"მომეჩვენა, რომ ანჩელოტი ჩაძირეს" - ანდრეა პირლოს ინტერვიუ

AutoSharing Option
ანდრეა პირლომ ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა "გაძეტა დელო სპორტს".

იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ განაცხადა, რომ მალე კარიერის დასრულებას აპირებს...

საჭიროა შინაგანი ნაპერწკალი
- რატომ გადაწყვიტეთ კარიერის დასრულება?
- უკვე 38 წლის ვარ და დროა, გზა ახალგაზრდებს დავუთმო. ყველაფერ ამას ვიღებ ძალიან მშვიდად. ყოველდღე პრობლემები მაქვს ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებით. აღარ გამოდის ისე ვარჯიში, როგორც მე მინდა. ხშირად ვგრძნობ ტკივილს. ჩემს ასაკში საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ საკმარისია. 50 წლამდე ვერ ითამაშებ.

- ამბობენ, რომ თქვენ ანტონიო კონტეს თანაშემწე გახდებით "ჩელსიში"...
-
რაღას არ ამბობენ?!. უკვე მაქვს იდეები. უბრალოდ, უკეთესად უნდა ჩამოვყალიბდე.

- ბევრმა თქვენმა მეგობარმა აირჩია სამწვრთნელო საქმე - ნესტამ, გატუზომ, ინძაგიმ, შევჩენკომ...
- კიდევ შეიძლება დავასახელოთ გროსო, კანავარო, ძამბროტა... თითქმის ყველამ ეს გზა აირჩია.

მეორე მხრივ, ფაქტია ისიც, რომ იყო კარგი ფეხბურთელი, არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც კარგი მწვრთნელი დადგები. ეს გზა რომ აირჩიო, შენში რაღაც შინაგანი ნაპერწკალი უნდა აინთოს. მე ჯერ ამას ვერ ვგრძნობ.

გამარჯვებებიც მოვა...
- იქნება თუ არა კატასტროფის ტოლფასი იტალიის ნაკრების ვერგასვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე?
- რა თქმა უნდა, ეს ცუდი იქნება ფეხბურთელებისთვის, ვისი მიზანიც მუნდიალზე თამაშია, ასევე, ზოგადად - ფეხბურთის განვითარებისთვის. წინაა პლეი ოფი და იმედი მაქვს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

კი, ჩვენ ორჯერ გამოვეთიშეთ მსოფლიოს ჩემპიონატს ჯგუფური ეტაპიდან, მაგრამ მთლიანობაში იტალიური ფეხბურთი ჯანმრთელია. უნდა გავიხსენოთ ევროპის ორი კარგი ჩემპიონატი, რომელთაგან ერთში ჩვენ ფინალამდე მივედით. მიდის თაობათა ცვლა. ასე იყო გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში... დადგება უფრო იღბლიანი პერიოდი და გამარჯვებებიც მოვა...

- ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მცირე სათამაშო დროს აძლევენ...
- არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. თუ ფეხბურთელი კარგია, ის ნებისმიერ ასაკში გავა მინდორზე და ითამაშებს.

- ახალგაზრდა მოთამაშეებისგან ვინ იმსახურებს თქვენს სიმპათიას?
- ბელოტი, ბერნარდესკი, რუგანი, კალდარა, კონტი და გალიარდინი. ახალი ტოტისა და დელ პიეროს პოვნა რთული იქნება. იმედი მაქვს, ეს ბიჭები ნაბიჯ-ნაბიჯ მივლენ ჩემპიონობამდე. ეს, იმის მიუხედავად, რომ 18 წლის ასაკში მათ უკვე ვარსკვლავებს უწოდებენ.

მომეჩვენა, რომ ანჩელოტი ჩაძირეს
- ყოველთვის ამბობდით, რომ კონტე ფენომენია...
- შთამბეჭდავია მისი ყურადღება დეტალებისადმი. ის მუდამ ყურადღებით ხსნის უმცირეს ნიუანსსაც კი. მისი ოცწუთიანი გარჩევა სამი დღის ვარჯიშს უდრის. შენ ნახევარი სიტყვითაც კი გესმის, რაც უნდა გააკეთო. კონტე, როგორც მწვრთნელი, წლიდან წლამდე იზრდება. მას სულ შია გამარჯვება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. კონტე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

- გიკვირთ "ბაიერნიდან" ანჩელოტის გაშვება?
- მომეჩვენა, რომ ის ფეხბურთელებმა ჩაძირეს. არადა, ანჩელოტი სულ ძლიერი იყო, ფეხბურთელებთან გასახდელში ყველაფერს მშვენივრად ალაგებდა. უცნაურია, თუ მისი ეს თვისება სადღაც გაქრა. ჩემი აზრით, აქ საქმე სხვა რამეშია.

- თუ ვინჩენცო მონტელას გააგდებენ "მილანიდან"...
- ეს ძალიან არ მინდა. არის პროექტი და ის თავისი გზით უნდა წავიდეს. საჭიროა დრო და ნდობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შედეგი სასურველი არ არის. ჩემი აზრით, სწორედ მწვრთნელთა ხშირი ცვლის გამოც არ იყო შედეგი კარგი.

- მოგწონთ მაურიციო სარი?
- ძალიან. მისი "ნაპოლი" იტალიაში ყველაზე კარგად თამაშობს, ევროპაშიც ერთ-ერთი უძლიერესია.

- რას იტყვით "ინტერზე"?
- მის თამაშს თვალს ყურადღებით ვადევნებ. მომწონს სპალეტი. მან იცის, როგორ გამოიყენოს თავისი ფეხბურთელები მინდორზე და ეს მნიშვნელოვანია. ისინი ახლა ვერ აჩვენებენ შთამბეჭდავ თამაშს, მაგრამ ფაქტია - შედეგი არის.

- ბონუჩის სამართლიანად აკრიტიკებენ?
- არა. ნორმალურია, რომ ის არ არის ისეთივე, როგორიც იყო "იუვენტუსში". "მილანმა" ნულიდან დაიწყო. იქ არის ახალი სათამაშო მოდელი და ყველაფერი უცბად არ ხდება. ლეო საუკეთესო იტალიელი მცველი და ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში. მასაც კი სჭირდება დრო ადაპტაციისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული