პრემიერლიგა. XXXIII ტურის წინ: ტიტული და პრესტიჟი

AutoSharing Option
ამ უქმეებზე პრემიერლიგაში მეგამატჩია. მანჩესტერული დერბი ყოველთვის ასეთად ითვლება და, მით უმეტეს, ბოლო წლებში, როცა "სიტი" "იუნაიტედს" ტრადიციებით ვერა და სხვა დანარჩენით კი აშკარად დაეწია.

პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილი გუნდი აშკარად შერცხვა "ენფილდზე". რა თქმა უნდა, ახლა ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოიგონ და საძულველ მეტოქესთან გამარჯვებით ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად დაინადავლონ.

რა თქმა უნდა, "სიტის" ტრიუმფი გარდაუვალია, მაგრამ სულ სხვა მუღამი ექნება "მანჩესტერთან" მოპოვებული 3 ქულით მიღწეულ მწვერვალს. ახლა საკითხავი ის არის, რამდენად აღიდგინა ძალები "სიტიმ" "ენფილდზე" განცდილი ფიასკოს შემდეგ.
საკუთარი ფანების თვალწინ რეაბილიტაცია აუცილებელია!

"სიტის" ამ მატჩში მნიშვნელოვანი დანაკლისი ექნება იმ შემთხვევაში, თუ სერხიო აგუერომ ვერ მოახერხა ბოლომდე გამოჯანმრთელება. ნაკლებად მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს "მანჩესტერს". წესით, მინდორზე ვერ უნდა ვიხილოთ დელეი ბლინდი და ფილ ჯოუნსი, რომელთა არყოფნა ჟოზე მოურინიოსთვის ტრაგედია არ იქნება.

ტურში მეორე დიდი მატჩიცაა. "ევერტონი" ტრადიციულ და თავისი დიდი ისტორიით განთქმულ მერსისაიდულ დერბიში "ლივერპულს" დაუხვდება. იურგენ კლოპის გუნდი ახლა "მეცხრე ცაზეა" შესანიშნავ ხასიათზეა.

ახლა მთავარი კითხვა ასე ჟღერს - შეძლებს თუ არა თამაშს მოჰამედ სალაჰი, ვინც "ქალაქელებთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მინდვრის ნაადრევად დატოვება მოუხდა. გუშინ სალაჰი "ლივერპულის" ბაზაზე კი მივიდა, თუმცა არ უვარჯიშია. კლოპი განიხილავს იმ ვარიანტსაც, რომ ეგვიპტელი "სიტისთან" საპასუხო მატჩისთვის შემოინახოს და "ევერტონთან" არ ათამაშოს.

სალაჰის გარდა, თითქმის გამორიცხულია ადამ ლალანასა და ჟოელ მატიპის მინდორზე გასვლაც.
წესითა და რიგით, პრემიერლიგის დანარჩენ გრანდებს მაინცდამაინც რთული თამაშები არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ წინასწარ რას გაიგებ.

ტურში კიდევ ერთი დერბია, ამჯერად - ლონდონური. ყველაზე ნაკლებ ინტერესს, ალბათ, "ჩელსისა" და "ვესტ ჰემის" მატჩი იწვევს. ეს "არისტოკრატების" ბრალია, რომლებმაც თავიანთი უნიათობით თითქმის ოფიციალურად გადაიწურეს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი.

ფაქტები
  • "ევერტონისა" და "ლივერპულის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ბორნმუთისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო 4 მატჩიდან სამში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • 5 მატჩია, "ლესტერს" პრემიერლიგაში არ წაუგია.
  • "ტოტენჰემმა" ბოლო 4 მატჩი მოუგო "სტოკს".
  • "ბარნლიმ" პრემიერლიგის ბოლო 3 შეხვედრაში იმარჯვა.
  • "ვესტ ბრომვიჩმა" (ზედიზე 8 წაგება) პრემიერლიგაში ბოლოს 13 იანვარს გაიმარჯვა.
  • 3 მატჩია, "საუთჰემპტონს" გოლი არ გაუტანია.

პრემიერლიგა. XXXIII ტური
შაბათი, 7 აპრილი
ევერტონი-ლივერპული 15:30
ბორნმუთი-კრ პალასი 18:00
ბრაიტონი-ჰადერსფილდი 18:00
ლესტერი-ნიუკასლი 18:00
სტოკი-ტოტენჰემი 18:00
უოტფორდი-ბარნლი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-სუონსი 18:00
მან. სიტი-მან. იუნაიტედი 20:30

კვირა, 8 აპრილი
არსენალი-საუთჰემპტონი 17:15
ჩელსი-ვესტ ჰემი 19:30

ბომბარდირები: 29 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 16 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 15 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული