სერია A. XVII ტური: მილანელთა შავი უქმეები [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს ძველი ლიდერი უბრუნდება. "ინტერი" მოულოდნელად დამარცხდა საკუთარ ასპარეზზე "უდინეზესთან" და პირველი ადგილი დაუთმო "ნაპოლის", რომელმაც რთული გასვლითი თამაში მოუგო "ტორინოს"...

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ აქამდე დაუმარცხებელი "ნერაძურისა" და "უდინეზეს" შეხვედრა ასეთი სცენარით წარიმართებოდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი ადრე თუ გვიან რომ დამარცხდებოდა, ეს ფაქტი იყო, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, თუ ეს "უდინეზესთან" საშინაო შეხვედრაში მოხდებოდა. თანაც, თამაშის ხარისხსაც ხომ გააჩნია - მთელი შეხვედრის განმავლობაში, ყველასთვის გასაკვირად, უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ.

არადა, მას შემდეგ, რაც მაურო იკარდიმ ანტონიო კანდრევას გადაცემით ანგარიში უსწრაფესად
გაათანაბრა, ყველა იფიქრებდა, რომ ფავორიტის შეჩერება ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ... მოხდა პირიქით - ჯერ დე პაულმა გაიტანა თერთმეტი მეტრიდან, ბოლო ლურსმანი კი "ინტერს" ბარაკმა ჩააჭედა.


"ნაპოლის" ტურინში სტუმრობა რთულ თამაშს უქადდა, თუმცა მოლოდინი არც ამჯერად გამართლდა. ნეაპოლელებმა საქმე პირველივე ტაიმში მოითავეს. სამიდან ერთი გოლი გუნდის სლოვაკმა ლიდერმა მარეკ ჰამშიკმა შეაგდო. ამ დროისთვის მას "ნაპოლის" მაისურით 115 გოლი დაუგროვდა - ზუსტად იმდენი, რამდენიც იმავე "ნაპოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, დიეგო მარადონას.

"ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია. როცა ნახევარმცველს გააქვს ამდენი გოლი, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. და მაინც, მარადონა ლეგენდაა და ჩვენ მხოლოდ გოლები გვაერთიანებს. ახლა ჩემი ერთადერთი მიზანი ის არის, რომ "ნაპოლისთან" ერთად სკუდეტო მოვიგო", - თქვა სლოვაკმა.



მოიგო ჩემპიონობის კიდევ ერთმა მაძიებელმა "რომამ". რა თქმა უნდა, "ჯალოროსი" თავიდანვე დომინირებდა "კალიარისთან" საშინაო შეხვედრაში, მაგრამ გოლის გატანას ვერა და ვერ ახერხებდა. ამას დაემატა ისიც, რომ მეორე ტაიმის სტარტზე პეროტიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა (დარტყმა სარდინიელთა მეკარე ალესიო კრანიომ მოიგერია).

საბოლოოდ, რომაელებმა მაინც მოიგეს. სულ ბოლოს, შეტევაში ფედერიკო ფასიო ჩაერთო და ალექსანდრ კოლაროვის მიერ "სტანდარტულიდან" ჩაწოდებული ბურთი ახლო მანძილიდან შეაგდო. სტუმრები ამ ეპიზოდში ხელით თამაშზე აპელირებდნენ და არბიტრმა საშველად ვიდეორეფერის უხმო. ვერდიქტი "რომას" სასარგებლოდ იყო.

"ოლიმპიკოზე" ისეთი ჟრიამული ატყდა, გეგონებოდა, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი მოეგოს...


შავი კვირა გაუთენდა "მილანს", რომელმაც გასვლაზე 0:3 წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ვერონასთან". სტატისტიკას რომ გადავხედოთ, "როსონერი" დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რად გინდა - ფეხბურთში მთავარი გოლებია და ეს გოლები "ვერონამ" გაიტანა.
უკვე მერამდენე მატჩია, "მილანის" დაცვა საშინლად თამაშობს. გადამწყვეტ მომენტში კი არც შეტევაში ჩართულ მცველებსა და არც ამპლუით შემტევებს ჰყოფნიდათ იმის კლასი, რომ იერიში დაეგვირგვინებინათ.

არ შეიძლება, არ დაეთანხმო "მილანის" მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს. საკმარისია, "მილანისთვის" რაღაც ცუდი მოხდეს, რომ გუნდი, უბრალოდ, იკარგება მინდორზე.

საკვირველია, მაგრამ ფაქტია - თვით გატუზოს გუნდში მისვლამაც ვერ მოუშალა "მილანს" ეს ზნე. "რინოს" ჯერ კიდევ სჭირდება დრო იმისთვის, რომ შეგირდებს ეს ნაკლი გამოასწორებინოს. მაგრამ ეს დრო ახლა ნამდვილად არ მუშაობს "მილანის" სასარგებლოდ.


ალბათ, ყველაზე დიდი მარაგით სერია A-ში მაინც "იუვენტუსი" თამაშობს. "ბებერმა ქალბატონმა" მორიგი გასეირნება მოიწყო. ამჯერად, მასიმილიანო ალეგრის მადაზე მოსული გუნდის მსხვერპლი "ბოლონია" გახდა.

ტურინელებმა თავიდანვე მიანიშნეს მეტოქეს, რომ ისინი მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად იყვნენ მინდორზე გასულები და ერთი წამითაც კი არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ საკუთარი უპირატესობა. "იუვემ" 3 ხომ გაიტანა და შეეძლო, კიდევ მეტი შეეგდო.

კონკურენტებთან შედარებით "იუვეს" ერთი ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, რაც, შესაძლოა, გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს სკუდეტოსთვის ბრძოლაში. ვგულისხმობთ იმას, რომ "იუვეს", პრაქტიკულად, ორი თანაბარი შემადგენლობა ჰყავს. წარმოიდგინეთ, რამხელა ფუფუნებაა მწვრთნელისთვის, როცა მას შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან ჩართოს შეხვედრაში ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან დიბალა, მარკიზიო და ბერნარდესკი.


ფაქტები
  • სერჯო ფლოკარიმ (სპალ) სერია A-ში პირველი დუბლი შეასრულა 2012 წლის მარტის შემდეგ.
  • ფრანჩესკო აჩერბიმ ("სასუოლო") ზედიზედ მე-100 მატჩი ჩაატარა შეუცვლელად ყველა ტურნირში ერთად.
  • ბოლო 10 წელიწადში სერია A-ს არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია მირალემ პიანიჩზე მეტი (14) გოლი საჯარიმო დარტყმით.
  • ამ სეზონში "რომამ" მე-5 მატჩი მოიგო ანგარიშით 1:0. ეს, სულ მცირე, ორჯერ მეტია სერია A-ს სხვა გუნდების ანალოგიურ მაჩვენებლებზე.
  • ალესიო კრანიო ("კალიარი") ამ სეზონში ერთადერთი მეკარეა სერია A-ში, ვინც 2 პენალტი (4-დან) მოიგერია.
  • მარეკ ჰამშიკმა "ნაპოლის" მაისურით 115-ე გოლი (ყველა ტურნირის ჩათვლით) გაიტანა და გაუტოლდა დიეგო მარადონას, რომელიც ამ კლუბის ისტორიაში აქამდე საუკეთესო მეგოლედ ითვლებოდა.
  • ამ სეზონში კუთხურიდან ყველაზე მეტი (6) გოლი "ნაპოლიმ" გაიტანა.
  • "უდინეზესთან" საშინაო მარცხით (1:3) დასრულდა იტალიის ჩემპიონატში "ინტერის" 18-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც წინა სეზონიდან იღებდა სათავეს.
  • მხოლოდ 71 წამი იყო ინტერვალი კევინ ლასანიასა ("უდინეზე") და მაურო იკარდის ("ინტერი") გოლებს შორის. ეს იყო ამ სეზონში ყველაზე სწრაფი საპასუხო გოლი სერია A-ში.

სერია A. XVII ტური
ინტერი-უდინეზე 1:3
გოლები: 0:1 ლასანია (14), 1:1 იკარდი (15), 1:2 დე პაული (61-პენ), 1:3 ბარაკი (77)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, სანტონი (69. კარამო) - ვესინო (69. ედერი), ბორხა ვალერო - კანდრევა, ბროზოვიჩი (54. გალიარდინი), პერიშიჩი - იკარდი

ტორინო-ნაპოლი 1:3
გოლები: 0:1 კულიბალი (4), 0:2 ზელინსკი (25), 0:3 ჰამშიკი (30), 1:3 ბელოტი (63)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო (76. დიავარა), ჰამშიკი (83. როგი), კალიეხონი, მერტენსი, ზელინსკი (70. ინსინიე)

რომა-კალიარი 1:0
გოლი: 1:0 ფასიო (90+4)
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - პელეგრინი (72. ელ შაარავი), დე როსი, ნაინგოლანი (80. სტროოტმანი) - შიკი (87. უნდერი), ჯეკო, პეროტი
გამოუყენებელი პენალტი: პეროტი (53. რომა)

ვერონა-მილანი 3:0
გოლები: 1:0 კარაჩოლო (24), 2:0 კინი (55), 3:0 ბესა (77)
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი (46. კუტრონე), კესი, მონტოლივო (72. ლოკატელი), ბონავენტურა - სუსო, კალინიჩი (57. ანდრე სილვა), ბორინი
გაძევება: სუსო (90. მილანი)

ბოლონია-იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 პიანიჩი (27), 0:2 მანჯუკიჩი (36), 0:3 მატუიდი (64)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბენატია, ბარძალი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი (86. მარკიზიო), მატუიდი - დუგლას კოშტა (70. ბერნარდესკი), იგუაინი, მანჯუკიჩი (76. დიბალა)

კროტონე-კიევო 1:0
გოლი: 1:0 ბუდიმირი (33)

სამპდორია-სასუოლო 0:1
გოლი: 0:1 მატრი (90)

ბენევენტო-სპალ 1:2
გოლები: 1:0 კრემონეზი (59-საკ. კარში), 1:1 ფლოკარი (64), 1:2 ფლოკარი (73)

ატალანტა-ლაციო 3:3
გოლები: 1:0 კალდარა (19), 2:0 ილიჩიჩი (22), 2:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (27), 2:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (35), 3:2 ილიჩიჩი (50-პენ), 3:3 ლუის ალბერტო (79)
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ბასტოსი (54. უოლესი), დე ვრეი, რადუ - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა (75. ანდერსონი), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (75. ლუკაკუ) - ლუის ალბერტო - კაისედო

ფიორენტინა-ჯენოა 0:0

ბომბარდირები: 17 - მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ჩირო იმობილე (ლაციო); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

მომდევნო ტური
22 დეკემბერი: კიევო-ბოლონია, კალიარი-ფიორენტინა
23 დეკემბერი: ლაციო-კროტონე, ჯენოა-ბენევენტო, ნაპოლი-სამპდორია, სასუოლო-ინტერი, სპალ-ტორინო, უდინეზე-ვერონა, მილანი-ატალანტა, იუვენტუსი-რომა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული