ლიგა 1. XV ტურის წინ: ბრძოლა საკუთარ თავთან

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის წინა ტურმა ყველაფერი, თითქოს, თავის ადგილზე დაალაგა საჩემპიონო რბოლაში. დიახ, პსჟ საფრანგეთის ჩემპიონია, "ლიონს" ძალზე საინტერესო შემტევები ჰყავს და სუპერფორმაშია, "მარსელმა" ბოლო დროს მტკიცე ხასიათი გამოიმუშავა, მაგრამ... "პარი სენ-ჟერმენამდე" მათ ბევრი უკლიათ.

"ლუი მეორეზე" პსჟ-მა ოფლი კი დაღვარა, მაგრამ მაინც გატეხა "მონაკო" (2:1) და ახლა ამ უკანასკნელს 9 ქულით უსწრებს, ისევე, როგორც "ლიონს", "მარსელთან" უპირატესობა 14 ტურში 10-ქულიანია. ამ მატჩში ედინსონ კავანის გოლი ტურის ტოპ-გოლებში მოხვდა.

ჩემპიონატის ლიდერი ტურს ოთხშაბათს "ტრუასთან" საშინაო მატჩით დაასრულებს. მოკლედ, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს,
ამიერიდან უნაი ემერის გუნდი საკუთარ შეცდომებს უნდა "ეთამაშოს" შიდა პირველობაზე.

ჩემპიონი "მონაკო" სტუმრად კლაუდიო რანიერის "ნანტს" ეთამაშება. ფანების თვალში ორივე გუნდს ესაჭიროება რეაბილიტაცია.

"მარსელს" ყველაზე იოლი მეტოქე ეყოლება - ბოლოადგილოსან "მეცს" სტუმრობს.

აუტსაიდერია "ლიონის" მეტოქეც - "ლილი". უბრალოდ, გუნდი შემადგენლობითაც და მოლოდინებითაც გაცილებით მაღლა უნდა იყოს ცხრილში, მაგრამ ახლა "ძაღლების" რიგებში სრული ქაოსია, მარსელო ბიელსა მწვრთნელობას ჩამოშორებულია, გუნდს კი მწვრთნელთა ოთხეული მართავს.

ფაქტები
  • პსჟ-ს ლიგა 1-ში 4-ტურიანი მოგებათა სერია აქვს.
  • პსჟ-მა ლიგა 1-ში ამ სეზონში 14 მატჩიდან 12 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
  • კლაუდიო რანიერის "ნანტმა" ბოლო ხუთ ტურში 4 მარცხი იწვნია.
  • "ლიონს" ყველა შეჯიბრებაში 7 მატჩია, გოლი არ გაუშვია.
  • პსჟ-მა ლიგა 1-ში 14 ტურში უკვე გაიტანა 45 გოლი. ეს კი 11 კლუბის შედეგს სჯობია, გასული სეზონის მონაცემებს თუ ვიგულისხმებთ.
  • მემფის დეპაის (ლიონი) ანგარიშზე 8 გოლია, რვავე სტუმრად.
  • "რენმა" ბოლო ხუთი შეხვედრიდან 4 მოიგო.

საფრანგეთი. ლიგა 1. XV ტური
სამშაბათი, 28 ნოემბერი
ამიენი-დიჟონი 22:00
სტრასბური-კაენი 22:00
ბორდო-სენტ ეტიენი 23:59

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი

ანჟერი-რენი 22:00
გენგამი-მონპელიე 22:00
ლიონი-ლილი 22:00
მეცი-მარსელი 22:00
ნანტი-მონაკო 22:00
ტულუზი-ნიცა 22:00
პსჟ-ტრუა 23:59

ბომბარდირები: 16 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 10 - მარიანო დიასი (ლიონი); 8 - მემფის დეპაი (ლიონი), ნეიმარი (პსჟ)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული