არგენტინული კრიზისი: შეიძლება, ეს მოხდეს...

AutoSharing Option
დღეს ამაზე ბევრს და შეშფოთებით ლაპარაკობენ - არის საკმაოდ რეალური შანსი იმისა, რომ რუსულმა მუნდიალმა არგენტინის ნაკრებისა და ლიონელ მესის გარეშე ჩაიაროს.

რა თქმა უნდა, ამის დაჯერება ჭირს, მაგრამ სატურნირო ცხრილს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს სუპერსენსაცია სულაც არ იქნება, მით უმეტეს, აუტსაიდერ ვენესუელასთან საშინაო ფრის შემდეგ. მაინც, რა ხდება არგენტინის ნაკრების თავს? ვეცდებით, ეს ჩვენს წერილში გავარკვიოთ...

როგორ ითამაშა "ალბისელესტემ"?
იმ დროს, როცა ბრაზილიის ნაკრებმა უკვე დაიბევა მუნდიალის საგზური და ახლა იმაზე ფიქრობს, სად უკეთესად დაბინავდეს რუსეთში,
არგენტინის ნაკრები ძალიან მაგრად წვალობს. "ალბისელესტემ", რუსეთში დაბინავება კი არა, შეიძლება, საერთოდ გამოტოვოს მსოფლიოს ჩემპიონატი, რაც ამ საფეხბურთო ქვეყნისთვის უდიდესი სირცხვილი იქნება.

ბოლო ორ შეხვედრაში არგენტინელებმა გამარჯვება ვერ იზეიმეს. მათ ჯერ ურუგვაიში ითამაშეს ფრედ (0:0), მერე კი სატურნირო მოტივაციის გარეშე მყოფ ვენესუელას (1:1) საშინაო ასპარეზზე დაუზავდნენ. თუ ურუგვაისთან გასვლით ზავს ახსნა აქვს, ვერავინ ახსნის, რატომ ვერ მოახერხა არგენტინამ საშინაო კედლებში ვენესუელის სუსტი ნაკრების ძლევა.

არგენტინა მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა. ეს სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც ნათლად აისახა. ამის მიუხედავად, ხორხე სამპაოლის ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგეს კარში ერთი გოლიც კი ვერ გაიტანეს - ვენესუელელმა ავტოგოლი მიითვალა.

შიშს დიდი თვალები აქვს!
ჩავხედოთ სატურნირო ცხრილს და ერთხელაც გავაანალიზოთ იქ არსებული სიტუაცია. პირველი ოთხი გუნდი პირდაპირ ხვდება მუნდიალზე, მეხუთე კი გადათამაშებას თამაშობს. არგენტინა ამ დროისთვის მეხუთე ადგილზეა. ჯერ დაკარგული არაფერია, მაგრამ შიშს მაინც დიდი თვალები აქვს. ერთიც ვნახოთ და, არგენტინელებმა წარუმატებლად ითამაშეს მომდევნო შეხვედრაშიც, რომელიც მათ პერუელებთან ელით. პერუ არგენტინაზე ერთი საფეხურით წინ არის...

და მაინც, არგენტინელთა მთავარი პრობლემა არც რთული კალენდარია და არც ის, რომ მათემატიკურ გამოთვლებიც ცუდ დღეში არიან. საქმე ისაა, რომ სამპაოლის გუნდმა ამჯერადაც ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება და მის გარშემო ძალიან ნეგატიური ფონია შექმნილი. გულშემატკივრები კვლავ დარწმუნებულნი არიან, რომ ლიონელ მესი ნაკრებში ისე არ იხარჯება, როგორც კლუბში, ჟურნალისტები კი... თუმცა, ჟურნალისტების დამოკიდებულება სხვა თემაა.

უმწვავესი რეაქცია
მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრებმა უდავო აუტსაიდერთან დაკარგა ქულები, ეროვნული გუნდი ყველა სპორტულმა და საფეხბურთო გაზეთმა მწვავედ გააკრიტიკა. "რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად ვშორდებით მსოფლიოს ჩემპიონატს" - ასეთი სათაურით გამოვიდა "ქრონიკა".

საერთო ფონი ძალიან პესიმისტურია, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს მოთამაშეებზე და მათ ფსიქოლოგიურ წნეხში აქცევს. გაზეთების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ასეთი ნაკრებით საერთოდ არ აქვს აზრი რუსეთში გამგზავრებას, რადგან "ალბისელესტესთვის" მაინც ყველაფერი ცუდად დასრულდება.

გაცრუებული იმედი?
როცა ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრებში მივიდა, ბევრი ელოდა, რომ ფავორიტი ზეშემტევ ფეხბურთს ითამაშებდა. სამპაოლის ყველა გუნდი ხომ ასე თამაშობდა, მათ შორის, ორი განსაკუთრებული მაგალითის მოხმობა შეიძლება - ჩილეს ნაკრებისა, სადაც სამპაოლი შედგა კიდეც, როგორც მწვრთნელი, და "სევილიასი".

ჯერჯერობით, არგენტინის ნაკრები ასე არ თამაშობს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, კიდევ კარგა ხანს ვერ ითამაშებს. უკვე შეიმჩნევა მწვრთნელით იმედგაცრუების პირველი ნიშნები, რაც სრულიად გასაგებია, რადგან ამდენი ვარსკვლავის პირობებში გუნდი მუნდიალს მიღმა დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე დგას...

რა ელის მეხუთე ნაკრებს?
საკმაოდ რეალურია იმის შანსი, რომ სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში არგენტინამ მეხუთე ადგილი დაიკავოს, თუმცა მოვლენათა სხვანაირ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ. სხვა თუ არაფერი, ჯგუფში მე-6 ადგილზეა ვარსკვლავებით გატენილი ჩილე.

და მაინც, არგენტინელებს ძალიან აინტერესებთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მათი ნაკრები მეხუთე ადგილს დაიკავებს. მაშინ "ალბისელესტე" მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.

ოკეანეთის ფეხბურთის ლიდერმა, მას შემდეგ, რაც ორმატჩიან დუელში 8:3 დაამარცხა სოლომონის კუნძულების ნაკრები, ამ პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა და ერთ-ერთ სამხრეთამერიკულ ნაკრებს ელოდება.

...ასე იწერება ისტორია
ვენესუელის ნაკრები, სატურნირო თვალსაზრისით, ვერაფერს მიაღწევს მიმდინარე შესარჩევ ციკლში. ამ ქვეყნის ფეხბურთის მესვეურები ახალ ნაკრებს აშენებენ, სადაც ახალი სახეები სჭარბობენ.

და მაინც, ვენესუელელთათვის ეს შესარჩეცი ციკლი ისტორიაში შევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქამდე ფრედაც კი არასოდეს უთამაშია არგენტინასთან...

უბრალოდ, ვისურვოთ...
უბრალოდ ვისურვოთ, რომ არგენტინა მუნდიალზე გავიდეს. ალბათ, "რეალის" თავგადაკლული ფანებიც კი დაგვეთანხმებიან, რომ მესისა და არგენტინის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი არ იქნება ის, რაც შეიძლება იყოს მათთან ერთად...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და მოიცადე რატო არ იქნება მსოფლიო ისეთი რაც შეიძლება იყოს დაჩლუნგებულ არგენტინასთან ერთად? იქნებ ნაკრებში ზუსტად მესიშია პრობლემა? ჯერ ის სამარცხვინო საქციელი ჩილესთან ფინალის წაგების მერე ნაკრებიდან რო წავიდა და მერე ჰარში ვთქვიო ეგ სიტყვებიო.. როგორ შეიძლება სილვასთან დებრუინთან ტურესთან კარგად თამაშობდე და მესისთან ვერა ზლატანთან რონალდოსთან კარგად თამაშობდე და მესისთან ვერა იგუაინი და დიბალა ერთად კლუბში ბდღვნიან და მესისთან ვერ თამაშობენ სწორედ რო მესია პრობლემა ალბათ და მოუწევს სამპაოლის დიდი სამუშაოს გაწევა და შეიძლება არაორდინალური გადაწყვეტილების მიღებაც
effe
13:51 12-09-2017
1

სიახლეები პოპულარული