ლიგა 1. XVII ტურის წინ: პარიზმა თავიდან უნდა დაამტკიცოს

AutoSharing Option
როცა ყველას ეგონა, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" საფრანგეთის ჩემპიონატში ინტრიგა მოკლა, ხოლო ბევრმა უნაი ემერის გუნდის უძლეველობაც დაიჯერა... სწორედ ამ დროს სუპერვარსკვლავურმა პსჟ-მა ზედიზედ ორი მარცხი იგემა, ჯერ ლიგა 1-ში აღზევებულ "სტრასბურთან" დათმო, რომელიც სახელიან მეტოქეს არ შეუშინდა და შეუტია და დაუფასდა, შემდეგ კი "ბაიერნს" შურისძიების საშუალება მისცა. აღმოჩნდა, რომ არც ისეთი უძლეველია პსჟ.

შაბათს პსჟ "პარკ დე პრენსზე" გამოვა იმის დასამტკიცებლად, რომ ეს იყო დროებითი ჩავარდნა. მეტოქეა "ლილი", რომელსაც დიდი ქარტეხილები აქვს ბოლო დღეებში გამოვლილი. "ლილს" აღარ თავკაცობს მარსელო ბიელსა,
თუმცა ის ბოლომდე მოხსნილიც არ არის... გუნდმა ზედიზედ ორი თამაში მოიგო, ჯერ "ლიონი" სტუმრად დაამარცხა, შემდეგ კი შინ "ტულუზიც" მიაყოლა და დაამტკიცა, რომ "ძაღლების" აუტსაიდერობა ლიგა 1-ში დროებითი და უცნაური მოვლენაა. პარიზში ჩრდილოელებს ბალო და ელ ღაზი დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლებათ, მასპინძლებს კი ამავე მიზეზით ნეიმარი დააკლდებათ.

ამასობაში ორ წაგებას უკვალოდ არ ჩაუვლია და მედიაში უკვე გაჩნდა ცნობები, რომ პსჟ ზაფხულში უნაი ემერის მოხსნის და მის ნაცვლად ლუის ენრიკეს მიიწვევს. მორიგ ჭორად ჩავთვლიდით, მაგრამ წყარო საკმაოდ სოლიდურია - "ეკიპი".

პსჟ-ს 9-9 ქულით ჩამორჩება "ლიონის", "მონაკოსა" და "მარსელის" ტრიო. ამათგან ყველაზე სერიოზული დაპირისპირება "მარსელს" აქვს - "ველოდრომზე" რუდი გარსიას გუნდი "სენტ ეტიენს" მასპინძლობს.

ფაქტები
  • "მონაკომ" ლიგა 1-ში 18 ბოლო საშინაო მატჩიდან 16 მოიგო.
  • პსჟ ლიგა 1-ში 35 ტურია, დაუმარცხებელია.
  • პსჟ-მა "ლილთან" ბოლო 8 დაპირისპირებიდან 7 მოიგო ყველა შეჯიბრებაში.
  • პსჟ-ს ბოლო 8 საშინაო მატჩში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გააქვს.
  • 11 ტურია, რაც "მარსელი" დაუმარცხებლად ასპარეზობს.

ლიგა 1. XVII ტური

პარასკევი, 8 დეკემბერი
ბორდო-სტრასბური 23:45

შაბათი, 9 დეკემბერი
პსჟ-ლილი 20:00
ანჟერი-მონპელიე 23:00
გინგანი-დიჟონი 23:00
მეცი-რენი 23:00
მონაკო-ტრუა 23:00
ტულუზი-კაენი 23:00

კვირა, 10 დეკემბერი
ამიენი-ლიონი 18:00
ნანტი-ნიცა 20:00
მარსელი-სტ. ეტიენი 23:59

ბომბარდირი: 17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 14 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 12 - მარიანო დიასი (ლიონი); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 9 - ნეიმარი (პსჟ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული