სერია A. VI ტური: "ინტერი" ლიდერებს კვალდაკვალ მიზდევს

AutoSharing Option
ისე მოხდა, რომ უქმეებზე არამარტო იტალიაში, არამედ ევროპის წამყვან ჩემპიონატებზე ლიდერებმა შაბათს ითამაშეს, თუმცა კვირას სერია A-ში რამოდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

მილანის "ინტერმა" 87-ე წუთზე დანილო დ'ამბროზიოს თავურით მოახერხა "ჯენოას" წინააღმდეგობის გატეხვა, 1:0 მოიგო, 16 ქულა დააგროვა და ლიდერებს "ნაპოლისა" და ტურინის "იუვენტუსს" კვლავ 2 ქულით ჩამორჩება. შეხვედრის დასრულების შემდეგ გენუელთა მწვრთნელმა ივან იურიჩმა დაიჩივლა, რომ მსაჯი მეტოქეს მიუდგა, გოლის გატანის მომენტში მათ ფეხბურთელ კოფიეზე მასპინძელთა მიერ წესების დარღვევა არ დააფიქსირა და გამარჯვება აჩუქა.

რომის "ლაციომ" სტუმრად ადვილად სძლია "ვერონას"
3:0. დუბლი მიითვალა შესანიშნავად ათამაშებულმა ფორვარდმა ჩირო იმობილემ, რომელმაც ერთი გოლი პენალტით გაიტანა. მის ანგარიშზე ახლა პირველობაზე გატანილი 8 გოლია და მხოლოდ "იუვენტუსის" თავდამსხმელს პაულო დიბალას ჩამორჩება (10 გოლი).

"მილანი" სტუმრად 0:2-ზე დამარცხდა "სამპდორიასთან". აღსანიშნავია, რომ როსონერიმ ბოლოს მოედანი უგოლოდ თებერვალში დატოვა, როდესაც იმავე "სამპასთან" დამარცხდა (0:1). კი ამბობენ "მილანელები" წაგების ღირსები არ ვიყავითო, მაგრამ ტიფოზები ერთობ განრისხებულნი არიან და ზოგიერთები მწვრთნელის ვინჩენცო მონტელას გადაყენებასაც კი ითხოვენ. თავად მონტელამ თავი იმართლა, ერთ კვირაში სამი მატჩი ჩავატარეთ, ფეხბურთელები გამოფიტულები იყვნენ, მაგრამ საინტერესო პროექტი გვაქვს და საქმეს გამოვასწორებთო.

სხვა მატჩები ასე დასრულდა

"კალიარი" - "კიევო"                0:2
"კროტონე" - "ბენევენტო"      2:0
"სასუოლო" - "ბოლონია"       0:1
"ფიორენტინა" - "ატალანტა"  1:1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული