მ/ჩ 2018. საკვალიფიკაციო. პლეი ოფი. I მატჩების წინ: სტოკჰოლმის სინდრომი

AutoSharing Option
სულ მცირე, 60 წლის მაინც უნდა იყოთ, რომ "გახსოვდეთ" მუნდიალი იტალიის ნაკრების გარეშე.

6 ათეული წლის წინათ "სკუადრა" ბელფასტში 1:2 დამარცხდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იტალიის ნაკრები შინ რჩებოდა და 1958 წლის მუნდიალს რადიოში თუ მოუსმენდა. სად ჩატარდა მაშინ მუნდიალი? დიახ, შვედეთში. ეს ერთადერთი მუნდიალია ისტორიაში, რომელიც იტალიის ნაკრებმა გამოტოვა.

თქმა არ უნდა, პლეი ოფის მონაწილეთაგან ყველაზე ტიტულოვანი იტალიის ნაკრებია, ხოლო ყველაზე საინტერესო შვედეთისა და "სკუადრა აძურას" დაპირისპირებაა. დღეს სწორედ მათი პირველი ჯახია. გავა იტალია მისთვის მე-19 მუნდიალზე?

შვედეთი-იტალია
რეიტინგი: 25-15
მონაწილეობა მუნდიალზე: 11-18

სტოკჰოლმის გარეუბანი სოლნა, სადაც "ფრენდს არენაა", დღეს ევროპის ყურადღების ცენტრშია. კონტინენტის კიდევ ერთ საფეხბურთო გრანდს (ჰოლანდიის შემდეგ) მუნდიალზე ვერმოხვედრის რეალური საფრთხე ემუქრება. "სკუადრა აძურა" ორრაუნდიანი პლეი ოფის პირველ მატჩს მართავს.

ურთიერთშეხვედრები
ამ დაპირისპირების წინ ყველას ერთი წლის წინანდელი ევრო 2016 ახსენდება. მაშინ საფრანგეთში იტალიის ნაკრებმა შვედეთს საკმაოდ უღიმღამო თამაშში 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი კი ედერის ანგარიშზეა.

ისე, შვედეთი და იტალია ერთმანეთს აქამდე 23-ჯერ დაუპირისპირდნენ. უპირატესობა, რა თქმა უნდა, იტალიელთა მხარესაა - 11 მოგება 6 მარცხის წილ. ბურთების საერთო შეფარდება 28:24-ია "სკუადრას" სასარგებლოდ. "აძურას" აშკარა უპირატესობა აქვს ბოლო ურთიერთშეხვედრებში - 5-დან 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. მაგრამ ერთი უპირატესობა სკანდინავიელებსაც აქვთ - შინ 8-ჯერ ეთამაშნენ იტალიელებს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ (4 მოგება, 3 ფრე).

ფორმა
როგორც კი პლეი ოფის წყვილები გამოქვეყნდა, ეს დუელი ერთხმად შეფასდა ცენტრალურად. შვედებს 11-ჯერ უთამაშიათ მუნდიალზე, იტალიელებს - 18-ჯერ. ასე რომ, დღეს თურქ ჯუნიეთ ჩაკირს ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს სამსაჯო.

იან ანდერსონის გუნდმა შესარჩევ ციკლში ღირსეულად იბრძოლა და ახლა შესანიშნავ ფორმაშია - განსაკუთრებით შინ, სადაც შვედეთმა ბოლო 7 ოფიციალური თამაშიდან 6 მოიგო და 1 ფრედ დაამთავრა.

იტალიამ მუნდიალის ბოლო 7 საკვალიფიკაციო მატჩიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა, მაგრამ ეს ვერ შეძლო მთავარ დაპირისპირებაში "ფურია როხასთან".

შვედებს დისკვალიფიცირებული ჰყავთ გამოცდილი მცველი მიკაელ ლუსტიგი. "სელტიკის" ფეხბურთელის არყოფნა დიდი დანაკლისია ანდერსონის გუნდისთვის. მარჯვენა ფლანგზე მას ემილ კრაფტი შეცვლის. ჯიმი დურაზის თამაში საეჭვოა. ამის გამო, შესაძლოა, სებასტიან ლარსონს მოუწიოს მარჯვნივ გადაწევა.

ჯან პიერო ვენტურას გუნდში დისკვალიფიცირებული არავინაა. ვენტურამ ამ თამაშებისთვის "ნაპოლის" ნახევარმცველი ჟორჟინიო გამოიძახა, რომელსაც ბრაზილიის ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი კი ჰქონდა, მაგრამ შარშან იტალიელებმა იყოჩაღეს, თუმცა შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ჟორჟინიო აღარ წაიყვანეს. სიმონე ძაძას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან "ვალენსიას" ფორვარდმა ნაკრების ვარჯიშზე მუხლი იტკინა. ბოლომდე მზად არც ანდრეა ბელოტია. ასე რომ, ჯერ კიდევ ძნელი გამოსაცნობია, ვინ იქნება შეტევაში ჩირო იმობილეს პარტნიორი.

სავარაუდო შემადგენლობები
შვედეთი (4-4-2): ოლსენი - კრაფტი, ლინდელიოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი - ლარსონი, იოჰანსონი, ეკდალი, ფორსბერგი - ტოივონენი, ბერგი

იტალია (4-4-2): ბუფონი - ფლორენცი, ბონუჩი, კიელინი, დარმიანი - კანდრევა, დე როსი, ვერატი, ინსინიე - იმობილე, ბელოტი

კომენტარები
იან ანდერსონი (შვედეთის ნაკრების მწვრთნელი): "ხვალინდელი თამაშისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. მეტოქეს შესანიშნავი დაცვა ჰყავს, მაგრამ ჩვენ ჩვენსას შევეცდებით. არ დაგავიწყდეთ, რომ შესარჩევში 26 გოლის გატანა მოვახერხეთ, აქედან 18 კი - შინ. ეს მოკლე სტატისტიკა ძალიან დამაიმედებელია, თან გოლები სხვადასხვა ფეხბურთელს გააქვს. იტალია თავიდან ბოლომდე შევისწავლეთ. გუნდს აქვს ძლიერი მხარეები, მაგრამ აქვს სისუსტეებიც. დიახ, იტალია გრანდია, მაგრამ მოედანზე 11X11-ზე ვთამაშობთ. საბედნიეროდ, მხოლოდ დისკვალიფიცირებული ლუსტიგი დაგვაკლდება".

ჯან პიერო ვენტურა (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენ არც კი განვიხილავთ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, იტალია მუნდიალზე ვერ ითამაშებს. არ მსურს, ალფრედო ფონის ბედი გავიზიარო, რომელიც ნაკრების ისტორიაში ერთადერთია, ვინც გუნდი მუნდიალზე ვერ გაიყვანა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რუსეთში ვითამაშებთ. ფანებიც დარწმუნებულნი არიან ამაში, რადგან "სან სიროს" მატჩის 60 ათასი ბილეთი თვალის დახამხამებაში გაიყიდა. ფანებს არასოდეს უღალატიათ ჩვენთვის და არც ჩვენ უნდა ვუღალატოთ მათ".

ლეონარდო ბონუჩი (იტალია): "ორი ძალიან მძიმე მატჩი გველის ძლიერ მეტოქეებთან. მათ ეს დაამტკიცეს, როცა ჯგუფში ჰოლანდია ჩატოვეს. შვედეთს აღარ ჰყავს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ გუნდი მაინც ძალიან კონკურენტუნარიანია, ის დაცვაში არ იკეტება და იბრძვის ნებისმიერი ბურთისთვის. მაგრამ ჩვენ ვართ იტალია და არ არსებობს ვარიანტი, მუნდიალი იტალიის ნაკრების გარეშე იყოს".

პროგნოზი
შვედეთი შინ ისე ძლიერია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი საფრანგეთის დამარცხებაც არ გაუჭირდა. იყო 6:0 (სლოვაკეთი) და 8:0-იც (ლუქსემბურგი). ასე რომ, "სკუადრა აძურას" ამ დაპირისპირებაში ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესარჩევ მატჩებში "აძურას" სტუმრად ათ წელზე მეტია არ წაუგია (თუ ესპანეთთან 0:3-ს არ ჩავთვლით). ამიტომ მაინც გვგონია, რომ იტალიის ნაკრების ქართველი ფანები ინერვიულებენ, მაგრამ 13-ში მაინც მუნდიალზე გასვლას იზეიმებენ.

რა შეიძლება მოხდეს, თუ...
...თუ იტალია მუნდიალზე ვერ გავა. ყველაზე მოკლედ ეს "გაძეტას" ჟურნალისტმა ფაბიო ლიკარიმ აღწერა: "ჩვენს საერთო ცნობიერებაში მუნდიალი იტალიის გარეშე გაცილებით დაუჯერებელია, ვიდრე პეტრეს მოედანზე სატურნელების ჩამოფრენა".

დანია-ირლანდია

რეიტინგი: 19-26
მონაწილეობა მუნდიალზე: 4-3

კოპენჰაგენის "პარკენზე" დანიის ნაკრები ირლანდიას მასპინძლობს და სამი დღის შემდეგ მასვე დუბლინში ესტუმრება. დანიელები მთავარ იმედს კრისტიან ერიქსენზე ამყარებენ, "ტოტენჰემის" ნახევარმცველი გუნდის სული და გულია.

ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა ირლანდიელების მხარესაა. კუნძულელებმა 5 მატჩი მოიგეს, ნახევარკუნძულელებმა კი - 3. ბურთების შეფარდებაც უკეთესი ირლანდიას აქვს - 20:16. კოპენჰაგენში სრული თანაფარდობაა - 2-2 მოგება, ფრე და მარცხი.

ფორმა
როგორც ყველა გუნდი, დანიაც შინ კარგად თამაშობს - ბოლო 8 ოფიციალური მატჩიდან დანიამ მხოლოდ 1 დათმო, 4 მოიგო და 3 ფრედ ითამაშა. ირლანდია კი სტუმრადაც ყოჩაღობს - ბოლო 6 შეხვედრაა, არ დამარცხებულა - 3 მოგება და 3 ფრე. დიდი ალბათობით, დანიელთა თავკაცი ლასე შიონეს ცენტრში თომას დელეინის არჩევს.

მარტინ ო'ნილს არ ეყოლება დევიდ მეილერი, "ჰალ სიტის" ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია. ჯეფ ჰენდრიკის თამაში საეჭვოა. არ იქნებიან არც ჯეიმს მაკარტი, რიჩარდ კიო და შონ მაგუაიერი.

სავარაუდო შემადგენლობები

დანია (4-2-3-1): შმეიხელი - ანკერსენი, კიაერი, კრისტენსენი, კნუდსენი - დელეინი, კვისტი - ი. პოულსენი, ერიკსენი, სისტო - ბენდტნერი

ირლანდია (4-5-1): რენდოლფი - კრისტი, დაფი, კლარკი, უორდი - ბრეიდი, ჰურიჰეინი, უელანი, არტერი, მაკლინი - მერფი

კომენტარები
ოგე ჰარეიდე (დანიის ნაკრების მწვრთნელი): "როცა ბურთი გვაქვს, პირველ რიგში, ვეძებთ ერიქსენს. ყოველთვის დარწმუნებული ხარ, რომ კრისტიანი რამე კრეატიულს მოიფიქრებს და ნაკრებს საგოლე შანსს შეუქმნის. ირლანდიის ნაკრებთან ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში სწორედ კრისტიანი უნდა იყოს ის ფეხბურთელი, ვინც გუნდს წარმატებას მოუტანს. მეტოქე ძალიან ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს და მისი დარღვევისთვის მაღალი კლასის ფეხბურთელია საჭირო, ისეთის, როგორიც ერიქსენია".

მარტინ ო'ნილი (ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი): "გუნდში მცირე ტრავმებია და ვნახოთ, რა იქნება. ამ დღეებში შესაძლოა, ზოგიერთი გამოჯანმრთელდეს და თამაში შეძლოს. იმედია, ჯეფ ჰენდრიკსი მოასწრებს გამოჯანმრთელებას. დანიამ ძალიან მოუმატა, ხოლო ერიქსენი ნამდვილი ბრილიანტია. ყველაფერი მაინც დუბლინში გადაწყდება".

პროგნოზი
ირლანდიის უპირატესობა გუნდური თამაში და კარგი მწვრთნელია, დანიელთა უპირატესობას კი კრისტიან ერიქსენი ჰქვია. ვნახოთ, შესაძლოა, მისი კალიბრი სავსებით საკმარისი აღმოჩნდეს ამ დუელის მოსაგებად.

ფაქტები
  • იტალიის ნაკრებმა შვედეთი ევრო 2016-ზე ედერის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა.
  • იტალიას სტოკჰოლმში 1912 წლის მერე არ მოუგია.
  • ირლანდიისა და დანიის დაპირისპირებაში ისტორიულად უპირატესობა კუნძულელების მხარეზეა.
  • დანიელთა მთავარი იარაღი კრისტიან ერიქსენი იქნება.

პარასკევი, 10 ნოემბერი
შვედეთი-იტალია 23:45

საპასუხო მატჩი - 13 ნოემბერს

შაბათი, 11 ნოემბერი
დანია-ირლანდია 23:45

საპასუხო მატჩი - 14 ნოემბერს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული