მუნდიალის ბურთები: "კოპლები", "ტანგო", "ჯაბულანი" და სხვა წინამორბედები [დასასრული]

AutoSharing Option
1970 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, მსოფლიოს ყველა ჩემპიონატს ჰქონდა თავისი ოფიციალური, ბრენდირებული ბურთი, რომლებსაც მუდმივად "ადიდასი" უშვებს. 1970-დან 1998 წლის ჩათვლით, მსოფლიოს ჩემპიონატებზე ან კოპლებიანი ბურთებით თამაშობდნენ, ან "ტანგოს" ბრენდით გამოცემული ბურთებით - 2002 წლიდან ახალი ერა იწყება და ამაზე ქვემოთ...

2002 წლის მუნდიალი
ბურთი - "ადიდას ფევერნოვა"
"ტანგოს" ბრენდით გამოშვებული ბურთების ეპოქა 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დამთავრდა, 2002 წლიდან კი კიდევ ერთი რევოლუცია მოხდა - "ადიდასმა" თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულიად ახალი ბურთი შექმნა, რომელსაც "ფევერნოვა" უწოდა.

ეს იყო ერთბაშად რამდენიმე მატერიისგან
შეკერილი ბურთი, კიდევ უფრო მსუბუქი და ტურბულენტური - სწორედ აქედან იწყება ისეთი ბურთების წარმოება, რომლებსაც ჰაერში რამდენჯერმე შეუძლია მიმართულების შეცვლა - გაიხსენეთ სწორედ 2002 წლის მუნდიალზე, ბრაზილია-ინგლისის შეხვედრაში რონალდინიოს ბრწყინვალე და ამავდროულად, კურიოზული გოლი, როდესაც დევიდ სიმენმა ვერაფრით გაიგო, თუ საით მიფრინავდა ბურთი, რომელიც ბოლოს ბადეში აღმოაჩინა...

2006 წლის მუნდიალი
ბურთი - "ადიდას თიმგეისტი"
როგორც "ადიდასის" წარმომადგენლები გვაუწყებენ, პირველად ისტორიაში, ბურთების შეკერვა თერმული წესით დაიწყეს და ეს სწორედ 2006 წლის მუნდიალისთვის მოხდა. რთულია ამ ტერმინებში გარკვევა და იმის აღქმა, თუ რა უპირატესობა აქვს თერმულად შეკერილ ბურთს, მაგრამ ამ მუნდიალის დროს ფეხბურთელები ხშირად წუწუნებდნენ, რომ ბურთი დამოურჩილებელი გახდა და არაადეკვატურად დაიწყო ფრენა - ერთი ცხადია, გერმანიაში შესანიშნავი მუნდიალი ჩატარდა და გოლებიც ბრწყინვალე გავიდა...

2010 წლის მუნდიალი
ბურთი - "ჯაბულანი"
სამხრეთაფრიკულ მუნდიალთან ორი სახელი ასოცირდება: ვუვუზელა, ანუ მუსიკალური ინსტრუმენტი და "ჯაბულანი", ბურთი, რომლითაც ამ მუნდიალზე თამაშობდნენ. როგორც "ადიდასი" და ფიფა განმარტავენ, "ჯაბულანი" კიდევ უფრო გაუმჯობესებული აეროდინამიკით გამოირჩეოდა, ვიდრე მისი წინამორბედი - ამ ბურთით მეტწილად შემტევები იყვნენ კმაყოფილნი, მცველები და მეკარეები კი პირიქით, უკმაყოფილონი დარჩნენ - "ჯაბულანი" უფრო სწრაფად და უჩვეულოდ დაფრინავდა, ვიდრე სხვა ბურთები.

2014 წლის მუნდიალი
ბურთი - "ბრაზუკა"
"ბრაზუკა", ანუ ბრაზილია და კარნავალი - ეს სახელი ბურთს სახალხო გამოკითხვის შედეგად ეწოდა - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბურთის სახელი გულშემატკივრებმა შეარჩიეს; გამოკითხვაში მილიონზე მეტმა ბრაზილიელმა მიიღო მონაწილეობა, "ბრაზუკას" კი ხმათა 77% ერგო. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე მსუბუქი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, მისი წონა 437 გრამია.

სწორედ ამ ბურთით ითამაშეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში - ნახევარფინალში ბრაზილიელებმა შვიდჯერ გამოიღეს "ბრაზუკა" საკუთარი კარიდან და, ალბათ, ყველაზე მტკივნეული მარცხი იგემეს ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში.

2018 წლის მუნდიალი
ბურთი - "ადიდას კრასავა"
ესეც ბურთი, რომლითაც მომდევნო მუნდიალზე იასპარეზებენ - სახელი რუსული ენიდან არის აღებული და ლამაზს ნიშნავს. "კრასავა" იმავე წონის იქნება, რაც ბოლო მუნდიალის ბურთი, თუმცა, თუ "ადიდასს" დავუჯერებთ, ფეხბურთელებისთვის კიდევ უფრო კომფორტული.

"კრასავა" ერთბაშად 5 მატერიისგან შეიკერება და იდეალურად იქნება მორგებული გარემო-პირობებსა და კლიმატს - ახალი ბურთი ოდნავადაც არ დამძიმდება წვიმიან ამინდში და მეტიც, მისი დამორჩილება როგორც ფეხით, ისე ხელით, ისეთივე კომფორტული იქნება წვიმაში, როგორც მზიან ამინდში. "კრასავაში" თეთრი ფერი დომინირებს, თუმცა მასზე სხვადასხვა ფერის ორნამენტები იქნება გამოსახული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული