სერია A. IX ტური: რას ველოდით, რა მივიღეთ... [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგი ტურის მთავარი მატჩი შედგა ნეაპოლში, სადაც აქამდე უდანაკარგო "ნაპოლიმ" ასევე ერთ-ერთი ლიდერი "ინტერი" ისტუმრა. ზოგჯერ კონკრეტული შეხვედრა მოლოდინს არ ამართლებს. გულშემატკივარი ბევრ გოლს ელოდა, საბოლოოდ კი მივიღეთ ნულოვანი ფრე...

ზოგადად, თამაში არ იყო უინტერესო. მოლოდინისამებრ, უპირატესობას "ნაპოლი" ფლობდა, მაგრამ რამდენჯერმე დიდებულად ითამაშა "ინტერის" მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა. თავის მხრივ, შანსები ჰქონდა "ინტერსაც". მაგალითად, მატიას ვესინოს დარტყმის შემდეგ ნეაპოლელებმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანეს...

"ინტერი" შედეგზე ვერ დაიწუწუნებს, "ნაპოლის" მწვრთნელ-ფეხბურთელები კი უკმაყოფილონი დარჩნენ. "ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ", - განაცხადა მატჩის
დასრულების შემდეგ მასპინძელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ. მან "ინტერის" დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი თავდაცვის მინისტრსაც კი შეადარა...

თუ "მილანის" ბოსების ულტიმატუმებს რამე დაეჯერება, ვინჩენცო მონტელამ მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს. მას შემდეგ, რაც ევროპალიგაზე "როსონერიმ" ბერძნული აეკ-ი ვერ დაამარცხა, მონტელამ ახალი ულტიმატუმი მიიღო, რომლის თანახმადაც ის თანამდებობას დატოვებდა, თუ ორ უახლოეს შეხვედრას ვერ მოიგებდა. ორიდან ერთი მატჩი "მილანმა" უკვე ვერ მოიგო - "ჯენოას" უგოლოდ დაუზავდა.

"როსონერი", ალბათ, შეძლებდა 3 ქულის მოპოვებას, ლეონარდო ბონუჩის ადრეული წითელი ბარათი რომ არ მიეღო. რა თქმა უნდა, ამან მასპინძელთა გეგმები არია. საერთოდ, მას შემდეგ, რაც ბონუჩი "მილანში" გადავიდა, მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მან იდაყვი უთავაზა სტუმარ როზის და ვიდეოგამეორების შემდეგ გააძევეს.

"გასაგებია, რომ ფეხბურთში გვაქვს წინსვლა, თუნდაც, ვიდეორეფერის თვალსაზრისით, მაგრამ მსაჯმა თუ წითელი ბარათი უჩვენა ბონუჩის, მაშინ აშკარა 11-მეტრიანები იყო, როცა წესები დაირღვა ბონავენტურასა და კალინიჩის წინააღმდეგ. მე ვარ "მილანის" მწვრთნელი, მე აქ ბედნიერი ვარ და ვამაყობ ჩემი გუნდით. კი, შედეგი არ არის ისეთი, როგორიც ყველას გვინდა, მაგრამ არ მტოვებს შეგრძნება, რომ რაღაც დიდი იბადება", - თქვა მონტელამ.

იტალიური მედია კვლავ ბევრს წერს "მილანის" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებზე. კარლო ანჩელოტი უკვე ძველი თემაა. ახლა ჯენარო გატუზოზეც დაიწერა. მოკლედ, ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

ბოლო დროს აშკარად მოუმატა "რომამ". ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა ამჯერად ძალიან რთული საგარეო მატჩი მოიგო "ტორინოსთან". ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი სერბმა ალექსანდრ კოლაროვმა გაიტანა, ვინც ბოლო დროს მართლაც შესანიშნავ ფორმაშია.

"ჯერ სკუდეტოზე ლაპარაკი ადრეა. ეს კითხვა ცოტა მოგვიანებით დამისვით", - ხუმრობანარევი სერიოზულობით თქვა ნამატჩევს დი ფრანჩესკომ.

ლიდერების ფრე კარგად შეირგო "იუვენტუსმა", რომელმაც გასვლაზე "უდინეზე" გაანადგურა. ამ შეხვედრასაც არ ჩაუვლია სამსაჯო სკანდალის გარეშე. ტურინელთა დიდი უკმაყოფილება მოჰყვა მარიო მანჯუკიჩის გაძევებას. არადა, ამ უკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად იყო, რადგან სანამ ხორვატს მსაჯის შეურაცხყოფისთვის გააძევებდნენ, "უდინეზეს" საჯარიმოში მის წინააღმდეგ თამაშის წესი აშკარად დაირღვა.

"უდინეზემ" თავიდან მაგრად იბრძოლა და კაცნაკლულ გრანდს ანგარიშიც გაუთანაბრა, მაგრამ "ბებერმა ქალბატონმა" მაინც იძალა და მთლიანობაში 6 გოლი შეაგდო. მოულოდნელად, ჰეთ-თრიკი მიითვალა სამი ხედირამ.

დღის ბოლო მატჩში "ლაციომ" უპრობლემოდ მოუგო "კალიარის". დუბლი გაიფორმა ჩირო იმობილემ და ბომბარდირთა დავაში სოლიდური ჰანდიკაპით დაწინაურდა.

სერია A. IX ტური
სამპდორია-კროტონე 5:0
გოლები: 1:0 ფერარი (3), 2:0 კვალიარელა (11-პენ), 3:0 კაპრარი (31), 4:0 ლინეტი (71), 5:0 კოვნაცკი (76)

ნაპოლი-ინტერი 0:0 (იხილეთ ვიდეო)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი (76. როგი), ჟორჟინიო, ჰამშიკი (72. ზელინსკი) - კალიეხონი, მერტენსი, ინსინიე (80. უნასი)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, ნაგატომო - გალიარდინი, ვესინო - კანდრევა (82. კანსელო), ბორხა ვალერო (71. ჟოაო მარიო), პერიშიჩი - იკარდი (87. ედერი)

კიევო-ვერონა 3:2
გოლები: 0:1 ვერდე (6), 1:1 ინგლეზე (23), 2:1 ინგლეზე (30-პენ), 2:2 პაცინი (55-პენ), 3:2 პელესიერი (73)
გაძევება: ძუკულინი (40. ვერონა)

მილანი-ჯენოა 0:0
მილანი (3-4-2-1): დონარუმა - საპატა, ბონუჩი, როდრიგესი - ბორინი, კესი, ბილია, ბონავენტურა (67. კალაბრია) - სუსო, ჩალჰანოღლუ (26. რომანიოლი) - კალინიჩი (84. კუტრონე)
გაძევება: ბონუჩი (25. მილანი)

ატალანტა-ბოლონია 1:0
გოლი: 1:0 კორნელიუსი (71)
გაძევება: გონსალესი (80. ბოლონია)

ბენევენტო-ფიორენტინა 0:3
გოლები: 0:1 ბენასი (18), 0:2 ბაბაქარი (47), 3:0 ტერო (66-პენ)

სპალ-სასუოლო 0:1
გოლი: 0:1 პოლიტანო (1)
გაძევება: კასატა (89. სასუოლო)

ტორინო-რომა 0:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 0:1 კოლაროვი (69)
რომა (4-2-3-1): ალისონი - ფლორენცი (86. ბრუნო პერესი), ჟეზუში, მორენო, კოლაროვი - პელეგრინი (63. უნდერი), დე როსი, სტროოტმანი - ნაინგოლანი, ჯეკო, ელ შაარავი (80. პეროტი)

უდინეზე-იუვენტუსი 2:6 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 პერიცა (8), 1:1 სამირი (14-საკ. კარში), 1:2 ხედირა (20), 2:2 დანილო (47), 2:3 რუგანი (52), 2:4 ხედირა (59), 2:5 ხედირა (87), 2:6 პიანიჩი (90)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, ხედირა - კუადრადო (79. ბარძალი), დიბალა (68. დუგლას კოშტა), მანჯუკიჩი - იგუაინი
გაძევება: მანჯუკიჩი (26. იუვენტუსი)

ლაციო-კალიარი 3:0
გოლები: 1:0 იმობილე (7-პენ), 2:0 იმობილე (41), 3:0 ბასტოსი (49)
ლაციო (3-5-1-2): სტრაკოშა - ბასტოსი, დე ვრეი, რადუ (70. რამოს მარკი) - მარუშიჩი (79. კაისედო), პაროლო, ლუკას ლეივა (57. მურჯა), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი - ლუის ალბერტო - იმობილე.

ბომბარდირები: 13 - ჩილო იმობილე (ლაციო); 10 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 9 - მაურო იკარდი (ინტერი); 7 - დრის მერტენსი (ნაპოლი), ედინ ჯეკო (რომა).

მომდევნო ტური
24 ოქტომბერი: ინტერი-სამპდორია
25 ოქტომბერი: ატალანტა-ვერონა, რომა-კროტონე, ბოლონია-ლაციო, კალიარი-ბენევენტო, კიევო-მილანი, ფიორენტინა-ტორინო, ჯენოა-ნაპოლი, იუვენტუსი-სპალ, სასუოლო-უდინეზე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული