მინო რაიოლა: იტალიას ესპანეთის შეეშინდა

AutoSharing Option
მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ რამდენიმე საინტერესო საკითხზე ილაპარაკა. ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ ფიგურასთან კიდევ ერთხელ შეხვედრა...

"მილანის" ფანებისგან ბოდიშის მოხდას ველოდი
- სიმართლე გითხრათ, "მილანის" გულშემატკივრებისგან ბოდიშის მოხდას ველოდი და კიდევ ველოდები. ყველას კარგად ახსოვს, რაც ხდებოდა ჯიჯი დონარუმასთან დაკავშირებით. ისინი სწორად არ მოიქცნენ. ჩემი აზრით, ყველაზე იოლი ისაა ცხოვრებაში, რომ სხვებს მორალი უკითხო.

ეს არ არის სწორი პოზიცია
და არჩევანი. მე უკვე ვთქვი, რომ "მილანი" კაპიტნობას დაჰპირდა ჩემს კლიენტს და ეს ყველაზე სამართლიანი არჩევანი იქნებოდა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ დღეს დონარუმა არ არის "მილანის" კაპიტანი...

შეცდომა ტაქტიკაშია
- რაც შეეხება ესპანეთისა და იტალიის ნაკრებთა მატჩის შედეგს, ჩემი აზრით, საქმე ის არ არის, რომ ჩვენებს დიდი ჩემპიონების შეეშინდათ. რა თქმა უნდა, დიდებული ფეხბურთელები არიან, ვთქვათ, ისკო და ასენსიო, მაგრამ ნაკლებნი არც ვერატი და ინსინიე არიან. ამ შემთხვეაში, ჩემი აზრით, მთავარი იყო ის, რომ დაშვებულ იქნა ტაქტიკური ხასიათის შეცდომები.

ალბათ, პრობლემა ცალკეულ მოთამაშეებშიცაა. ჩვენ თუ გვინდა, რომ სერიოზულ წარმატებას მივაღწიოთ, უნდა ვითამაშოთ ისეთი დომინანტური ფეხბურთი, როგორსაც თამაშობენ გერმანია და ესპანეთი. ეს მოითხოვს ძალიან დიდ თავდადებას როგორც ფეხბურთელების, ისე მწვრთნელების მხრიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთ დიდ საფეხბურთო ქვეყანას წარმოვადგენთ, როგორიც იტალიაა. ჩვენი ფეხბურთელები უნდა ამაყობდნენ იმ მაისურით, რომელიც აცვიათ...

დე ლაურენტისი ჩემი მტერი არ არის
- რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან. მე მგონია, დროა, ინსინიე მივიდეს ისეთ გუნდში, რომელიც რეალურად მოიგებს ტიტულებს. ღმერთმა ქნას, ეს "ნაპოლიმ" გააკეთოს. როცა მე მინდოდა მარეკ ჰამშიკის წაყვანა, ფეხბურთელს წამსვე შესთავაზეს ახალი კონტრაქტი.

დე ლაურენტისს თავისი აზრები და იდეები აქვს. მას პატივს ვცემ. ის ყველანაირად ცდილობს გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას. ორი აზრი არ არის, ის დიდი პრეზიდენტია და ჩვენ მტრები არ ვართ... რაც შეეხება ჰამშიკს, მან გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება "ნაპოლიში" გაატაროს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილებას.

ის დიდებული მოთამაშეა და ადგილობრივი გულშემატკივრები მას აღმერთებენ... ჩვენ უნდა შევცვალოთ იტალიელი მწვრთნელების აზროვნების სტილი და ეს იქნება სწორედ საშველი. ამ მხრივ, გამონაკლისია "ნაპოლი". ამ გუნდს მთელი საფეხბურთო მსოფლიო ტაშს უკრავს და ეს შემთხვევით არ ხდება. ნეაპოლელები ძალიან თანამედროვე, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ.

ბალოტელი საუკეთესოა
- ჩემი აზრით, დღესდღეობით იტალიაში საუკეთესო ფორვარდი მარიო ბალოტელია. კი, მან "ნიცას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ როცა ფეხბურთელი ჯანმრთელად არ არის, ის მინდორზე საკუთარი შესაძლებლობების 100 პროცენტს ვერაფრით გამოავლენს. ჩემი აზრით, დიდი უსამართლობაა ის, რომ ბალოტელი დღეს იტალიის ნაკრებში არ თამაშობს. მიმაჩნია, რომ მარიოს შეუძლია, დიდი სარგებლობა მოუტანოს "სკუადრა აძურას".

მარიო არის ის თავდამსხმელი, რომლის შესაძლებლობებსაც ზღვარი არ აქვს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ის ბოლომდე მაშინ ავლენს ამ შესაძლებლობებს, როცა ნდობას გრძნობს. იტალიის ნაკრებს სწორედ მისნაირი ფორვარდი აკლია.

მას უხვად აქვს "მკვლელის ინსტინქტი" და მისთვის მინდორზე ავტორიტეტი არ არსებობს. ახლა ის იდეალურ ასაკშია და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მას ხელი ვკრათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღორების ვაჭარს გავს რაიოლა
შაკო
15:11 07-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული