ლიგა 1. XI ტური: არ არის ნეიმარი? რა პრობლემაა?!. [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ-ს MCN-ის (მბაპე, კავანი, ნეიმარი) სახით სუპერშემტევი ტრიო ჰყავს, მაგრამ ამ გუნდის სიძლიერე ისიცაა, რომ სულ მცირე, ამდენივე კარგი ფეხბურთელი თავის შანსს ელის სათადარიგოთა სკამზე.

სასწაული უნდა მოხდეს, ამ სეზონში პარიზელებმა ტიტული რომ ვერ დაიბრუნონ...

ნეიმარს ზედ ტურის დაწყების წინ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და ერთიც პირობითად (ეს კი ცოტა უცნაურია, რაში შეიძლება გამოიხატოს) დაუმატეს. თუმცა პსჟ-ს "ნიცასთან" უნეიმარობა სულაც არ დასტყობია - ლიდერობა ანხელ დი მარიამ და ედინსონ კავანიმ იტვირთეს. პირველის პასებით უკანასკნელს გაჰქონდა მანამ, სანამ ამ იდილიაში ბრაზილიელი დანტე
არ ჩაერია და ავტოგოლი არ მიითვალა - 3:0.

სტუმართა შორის საეჭვო იყო მარიო ბალოტელის თამაში, მაგრამ იტალიელმა შეძლო გამოსვლა, თუმცა ვერც მან და ვერც სასტარტოში დაბრუნებულმა ვესლი სნეიდერმა პარიზელთა დამწუხრება ვერ შეძლეს.

"ნიცას", რომელსაც გოლკიპერი იოან კარდინალე მატჩისწინა მოთელვაზე დაუშავდა და კარში სათადარიგო ჩადგა, ბოლო წლებში უცუდესი სტარტი აქვს ლიგა 1-ში.

ანხელ დი მარია (პსჟ): "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "პარი სენ-ჟერმენში" ასი მატჩი ვითამაშე. ორ-ნახევარი წელია პარიზში ვარ და დაუვიწყარი მომენტები გადავიტანე. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი წინ მაქვს. მარსელში ქულების დაკარგვის შემდეგ აუცილებლად უნდა მოგვეგო".

ედინსონ კავანი (პსჟ): "რაც არ გამოგვივიდა "მარსელთან", ყველაფერი შევძელით "ნიცასთან" შეხვედრაში. პირველ ტაიმში ორი გოლი გავიტანეთ და შემდეგ თამაში მშვიდად გავაგრძელეთ".

უნაი ემერი (პსჟ): "ძალიან გახარებულები ვართ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. თან, გუნდმა სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშა - მეტოქეს ერთი შანსიც კი არ შეაქმნევინა. ჩვენი განწყობა 90 წუთის განმავლობაში ამაღლებული იყო, სამი გოლი გავიტანეთ და კიდევ უფრო მეტი მომენტი შევქმენით. მატჩი მათი კარის სიახლოვეს დავიწყეთ და იქვე დავამთავრეთ".

ფაქტები
  • მარკო ვერატიმ (პსჟ) 118 პასი გააკეთა, რომელთა 92,4% ზუსტი იყო.
  • "ნიცამ" ზედიზედ მეოთხე ტურში წააგო.
  • ანხელ დი მარიამ პსჟ-ის რიგებში მე-100 მატჩი ითამაშა.
  • ედინსონ კავანის (პსჟ) ლიგა 1-ში უკვე 99 გოლი აქვს გატანილი. ეს მან 144 თამაშში მოახერხა.
  • ედინსონ კავანიმ ლიგა 1-ში პსჟ-ის 2 500-ე გოლი გაიტანა.
  • ამ სეზონში პსჟ-ის სამი ბომბარდირი: ედინსონ კავანი - 12 გოლი, ნეიმარი - 7, მეტოქის ავტოგოლი - 4.
  • პირველ ტაიმში "ნიცას" ფეხბურთელები სულ ორჯერ შეეხნენ ბურთს პსჟ-ის საჯარიმოში.
  • ანხელ დი მარიას (პსჟ) ბოლო 8 საგოლე პასიდან 6 ედინსონ კავანისთვის აქვს გაკეთებული.

ჩემპიონატის ბომბარდირი რადამელ ფალკაო არ იყო ფორმაში (მას მცირე ტრავმაც ჰქონდა) და ლეონარდო ჟარდიმმა მისი წაყვანა "ბორდოსთან" დაპირისპირებაში იუარა. საუკეთესო მოთამაშის გარეშეც ჩემპიონმა 2:0 დაამარცხა მეტოქე. ბალდე კეიტამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როცა ენდობიან, საუკეთესოდ თამაშობს, მაგრამ ჩვენ უფრო მეორე გოლს გამოვყოფთ - თომა ლემარმა დრიბლინგით გაიარა "ბორდოს" 4 მცველი და მეკარეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

ლიდერთან ჩამორჩენა ისევ 4 ქულაა. თუ კარგ გოლებს აღვნიშნავთ, არც რონი როდელენის საოცარი დარტყმა დავივიწყოთ, რომლის წყალობითაც "კაენმა" "ტრუა" დაამარცხა. კლაუდიო რანიერის "ნანტი" ბურგუნდიაში "დიჟონთან" მოულოდნელად დამარცხდა - 0:1 და ამით "ლიონსა" და "მარსელს" გადასწრების შანსი მისცა, რითაც კვირას ორივე გუნდმა ისარგებლა.

სხვა ფაქტები
  • ბალდე კეიტამ ბოლო 7 მატჩში, რომლებშიც სასტარტოში ითამაშა, 9 გოლი გაიტანა (სერია A-სა და ლიგა 1-ში).
  • "ბორდომ" ლიგა 1-ში ბოლო 11 საშინაო მატჩში პირველად იგემა მარცხი.
  • "ნანტმა" 8-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა.
  • "კაენი" უკვე 14 მატჩია, არ მარცხდება ლიგა 1-ში გადმოსულ გუნდებთან დაპირისპირებაში.
  • "გენგამი" და "ამიენი" ლიგა 1-ში ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
  • საგოლე პასებით ლიდერობს მემფის დეპაი (ლიონი) - 10, მეორეზეა ფლორიან ტოვენი (მარსელი) - 9.
  • ნაბილ ფეკირმა (ლიონი) ლიგა 1-ის ბოლო 16 მატჩში 17 გოლში მიიღო მონაწილეობა (12 გოლი, 5 საგოლე პასი).
ლიგა 1. XI ტური
პსჟ-ნიცა 3:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 კავანი (3), 2:0 კავანი (31), 3:0 დანტე (52 ს.კ.)
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - ვერატი, რაბიო (66. ლო სელსო), დრაქსლერი - მბაპე (80. პასტორე), კავანი (85. ლუკას მოურა), დი მარია

ბორდო-მონაკო 0:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ბ. კეიტა (57), 0:2 ლემარი (65)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაგი, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო - რონი ლოპეში (90. დიაქაბი), ტილემანსი, ლემარი (91. ბოშილია) - ბ. კეიტა (82. იოვეტიჩი)

კაენი-ტრუა 1:0
გოლი: 1:0 როდელენი (30)

დიჟონი-ნანტი 1:0
გოლი: 1:0 ტავარეში (21)

გენგამი-ამიენი 1:1
გოლები: 0:1 ელ ჰაჯამი (22), 1:1 დიალო (44)
გაძევება: გუანო (58. ამიენი)

მონპელიე-რენი 0:1
გოლი: 0:1 ლიამასი (59)

სტრასბური-ანჟერი 2:2
გოლები: 1:0 ლალა (28-პენ), 1:1 ეკამბი (68), 1:2 სუნუ (75), 2:2 ტერიე (77)

ლიონი-მეცი 2:0
გოლები: 1:0 ფეკირი (6), 2:0 ფეკირი (20)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მარშალი - ტუსარი, ოარი (77. მაოლიდა) - ბ. ტრაორე (67. ნდომბელე), ფეკირი, დეპაი (67. კორნე) - მარიანო დიასი

ლილი-მარსელი 0:1
გოლი: 0:1 სანსონი (6)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი, როლანდო, ევრა (80. ბ. კამარა) - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი, სანსონი (90. აბდენური), ოკამპოსი - მიტროღლუ (53. ჟერმენი)

ტულუზი-სენტ ეტიენი 0:0

ბომბარდირები: 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ედინსონ კავანი (პსჟ); 9 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 8 - მარიანო დიასი (ლიონი); 7 - ნეიმარი (პსჟ).

მომდევნო ტური
3 ნოემბერი: რენი-ბორდო;
4 ნოემბერი: ანჟერი-პსჟ, მონაკო-გენგამი, მონპელიე-ამიენი, ნანტი-ტულუზი, ტრუა-სტრასბური;
5 ნოემბერი: ნიცა-დიჟონი, მარსელი-კაენი, მეცი-ლილი, სენტ ეტიენი-ლიონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული