მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა. XVI ტური: მუნდიალი მესის გარეშე სულ უფრო რეალური ხდება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებმა ოქროს შანსი ვერ გამოიყენა და დი მარია დაემტვრა; ჩილე კატასტროფის პირასაა; ბრაზილიამ ურუგვაის ქულები გაუყო, ხოლო სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ზონაში ისევ დიდი ქაოსია, არადა, მხოლოდ ორი ტური რჩება...

ვის უნდა მოუგოს ვარსკვლავურმა არგენტინამ, თუ არა ვენესუელას, ერთადერთ გუნდს სამხრეთ ამერიკაში, რომელსაც სატურნირო მოტივაცია აღარ გააჩნია (თუ არ ჩავთვლით მუნდიალზე უკვე გასულ ბრაზილიას)?

მაგრამ ფაქტია, ვერ მოუგო - შინ სულაც აგებდა აუტსაიდერთან - მურილიომ "ალბისელესტე" კონტრშეტევაზე დაიჭირა. ხორხე სამპაოლის გუნდი მარცხისგან ვენესუელელთა ავტოგოლმა იხსნა. რაც შეეხება შემტევ სუპერტრიოს (მესი-იკარდი-დიბალა),
მან ისევ ვერაფერი შექმნა.

ანხელ დი მარია პირველივე ტაიმში გამოეთიშა თამაშს. ამბობენ, ის პსჟ-ს 3 კვირით დააკლდებაო...

ხორხე სამპაოლი (არგენტინა): "ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, არგენტინას ვენესუელისთვის 3 ბურთის სხვაობით უნდა მოეგო, მაგრამ ჩვენ შემართება არ გვეყო. ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ოპტიმიზმის საფუძველს გვიტოვებს. დიახ, დღეს ხელიდან ბრწყინვალე შანსი გავუშვით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია".

თუკი არგენტინამ გაირთულა მდგომარეობა, ჩილე ბოლივიაში მარცხის მერე სულაც კატასტროფის წინაშეა. აირია სიტუაცია ნაკრებშიც - არტურო ვიდალმა დაიმუქრა, შესაძლოა, სულაც წავიდე ნაკრებიდანო, ხოლო ალექსის სანჩესმა თქვა, ჟურნალისტები ცუდი ხალხი ხართ, იმიტომ, რომ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებთო.

კოლუმბიამ და ბრაზილიამ გოლები გაცვალეს - ნეიმარმა ერთი შეხებით დაუგდო ვილიანს, რომელსაც ბრწყინვალე გოლი მოჰყვა, კოლუმბიის პასუხი კი რადამელ ფალკაოს თავური იყო. კოლუმბია მესამე ადგილზეა, მას მცირე უპირატესობა და უკეთესი კალენდარი აქვს უშუალო კონკურენტებზე. ასე რომ, ხოსე პეკერმანის გუნდი, წესით, მუნდიალზე უნდა ვიხილოთ.

კოლუმბიაში პრემიერლიგის კლუბების შესანიშნავი თანამშრომლობის ნიმუში ვიხილეთ: "ლივერპულმა", "სიტიმ" და "ჩელსიმ" თავიანთი ბრაზილიელები ერთი ჩარტერული რეისით გადმოაფრინეს "ნისლიან ალბიონზე", რომ პრემიერლიგის მორიგ ტურში თამაში შეძლონ.

აღსანიშნავია პერუს დიდებული თამაში. ახლა ამ ნაკრებს ისტორიული შანსი აქვს, 1982 წლის მერე პირველად ითამაშოს მუნდიალზე. ურუგვაი კი საგარეო გამარჯვებით მუნდიალის საგზურს მიუახლოვდა.

ბოლივია-ჩილე 1:0
გოლი: 1:0 არსე (58-პენ)
გაძევება: ჩუმასერო (90. ბოლივია)

კოლუმბია-ბრაზილია 1:1
გოლები: 0:1 ვილიანი (45+2), 1:1 ფალკაო (56)
კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არიასი, საპატა, დ. სანჩესი, ფაბრა (85. ტესილიო) - აგილარი, კ. სანჩესი - კუადრადო (46. ჩარა), ხ. როდრიგესი, კარდონა (70. გუტიერესი) - ფალკაო
ბრაზილია (4-1-4-1): ალისონი - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტ. სილვა (94. კაიო), ფილიპე ლუიში - ვილიანი, პაულინიო, აუგუსტო (75. კოუტინიო), ნეიმარი - ფირმინო (62. გაბრიელ ჟეზუში)

ეკვადორი-პერუ 1:2
გოლები: 0:1 ფლორესი (73), 0:2 ურტადო (76), 1:2 ვალენსია (79-პენ)
გაძევება: რამოსი (79. პერუ)

არგენტინა-ვენესუელა 1:1
გოლები: 0:1 მურილიო (51), 1:1 ფელტშერი (54 ს.კ.)
არგენტინა (4-2-3-1): რომერო - მასკერანო, ფასიო, ოტამენდი - აკოსტა, პისარო, ბანეგა, დი მარია (25. აკუნია) - მესი, იკარდი (75. პასტორე), დიბალა (62. ბენედეტო)

პარაგვაი-ურუგვაი 1:2
გოლები: 0:1 ვალვერდე (76), 0:2 გომესი (80 ს.კ.), 1:2 რომერო (88)
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - პერეირა, ხიმენესი, გოდინი, კასერესი - ნანდესი (71. სანჩესი), ვალვერდე, ვესინო, როდრიგესი (63. სტუანი) - ლ. სუარესი (90. არევალო), კავანი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 16 11 4 1 38-11 37
2. ურუგვაი 16 8 3 5 28-18 27
3. კოლუმბია 16 7 5 4 19-16 26
4. პერუ 16 7 3 6 26-25 24
5. არგენტინა 16 6 6 4 16-15 24
6. ჩილე 16 7 2 7 24-23 23
7. პარაგვაი 16 6 3 7 17-23 21
8. ეკვადორი 16 6 2 8 24-24 20
9. ბოლივია 16 4 1 11 14-34 13
10. ვენესუელა 16 1 5 10 18-35 8

შენიშვნა: მუნდიალზე 4 საუკეთესო გუნდი გადის, მეხუთე - პლეი-ოფში.

ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (ურუგვაი); 7 - ფელიპე კაისედო (ეკვადორი); 6 - ნეიმარი (ბრაზილია), ალექსის სანჩესი (ჩილე), არტურო ვიდალი (ჩილე).

დარჩენილი ტურები
5 ოქტომბერი:
არგენტინა-პერუ, ბოლივია-ბრაზილია, ვენესუელა-ურუგვაი, ჩილე-ეკვადორი, კოლუმბია-პარაგვაი.

10 ოქტომბერი:
პერუ-კოლუმბია, ურუგვაი-ბოლივია, ეკვადორი-არგენტინა, პარაგვაი-ვენესუელა, ბრაზილია-ჩილე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული