სერია A. XXV ტური: პლუს 3 ქულა, მინუს იგუაინი [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს წინა ტურში "ინტერმა" უიღბლო სერია შეწყვიტა და ბევრი მიიჩნევდა, რომ ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილები "ჯენოას" დამარცხებასაც მოახერხებდნენ, მაგრამ მოხდა პირიქით - "ნერაძურიმ" საკუთარ კარში ორი უპასუხო ბურთი გაუშვა.

პირველი ტაიმი სრულდებოდა, როცა მილან შკრინიარი საკუთარი კარის მისადგომებთან სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, მაგრამ... მოგერიებისას ბურთი იქვე მდგომ ანდრეა რანოკიას მოარტყა და... ასე დაწინაურდა "ჯენოა" ავტოგოლით. მეორე გოლი კი გორან პანდევმა გაიტანა, ვისაც ერთ დროს "ინტერისთვის" გაჰქონდა. მოკლედ, "ნერაძური" ლამის ყველამ გაწირა. თუმცა ამ დროს აშკარა იყო ცენტრალური მცველების შეცდომა. საერთოდ, მათ
მთელი მატჩიც ძალიან დაბალ დონეზე ჩაატარეს...

ლუჩანო სპალეტი ("ინტერის" მთავარი მწვრთნელი): "პირველი ტაიმი ცუდად არ გვითამაშია, მეორე ნახევრით კი ძალიან უკმაყოფილო ვარ. ჩვენთვის ეს იყო პრინციპული შეხვედრა. უნდა ვაღიარო, რომ "ინტერი" არ არის მზად სერიოზული წარმატებების მისაღწევად და ეს ფაქტია. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ვეცადოთ, გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომელიც ჩვენს თამაშში მრავლადაა".


"ინტერმა" მესამე ადგილი დაკარგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "რომამ" მორიგი გამარჯვება იზეიმა. რომაელებმა არ დაარღვიეს ტრადიცია და წარმატებით ითამაშეს "უდინეზეს" წინააღმდეგ.

დიდებულად გაისარჯა თურქეთის ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი ჩენგიზ უნდერი. ბოლო სამ შეხვედრაში მან მე-4 გოლი მიითვალა. ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, თუმცა რომაელები უფრო ყაირათიანები იყვნენ. შეხვედრის ბოლო წუთზე დიეგო პეროტიმ იმარჯვა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ფანებიც შვებით ამოასუნთქა.

"ჩვენ ვითამაშეთ ძალიან გამართულად და გუნდურად. რა თქმა უნდა, გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილი ახლოვდება და კიდევ უფრო იმატებს ჩვენი პასუხისმგებლობა. მინდა, რომ ეს გამარჯვება შემდგომი წარმატებების წინაპირობად იქცეს", - თქვა თამაშის დასრულების შემდეგ რომაელთა დამრიგებელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ.


მივადექით ტურის ცენტრალურ შეხვედრას - ტურინულ დერბის. "იუვენტუსს" კვლავ დააკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, ეს ზრდიდა "ტორინოს" შანსებს. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.

თან, "ბებერი ქალბატონისთვის" მატჩი ძალიან უიღბლოდ დაიწყო. თამაში ხეირიანად არც იყო გახურებული, როცა მირალემ პიანიჩის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გონსალო იგუაინი მეკარე სალვატორე სირიგუსთან პირისპირ გავიდა და მასთან შეჯახებისას დაშავდა.

არგენტინელმა თამაში ვეღარ გააგრძელა. არადა, ბოლო პერიოდში მას გოლები გაჰქონდა და "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩისთვისაც ძალიან საჭირო იყო. იგუაინის ტრავმას ამ დღეებში დეტალურად გამოიკვლევენ, მანამდე კი მხოლოდ ვარაუდის დონეზე ამბობენ, რომ 7 მარტისთვის მისი გამოჯანმრთელება ფრიად სათუო საკითხია.

თავიდან "ტორინო" მრისხანე მეტოქეზე მწვავედ თამაშობდა. ასე გაგრძელდა ტაიმის შუამდე. მასპინძლებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდათ. ერთ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა "იუვეს" კარის დარაჯმა ვოიცეხ შჩესნიმაც.

კლასის ხარჯზე "ბებერმა ქალბატონმა" თანდათან მოუმატა. შეცვლაზე შესულმა ფედერიკო ბერნარდესკიმ (ესეც დაშავდა და, შესაძლოა, "ტოტენჰემისთვის" გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს) შესანიშნავი პასი უბოძა ალექს სანდროს, რომელმაც ახლო მანძილიდან დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმი "იუვენტუსის" კარნახით წარიმართა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თამაში მისთვის სასურველ რიტმში გადაიყვანა. რაც მთავარია, ტურინელები შესანიშნავად ახერხებდნენ ბურთის კონტროლს. მარტო შეცვლაზე შესულ პაოლო დიბალას ჰქონდა გოლის გატანის სამი შესანიშნავი შანსი, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოახერხა.

"იუვენტუსმა" აკადემიურ სტილში მიიყვანა თამაში გამარჯვებამდე. ჩანდა, რომ ტურინელები ძალებს ზოგავდნენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან "იუვე" საჩემპიონო ბრძოლაშია, ბევრი ტრავმირებული ჰყავს და არც "ტოტენჰემთან" საპასუხო მატჩია ცხრა მთას იქით.

"ჩვენ დიდი გუნდი ვართ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც ურთულესი შეხვედრა მოიგეს. დერბი ყოველთვის დერბია და არც ეს მატჩი ყოფილა გამონაკლისი. ჩვენ მთელი მატჩი ძალიან დიდი ყურადღებით ჩავატარეთ. მიმაჩნია, რომ გუნდმა დღეს ძალიან კარგად ითამაშა... რაც შეეხება "ტოტენჰემთან" ფრეს, არ დაგავიწყდეთ - "იუვენტუსი" ერთბაშად სამ ფრონტზე იბრძვის. ეს ჩვენგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამის გათვალისწინებით, ვერ ვიტყვი, რომ "ტოტენჰემთან" ფრე, თუნდაც საშინაო, ტრაგედიაა ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, ინგლისში ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღწევად ჩავალთ", - თქვა "იუვენტუსის" მწვრთნელმა ალეგრიმ.


მოულოდნელად გაუჭირდა ჩემპიონატის ლიდერ "ნაპოლის" - მხოლოდ მინიმალური ანგარიშით მოუგო საშინაო შეხვედრა სპალ-ს. ეს იყო თამაში ცალ კარში, მაგრამ ფავორიტმა მხოლოდ ერთი გოლი იკმარა, რომელიც მატჩის დასაწყისშივე კალიეხონის პასით ალანმა გაიტანა.
"ნაპოლიმ" ბევრი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა. არადა, ბევრს შეეძლო კარის აღება. ის კი არა, სპალ-ის კარში მეორე გოლიც გავიდა, თუმცა არბიტრმა მარეკ ჰამშიკს ზეიმის საშუალება არ მისცა.

ჰამშიკი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სლოვაკი სახიფათო გახლდათ როგორც იერიშების წამოწყებისას, ისე დამაგვირგვინებელ ფაზაში. ეგაა, ნეაპოლელებს აუცილებლად მართებთ საგოლე მომენტების უკეთესად გამოყენება, თორემ ამან შეიძლება გუნდს საქმე გაუფუჭოს სკუდეტოსათვის ბრძოლაში.

"ჩვენთვის ყველა შეხვედრა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადამწყვეტია. ვთამაშობთ იმისთვის, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. ეს გამარჯვება ჩემპიონობისთვის ბრძოლის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

მე ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო უკეთ ვითამაშოთ. ამას რომ ვამბობ, ვგულისხმობ საგოლე მომენტების გამოყენების უფრო მაღალ მაჩვენებელს. ამაზე ბევრი მუშაობა გვმართებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ წინააღმდეგ ბევრი გუნდი ირჩევს მეტისმეტად დაცვით ტაქტიკას და ეს ეხება განსაკუთრებით საშინაო შეხვედრებს. ბედნიერი ვარ დღევანდელი გამარჯვებით", - თქვა "ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ.

ამ მოგებით "ნაპოლიმ" როგორღაც დაივიწყა ევროპალიგაზე "ლაიპციგთან" საშინაო მარცხი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სამხრეთელებს, ალბათ, მაინცდამაინც არ განუცდიათ ეს ფაქტი. სარის გუნდის მთავარი მიზანი ხომ სკუდეტოა და სწორედ ამისთვის აქვს თავი გადადებული.


"მილანის" წარმატებული სერია გრძელდება. ჯენარო გატუზოს გუნდმა ასევე კარგ ფორმაში მყოფი "სამპდორია" დაამარცხა და სერია A-ს ბოლო 6 მატჩში 5 მოგება დაუგროვდა, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც ჩემპიონატის წინა 17 შეხვედრაში.


ფაქტები
  • "ატალანტამ" "ფიორენტინასთან" მიმდინარე სერია A-ს მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდული (საშუალო ასაკი 24 წელი და 227 დღე) შემადგენლობა გაიყვანა.
  • "ნაპოლიმ" საკლუბო რეკორდი დაამყარა, მოიგო რა ერთ ჩემპიონატში ზედიზედ 9 მატჩი.
  • 2016 წლის მაისის შემდეგ "იუვენტუსმა" პირველად შეძლო სერია A-ში ზედიზედ 9 მატჩის მოგება.
  • "ჯენოა"-"ინტერის" წყვილში მასპინძელმა გუნდმა მოიგო ზედიზედ მე-10 დაპირისპირება.
  • ანდრეა რანოკიამ ("ინტერი") სერია A-ში ჩატარებულ 186 მატჩში პირველი ავტოგოლი გაიტანა.
  • ლეონარდო პავოლეტიმ ("კიევო") სერია A-ს მიმდინარე კამპანიაში ყველაზე მეტი - 5 თავური გაიტანა.
  • "რომამ" "უდინეზესთან" ურთიერთდაპირისპირებებში (იგულისხმება მხოლოდ სერია A) ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო. არც ერთ სხვა მეტოქესთან რომაელებს ასეთი შედეგი არ აქვთ.
  • ჩენგიზ უნდერმა ("რომა") სერია A-ს ბოლო 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.

სერია A. XXV ტური
უდინეზე-რომა 0:2
გოლები: 0:1 უნდერი (70), 0:2 პეროტი (90)
რომა (4-2-3-1): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, ჟეზუში - დე როსი (75. სტროოტმანი), პელეგრინი - უნდერი (86. დეფრელი), ნაინგოლანი, ელ შაარავი (69. პეროტი) - ჯეკო.

კიევო-კალიარი 2:1
გოლები: 1:0 ჯაკერინი (74), 2:0 ინგლეზე (76), 2:1 პავოლეტი (82)

ჯენოა-ინტერი 2:0
გოლები: 1:0 რანოკია (45-საკ. კარში), 2:0 პანდევი (59)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კანსელო, რანოკია, შკრინიარი, დ"ამბროზიო - ვესინო (61. რაფინია), გალიარდინი - კარამო, ბორხა ვალერო (76. ბროზოვიჩი), კანდრევა (77. პინამონტი) - ედერი.

ტორინო-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 ალექს სანდრო (33)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, რუგანი, კიელინი, ასამოა - ხედირა, პიანიჩი, სტურარო - დუგლას კოშტა (66. დიბალა), ალექს სანდრო, იგუაინი (15. ბერნარდესკი/90+1. ლიხტშტაინერი).

ბენევენტო-კროტონე 3:2
გოლები: 0:1 კროჩატა (11), 1:1 სანდრო (37), 2:1 ვიოლა (65), 2:2 ბენალი (73), 3:2 დიაბატი (89)

ბოლონია-სასუოლო 2:1
გოლები: 1:0 პოლი (12), 1:1 ბაბაქარი (38), 2:1 პულგარი (88)
გაძევება: გოლდანიგა (86. სასუოლო)

ნაპოლი-სპალ 1:0
გოლი: 1:0 ალანი (6)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო (90. დიავარა), ჰამშიკი (70. ზელინსკი) - კალიეხონი (86. როგი), ინსინიე, მერტენსი.

ატალანტა-ფიორენტინა 1:1
გოლები: 0:1 ბადელი (16), 1:1 პეტანია (45+1)
გაძევება: მილენკოვიჩი (85. ფიორენტინა)

მილანი-სამპდორია 1:0
გოლი: 1:0 ბონავენტურა (13)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი - მონტოლივო (86. ლოკატელი), ბილია, ბონავენტურა - სუსო, ჩალჰანოღლუ, კუტრონე (73. ანდრე სილვა).
გამოუყენებელი პენალტი: როდრიგესი (7. მილანი)

ორშაბათი, 19 თებერვალი
ლაციო-ვერონა 23:45

ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 15 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

მომდევნო ტური
24 თებერვალი: ბოლონია-ჯენოა, ინტერი-ბენევენტო
25 თებერვალი: კროტონე-სპალ, ფიორენტინა-კიევო, სამპდორია-უდინეზე, სასუოლო-ლაციო, ვერონა-ტორინო, იუვენტუსი-ატალანტა, რომა-მილანი
26 თებერვალი: კალიარი-ნაპოლი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული