პრემიერლიგა. XXXV ტური: ფეხზე ავდგეთ!.. [VIDEO]

AutoSharing Option
..."ემირეითსი" ფეხზე წამოუდგა კაცს, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი კრიტიკა და ლანძღვა მოისმინა - ალბათ, ხშირ შემთხვევაში, დამსახურებულიც, რადგან მისი "არსენალი" გულს სტკენდა ერთგულ ქომაგს.

აგერ, ზედიზედ მეორე სეზონია, ვერ ხვდება ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ კაცი, რომელსაც ფეხზე წამოუდგნენ, ფრიად პატივცემულია არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ მსოფლიო ფეხბურთშიც და ეს ჩვენი სიტყვები არ არის. არსენ ვენგერმა შეცვალა პრემიერლიგა - ამას მისი "მტრებიც" აღიარებენ...

68 წლის ფრანგ სპეციალისტს "ემირეითსის" წინ ფანები ამჯერად სხვა შინაარსის ბანერებით დახვდნენ. ინგლისში იციან კრიტიკაც და დაფასებაც. ვენგერი პირველად გამოჩნდა
ხალხის წინაშე მას მერე, რაც გაირკვა, რომ ბოლო მატჩებს ატარებს "არსენალის" მწვრთნელის რანგში.

"არსენალმაც" მოინდომა და დიდი ანგარიშით მოიგო ლონდონური დერბი. განსაკუთრებით ლამაზი იყო მატჩის ბოლო ნაწილი, ისეთი, როგორიც ვენგერს ეკადრებოდა...


პრემიერლიგის შეკვეცილი ტური "ვესტ ბრომვიჩი"-"ლივერპულის" მატჩით დაიწყო. "წითლებს" სადაცაა "რომასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი უწევთ და რაკი შინაურ ფრონტზე სატურნირო ვალი, ფაქტობრივად, მოხდილი აქვთ (უდიდესი ალბათობით, ოთხეულში მოხვდებიან), ნათელი იყო, რომ წყალწაღებულ "ვესტ ბრომვიჩს" არ შეაკვდებოდნენ...

იურგენ კლოპმა სასტარტოში არ დააყენა რობერტო ფირმინო და მთლიანობაშიც დამრტყმელ ტრიოს ცოტათი ამოსუნთქვის საშუალება მისცა. 72-ე წუთისთვის "ლივერპული" კომფორტული ანგარიშით (2:0) იგებდა და, თითქოს, ფინიშამდე მშვიდად უნდა მისულიყო, მაგრამ... თითქმის უმოტივაციო "ვესტ ბრომვიჩმა", რომელსაც ახლა სასწაული თუ იხსნის, ორივე გოლი გაქვითა და საპატიო ფრეს გამორჩა.

ისე, რა უცნაურია - დროებითი მწვრთნელის, დარენ მურის ხელმძღვანელობით, "ვესტ ბრომვიჩმა" მესამე მატჩი ჩაატარა და ესეც - წაუგებლად, ბოლო ორ მატჩში კი სულაც 4 ქულა აართვა თვით "მანჩესტერ იუნაიტედსა" (თან "ოლდ ტრაფორდზე") და "ლივერპულს".

შესაძლოა, კლუბის ბოსები ახლა ნანობენ კიდეც - ცოტა ადრე რომ გაეშვათ ალან პარდიუ, ეგებ, გუნდს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონოდა...


"უოტფორდი"-"კრისტალ პალასის" მატჩში ფრე სტუმარს ნაკლებად აძლევდა ხელს, რადგან როი ჰოჯსონის გუნდი ჯერაც ახლოსაა გასავარდნ ზონასთან. 64-ე წუთზე სტუმრები 11-მეტრიანს ითხოვდნენ ვილფრიდ ზაჰას წაქცევის გამო. სხვათა შორის, მოგვიანებით BBC-ის ზოგიერთმა ექსპერტმა თქვა, რომ 11-მეტრიანი დასანიშნი იყო, თუმცა... არბიტრმა არც პენალტი დადო და ზაჰაც იქით დასაჯა "სიმულაციის" გამო.

"მანჩესტერ სიტიმ" პირველად ითამაშა ჩემპიონის რანგში "ეტიჰადის" პუბლიკის წინაშე და ჩემპიონურადაც მოიგო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ფანებმა მოედანი გაავსეს და ასე აღნიშნეს პირველი ტიტული 2014 წლის შემდეგ. გაზონზე იმდენი ხალხი იყო, პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო, თუმცა, რა თქმა უნდა, ექსცესები არ ყოფილა...


ფაქტები
  • 2015 წლის თებერვლის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩმა" პირველად შეძლო ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება.
  • მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ მე-5 ფეხბურთელია, ვინც ერთ ცალკე აღებულ სეზონში 40 (და მეტ) გოლში მიიღო მონაწილეობა - 31 გაიტანა, 9 გაატანინა. პირველ ოთხეულში არიან: ალან შირერი (47, 1994/95), ენდი კოული (47, 1993/94), ტიერი ანრი (44, 2002/03) და ლუის სუარესი (43, 2013/14).
  • ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მიმდინარე სეზონის 10 გოლში (3+7) მონაწილეობდა, რაც მისი პერსონალური რეკორდია.
  • ჯეკი ლივერმორმა "ვესტ ბრომვიჩის" მაისურით ჩატარებულ 50 მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით) პირველი გოლი გაიტანა.
  • კრის ბრენტმა "ვესტ ბრომვიჩის" შემადგენლობაში 50 საგოლე პასი მიითვალა, ანუ 26-ით მეტი, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფმა ჯეიმს მორისონმა. ბრენტი არის პირველი ჩრდილოირლანდიელი ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში ასეთი შედეგი აჩვენა.
  • "კრისტალ პალასმა" პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში 8 ქულას (2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი) მოუყარა თავი, მაშინ, როცა წინა 7 თამაშში მხოლოდ 2 ქულა აიღო.

პრემიერლიგა. XXXV ტური
ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 2:2
გოლები: 0:1 ინგსი (4), 0:2 სალაჰი (72), 1:2 ლივერმორი (79), 2:2 რონდონი(88)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - გომესი, ვან დაიკი, კლავანი, მორენო - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი - სალაჰი (84. ლოვრენი), მანე (66. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ინგსი (66. ფირმინო).

უოტფორდი-კრ. პალასი 0:0

არსენალი-ვესტ ჰემი 4:1
გოლები: 1:0 მონრეალი (51), 1:1 არნაუტოვიჩი (64), 2:1 რემზი (82), 3:1 ლაკაზეტი (85), 4:1 ლაკაზეტი (89)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - ელნენი (45. მეიტლანდ-ნაილსი), ჯაკა - ივობი (70. ობამეიანგი), რემზი, უელბეკი (88. ჩემბერსი) - ლაკაზეტი.

სტოკი-ბარნლი 1:1
გოლები: 1:0 ნდიაიე (11), 1:1 ბარნსი (62)

მანჩესტერ სიტი-სუონსი 5:0
გოლები: 1:0 დავიდ სილვა (12), 2:0 სტერლინგი (16), 3:0 დე ბრუინი (54), 4:0 ბერნარდო სილვა (64), 5:0 გაბრიელ ჟეზუში (88)
სიტი (4-3-3): ედერსონი - დანილო, კომპანი, ლაპორტი, დელფი (75. მენდი) - დე ბრუინი (65. ტურე), გუინდოგანი, დავიდ სილვა - ბერნარდო სილვა, სტერლინგი (71. ფოდენი), გაბრიელ ჟეზუში.
გამოუყენებელი პენალტი: გაბრიელ ჟეზუში (64. სიტი)

ორშაბათი, 23 აპრილი
ევერტონი-ნიუკასლი 23:00

ბომბარდირები: 31 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 26 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რაჰიმ სტერლინგი (სიტი); 17 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 16 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერი); 15 - რობერტო ფირმინო (ლივერპული).

მომდევნო ტური
28 აპრილი: ლივერპული-სტოკი, ბარნლი-ბრაიტონი, კრ. პალასი-ლესტერი, ჰადერსფილდი-ევერტონი, ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი, საუთჰემპტონი-ბორნმუთი, სუონსი-ჩელსი
29 აპრილი: ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნ-არსენალი
30 აპრილი: ტოტენჰემი-უოტფორდი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული