარიო ბალოტელი (ნიცა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული