სერია A. XII ტურის წინ: რომელი გაფრინდება "ნაპოლი" თუ ვირი?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებელი თამაშის შემდეგ "ნაპოლის" ისღა დარჩენია, "სკუდეტოსთვის" ბოლომდე იბრძოლოს.

ლიდერი თითქმის სრული შემადგენლობით ჩადის ვერონაში, სადაც "კიევოსთან" მატჩში ფავორიტად ითვლება, მაგრამ "მფრინავ ვირებთან" თამაში იოლი არ უნდა იყოს. ჯერ ერთი, ეს გუნდი კარგად უტევს, და მეორეც - ნეაპოლელები გადაღლილები არიან ჩემპიონთა ლიგაში "მანჩესტერ სიტისთან" საშინაო რკენის მერე.

"რომა" კარსდორფის, ემერსონისა და შიკის გარეშე უნდა ეთამაშოს "ფიორენტინას". ზოგადად, კარგი თამაში უნდა გამოვიდეს, რადგან ორივე გუნდი შემტევი ფეხბურთის მოყვარულია. რომაელები შესანიშნავ ფორმაში არიან. თავის მხრივ, შინ კარგად თ
ამაშობს "ფიორენტინა". მოკლედ, ამ თამაშის ყურება ღირს.

"იუვენტუსი" ბოლოდროინდელი რთული მატჩების შემდეგ განიტვირთება. თავად განსაჯეთ, რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს იტალიის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტს აუტსაიდერმა, რომელსაც ჯერჯერობით აქტივში კინკილა ქულაც არ აქვს. ელიან, რომ "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ამ შეხვედრაში როტაციის პრინციპს მიმართავს და რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დაასვენებს "მილანსა" და "სპორტინგთან" რთული დაპირისპირებების შემდეგ.

"ლაციო" დიდებულ ფორმაშია. ამჯერად რომაელები "უდინეზეს" მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ უდინელები მათთვის უჩვეულოდ თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობენ, ფავორიტი მაინც "ლაციოა". სტუმართა არცთუ მწყობრ დაცვას უნდა გაუჭირდეს ჩირო იმობილესა და კომპანიის შეჩერება.

"მილანი" ეცდება, ხასიათი ოდნავ მაინც გამოიკეთოს და გასვლაზე დაამარცხოს "სასუოლო". ამის გაკეთება ვინჩენცო მონტელას გუნდს კონტის, კალაბრიასა და ბონავენტურას გარეშე მოუწევს. რაც მთავარია, კითხვის ნიშნის ქვეშაა ამ დროისთვის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის, სუსოს თამაში. თუ ესპანელმა ტრავმა არ მოიშუშა, "როსონერის" მართლა ძალიან გაუჭირდება.

"მილანში" არსებულ კრიზისზე უკვე დიდი ხანია იწერება და ამას გუნდის სავალალო სატურნირო მდგომარეობაც მოწმობს. ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობამ ნდობა კი გამოუცხადა მონტელას, მაგრამ თუ აუტსაიდერთანაც წაიფორხილა, არ არის გამორიცხული, ახლო წარსულში შესანიშნავ თავდამსხმელს კლუბის ხელმძღვანელობამ კარისკენ მიუთითოს. ყოველ შემთხვევაში, თუ "მილანს" მოჩვენებით მაინც უნდა ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, უთუოდ უნდა მოიგოს.

ფაქტები
  • "ბოლონია" ბოლო სამი მატჩია ამარცხებს "კროტონეს".
  • სამი თამაშია, "ჯენოამ" გამარჯვების გემო არ იცის.
  • "ინტერი" "ნაპოლისთან" ერთად დაუმარცხებელია იტალიის ჩემპიონატში.
  • "კიევომ" ბოლოს 2014 წელს მოუგო "ნაპოლის".
  • "ლაციოს" ყველა ტურნირზე ზედიზედ 6 მოგება დაუგროვდა.
სერია A. XII ტური
შაბათი, 4 ნოემბერი
ბოლონია-კროტონე 21:00
ჯენოა-სამპდორია 23:45

კვირა, 5 ნოემბერი
ინტერი-ტორინო 15:30
კალიარი-ვერონა 18:00
კიევო-ნაპოლი 18:00
ფიორენტინა-რომა 18:00
იუვენტუსი-ბენევენტო 18:00
ლაციო-უდინეზე 18:00
ატალანტა-სპალ 21:00
სასუოლო-მილანი 23:45

ბომბარდირები: 14 - ჩირო იმობილე (ლაციო); 12 - მაურო იკარდი (ინტერი); 11 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე გიწერიათ და ინტერი არსად არის ნახსენები ეს რაწესია ? სხვათაშორის ხშირად მოგდით ესე და ჩემგან დიდი საყვედური ამ საიტს არაპროფესიონალიზმია რასაცც აკეთებთ
Irakli
18:02 04-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული