სერია A. XI ტური: პიპიტას შოუ [VIDEO]

AutoSharing Option
გონსალო იგუაინმა დუბლი მიითვალა "მილანთან" საგარეო მატჩში და ჩააჩუმა კრიტიკოსები, რომლებიც ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ არგენტინელი მეგოლის არცთუ კარგ ფორმაზე. ეს იყო შეხვედრა, რომელმაც გადაფარა ტურის ყველა დანარჩენი მოვლენა; შეხვედრა, რომელშიც ახალ "მილანს" ისევ არაფერი გამოუვიდა.

"იუვენტუსი", რამდენიმეწუთიან მონაკვეთებს თუ არ ჩავთვლით, მთელი შეხვედრის განმავლობაში უკეთესი იყო მეტოქეზე და სრულიად დამსახურებულად მოიგო. იგუაინმა კი მართლაც რომ სათავდამსხმელო შედევრები შემოგვთავაზა - ორივე შემთხვევაში წამის მეასედში გაერკვა სიტუაციაში და გასატანი გაიტანა.

მატჩის
დასაწყისში "როსონერიმ" პრესინგს მიმართა, მაგრამ თამაშის ბოლომდე ამისთვის ღონე და კლასი არ ეყო. ვინჩენცო მონტელას კლუბის ხელმძღვანელობამ ერთხელაც გამოუცხადა ნდობა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ნდობის ვოტუმი, ყველა შემთხვევაში, ოდესღაც იწურება და არც მონტელა იქნება გამონაკლისი.

რაც მთავარია, "მილანის" თამაში ძალიან ერთფეროვანია. კი, იყო ნიკოლა კალინიჩის ძალიან რეალური, ლამის ასპროცენტიანი მომენტი, მაგრამ მთელი შეხვედრის განმავლობაში შექმნილი ერთადერთი რეალური შანსი, თუნდაც "იუვენტუსთან", დიდი ვერაფერი ბედენაა.

თუ სასწაული არ მოხდა, "მილანი" მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს. მონტელას კი უკვე გვარიანად აკრიტიკებენ. არ მოსწონთ არაფერი - ტაქტიკური სქემით დაწყებული, გუნდის დაკომპლექტებით დამთავრებული...

ბოლო ოც წელიწადში გონსალო იგუაინი გახდა მეორე ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ, ვინც ორ ტოპ-ჩემპიონატში მოახერხა 100 და მეტი გოლის გატანა. ამ მაჩვენებლით "პიპიტა" სამუდამოდ შევა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

"მილანი" კი მართლაც ძალიან უმწეოდ გამოიყურება. ბევრი ხაზს უსვამს თავდამსხმელის პრობლემას, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ უნდა იყოს. ფაქტი კი ისაა, რომ იტალიურ გრანდს საკუთარ მოედანზე უკვე მეოთხე საშინაო შეხვედრაა (ევროპალიგის ჩათვლით), გოლი არ გაუტანია, რაც მართლაც რომ კოშმარული შედეგია.

კომენტარები
ვინჩენცო მონტელა (მილანი): "ჩვენ ვეცადეთ, სასურველი შედეგით დაგვესრულებინა მატჩი, მაგრამ არ გამოვიდა. თქვენ კარგად იცით, რამდენი ხნის განმავლობაში შენდებოდა ეს "იუვენტუსი". ეს მშენებლობის პროცესი სამაგალითო უნდა იყოს ჩვენთვის. ტოპ-თავდამსხმელი? ფორვარდი, რომელიც 100 მილიონი ევრო ღირს, არ მივა გუნდში, რომელიც არ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში. რა თქმა უნდა, მეც გეთანხმებით, რომ ზამთარში ასეთი თავდამსხმელის დამატება კარგი იქნებოდა, მაგრამ... ბილიას ცუდი თამაში? დღეს მე ვსაუბრობ მთელ გუნდზე და არა ცალკეულ ინდივიდუალისტებზე".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ჩვენ მოვიგეთ მატჩი, რომელიც ისტორიულად ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. გონსალო იგუაინი დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია და მას კიდევ შეუძლია, მოუმატოს. არგენტინელმა დღეს დაამტკიცა თავისი უმაღლესი კლასი. ერთადერთი, რაშიც მე იგუაინს ბოლომდე ვერ ვამართლებ, ისაა, რომ ხანდახან წარმატება მასზე მაინცდამაინც კარგად არ მოქმედებს - ზედმეტ ეიფორიაში ვარდება და ეს უნდა დამთავრდეს... ჩვენმა გეგმამ ბოლომდე იმუშავა. გადავუკეტეთ სივრცეები სუსოს, რომელიც ამჟამად "მილანის" ყველაზე სახიფათო ფეხბურთელად მიმაჩნია. დღეს ჩვენი გამარჯვება დამსახურებული იყო".

ტურის დანარჩენი მატჩები ("ინტერი" დღეს თამაშობს) მოულოდნელობების გარეშე დასრულდა. ერთხელაც "იფრინა" "ლაციომ", მართალია, აუტსაიდერ "ბენევენტოსთან", მაგრამ მაინც. ბოლოდროინდელ ტრადიციას არ უღალატა "რომამ" და მინიმალური ანგარიშით მოიგო, "ნაპოლიმ" კი საშინაო ასპარეზზე თითქმის არ დაუტოვა შანსი "სასუოლოს".

დღეს ითამაშებს კიდევ ერთი ფავორიტი - მილანის "ინტერი". ლუჩანო სპალეტის გუნდი ყველანაირად უნდა ეცადოს "ვერონას" დამარცხებას, რათა არ ჩამორჩეს ლიდერებს და, შესაბამისად, საჩემპიონო პერსპექტივა არ შეიმციროს.

ფაქტები
  • 1991 წლის შემდეგ "სამპდორიამ" პირველად მოახერხა სერია A-ს ზედიზედ 5 საშინაო მატჩის მოგება.
  • "რომამ" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ, მეოთხედ მოიგო 1:0.
  • "მილანმა" სერია A-ს ზედიზედ მესამე საშინაო მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა. ეს არის "როსონერის" ყველაზე გრძელი უგოლო სერია 2007 წლის დეკემბრის შემდეგ.
  • ბოლო 20 წელიწადში გონსალო იგუაინი გახდა მეორე ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ, ვინც ორ ტოპ-ჩემპიონატში მოახერხა 100 და მეტი გოლის გატანა.
  • გონსალო იგუაინმა სერია A-ში მე-100 გოლი თავის 153-ე მატჩში გაიტანა.
  • სერია A-ს მიმდინარე სეზონში საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი პაულო დიბალამ (4, "იუვენტუსი") და სუსომ (3, "მილანი") გაიტანეს.

სერია A. X ტური
მილანი-იუვენტუსი 0:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 იგუაინი (23), 0:2 იგუაინი (63)
მილანი (3-2-3-2): დონარუმა - საპატა, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბილია (61. ანტონელი) - აბატე (61. ლოკატელი), ჩალჰანოღლუ (77. ანდრე სილვა), ბორინი - სუსო, კალინიჩი.
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი (65. ბარძალი), რუგანი, კიელინი, ასამოა (70. ალექს სანდრო) - ხედირა (81. მატუიდი), პიანიჩი - კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი.

რომა-ბოლონია 1:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 1:0 ელ შაარავი (33)
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, ფასიო, ჟეზუში, პერესი (70. მორენო) - პელეგრინი, დე როსი, სტროოტმანი - დეფრელი (59. პეროტი), ელ შაარავი (83. ჟერსონი), ჯეკო.

ბენევენტო-ლაციო 1:5
გოლები: 0:1 ბასტოსი(4), 0:2 იმობილე (13), 0:3 მარუშიჩი (24), 1:3 ლაზაარი (55), 1:4 პაროლო (75), 1:5 ნანი (85)
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ბასტოსი, დე ვრეი, რადუ - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა (81. კაისედო), მილინკოვიჩი - სავიჩი (58. ლუკაკუ), ლულიჩი (71. ნანი) - ლუის ალბერტო - იმობილე.

კროტონე-ფიორენტინა 2:1
გოლები: 1:0 ბუდიმირი (17), 2:0 ტროტა (18), 2:1 ბენასი (44)

ნაპოლი-სასუოლო 3:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ალანი (22), 1:1 ფალჩიანელი (41), 2:1 კალეხონი (44), 3:1 მერტენსი (54)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - მაჯო, ალბიოლი, კირიკეში, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (68. ზელინსკი) - კალეხონი (75. როგი), მერტენსი, ინსინიე (80 ჯაკერინი).

სამპდორია-კიევო 4:1
გოლები: 1:0 ლინეტი (20), 1:1 კაჩიატორე (24), 2:1 ტორეირა (26), 3:1 ზაპატა (44), 4:1 ტორერა (84)

სპალ-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 ანტენუჩი (56)

უდინეზე-ატალანტა 2:1
გოლები: 0:1 კურტიჩი (29), 1:1 დე პაული (45, პენ), 2:1 ბარაკი (68)

ტორინო-კალიარი 2:1
გოლები: 0:1 ბარელა (32), 1:1 ფალკე (40), 2:1 ობი (66)

ორშაბათი, 30 ოქტომბერი
ვერონა-ინტერი 23:45

ბომბარდირები: 14 - ჩირო იმობილე (ლაციო); 11 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

მომდევნო ტური
4 ნოემბერი: ბოლონია-კროტონე, ჯენოა-სამპდორია
5 ნოემბერი: ინტერი-ტორინო, კალიარი-ვერონა, კიევო-ნაპოლი, ფიორენტინა-რომა, იუვენტუსი-ბენევენტო, ლაციო-უდინეზე, ატალანტა-სპალ, სასუოლო-მილანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული