პრემიერლიგა. XVI ტურის წინ: სარი VS გვარდიოლა

AutoSharing Option
"ჩელსი" უმასპინძლებს "მანჩესტერ სიტის" და სწორედ ეს არის პრემიერლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი. ამ შეხვედრას განსაკუთრებულ ინტრიგას ორი გამორჩეული სპეციალისტის დუელი სძენს. პეპ გვარდიოლა მაურიციო სარის წინააღმდეგ - ეს ყოველთვის გამორჩეული სანახაობის წინა პირობაა.

ორივე მწვრთნელი აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებს, მაგრამ იმთავივე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ამ კომპონენტში "სიტი" უკეთესი იქნება. როგორ წარიმართება მთლიანად მატჩი, ამას ყველა ერთად ვნახავთ. ლონდონელები გამწარებულები არიან. სარის გუნდმა ყველასთვის მოულოდნელად გასვლაზე წააგო "ვულვზთან" და მდგომარეობა გაიუარესა. გაუძლებს კი "სიტის"?

ტური კი ძალიან საინტერესო მატჩით
იხსნება. "სიტის" მთავარი მდევარი - "ლივერპული" ეწვევა "ბორნმუთს". მასპინძლები გრანდების მარაქაში ნამდვილად არ არიან, მაგრამ ყოველთვის სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.

იურგენ კლოპის გუნდი ბოლო დროს თითქოს ცოტა ამოვარდა ფორმიდან. "ევერტონის" შემდეგაც ძალიან იწვალა "ბარნლის" დასამარცხებლად. აგებდნენ, მაგრამ ჯეიმს მილნერმა გაათანაბრა, მერე კი გოლები რობერტო ფირმინომ და ჯერდან შაჩირიმ შეაგდეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" შინ შეხვდება "ფულჰემს" და უსათუოდ უნდა მოუგოს, თუ ჯერ კიდევ ოცნებობს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე. ეს მთლად იოლი საქმე როდია. მას შემდეგ, რაც "ფულჰემი" კლაუდიო რანიერიმ ჩაიბარა, ამ გუნდის გატეხა გვარიანად გაძნელდა.

გუშინწინ კი იყო დიდებული მატჩი "არსენალთან", რომელიც 2:2 მორჩა. ლონდონელები შკოდრან მუსტაფის თავურისა და დავიდ დე ხეას კურიოზული შეცდომის შემდეგ დაწინაურდნენ. ანტონი მარსიალმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე ახალშესულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა "მეთოფეები" მეორედ დააწინაურა, თუმცა მის გოლს იქვე უპასუხა ჯესი ლინგარდმა.

"ტოტენჰემს" რთული შეხვედრა ელის "ლესტერთან". მაურისიო პოჩეტინოს კრებული ფავორიტია, მაგრამ "მელიებს" რას გაუგებ - თუ თამაშის იშტაზე არიან, ნებისმიერის გამწარება შეუძლიათ.

"მამლებმა" შუა კვირის ტურში "საუთჰემპტონთან" გაილაღეს. "წმინდანებს" ახალი მწვრთნელი ჰყავთ - რალფ ჰაზენჰუტლი, თუმცა რამდენად მალე დაატყობს ხელს გუნდს, ჯერ კიდევ საკითხავია.

"არსენალმა" "მანჩესტერთან" ფეერიული მატჩის საშინაო ასპარეზზე უსათუოდ უნდა მოახერხოს "ჰადერსფილდის" ძლევა.

ფაქტები
  • "ბორნმუთისა" და "ლივერპულის" ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "არსენალი" 3-ჯერ შეხვდა "ჰადერსფილდს" და სამივე მატჩი მოუგო.
  • "ბარნლისა" და "ბრაიტონს" შორის ბოლო 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "კარდიფმა" ბოლო მატჩში მოახერხა "საუთჰემპტონის" ძლევა.
  • "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ფულჰემის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "მანჩესტერ სიტიმ", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 3 მატჩი მოუგო "ჩელსის".
  • "ლესტერსა" და "ტოტენჰემს შორის ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ნიუკასლისა" და "ვულვზის" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. XVI ტური
შაბათი, 8 დეკემბერი
ბორნმუთი-ლივერპული 16:30
არსენალი-ჰადერსფილდი 19:00
ბარნლი-ბრაიტონი 19:00
კარდიფი-საუთჰემპტონი 19:00
მანჩესტერ იუნ-ფულჰემი 19:00
ვესტ ჰემი-კრ. პალასი 19:00
ჩელსი-მანჩესტერ სიტი 21:30
ლესტერი-ტოტენჰემი 23:45

კვირა, 9 დეკემბერი
ნიუკასლი-ვულვზი 20:00
ორშაბათი, 10 დეკემბერი
ევერტონი-უოტფორდი 23:59

ბომბარდირები: 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 9 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), გლენ მარეი (ბრაიტონი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული