პრემიერლიგა. XXV ტური: ...ასე შერცხვა ლონდონის "ჩელსი" [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგაში გუშინ მორიგი ტურის დარჩენილი შეხვედრები ჩათამაშდა. მოხდა ისეთი რამ, რასაც ძალიან ძნელად წარმოვიდგენდით.

"ჩელსი" საკუთარ მოედანზე შერცხვა "ბორნმუთთან". წაგებაცაა და წაგებაც. მართლაც საკვირველია, როგორ მოახერხეს "არისტოკრატებმა" ასე უსუსურად თამაში მათზე ბევრად სუსტ მოწინააღმდეგესთან.

უილსონის, სტანისლასისა და აკეს გოლებით ფავორიტი კუთხეში დააყენეს. რა თქმა უნდა, აქ უადგილოა "ჩელსის" მიერ შექმნილ შანსებზე ლაპარაკი. მთავარი ისაა, რომ ანტონიო კონტეს თავს შავი ღრუბლები ჯერაც ვერ გადაიყარა, პირიქით...


"ევერტონმა" მინიმალური ანგარიშით, 2:1 მოუგო "ლესტერს". მასპინძელთა შემადგენლობაში დუბლი მიითვალა
ექსარსენალელმა თეო უოლკოტმა (შესანიშნავად ითამაშა), ჯეიმი ვარდიმ კი თერთმეტმეტრიანი შეაგდო.


"მანჩესტერ სიტიმ" ფერნანდინიოს, დე ბრუინისა და აგუეროს გოლებით შანსი არ დაუტოვა "ვესტ ბრომვიჩს". დებიუტი ჩაუმწარდა დენიელ სტარიჯს (თამაშის მიწურულს შესანიშნავი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ შეაგდო), ვინც ამ შეხვედრის სტუმრებს "ლივერპულიდან" ახლახან შეუერთდა. ეს თამაში მართლაც არ იყო კარგი სანახავი. ეს იყო ცალკარა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. "სიტიმ" 3 გოლი ხომ გაიტანა და კიდევ არაერთი მომენტი გაატანა ქარს.

თუ ასე გაგრძელდა, პრემიერლიგა საბოლოოდ დაკარგავს ინტერესს საჩემპიონო რბოლის მხრივ. "სიტი" მინიმუმ ორი თავით მაღლა დგას მოწინააღმდეგეებზე და ეს ამ შეხვედრამაც დაადასტურა.


ერიქსენის ადრეული გოლითა და ჯოუნსის ავტოგოლით "ტოტენჰემმა" საშინაო ასპარეზზე დასცა "მანჩესტერ იუნაიტედი". ინგლისური მედია უკვე ბევრს წერს იმის თაობაზე, რომ ჟოზე მოურინიო უკეთესად ლაპარაკობს, ვიდრე მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში მისი გუნდი თითქმის არასოდეს ჰგავს საკუთარ თავს.

ასე იყო ამჯერადაც. თამაშის საერთო სურათს თუ შევხედავთ, "ტოტენჰემის" გამარჯვება აბსოლუტურად კანონზომიერი იყო. რასაც ჰქვია ასპროცენტიანი საგოლე მომენტი, "იუნაიტედს" ალბათ მხოლოდ ერთი თუ ჰქონდა, როცა რომელუ ლუკაკუს უგო ლორისმა არ გაატანინა.

სხვა შემთხვევებში "დეზები" მეტოქეზე აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ და მეტი საგოლე შანსიც ჰქონდათ. შესანიშნავად ითამაშა "ტოტენჰემის" დანიელმა ლეგიონერმა ერიქსენმა. მან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ააწიოკა სტუმართა დაცვა.

"მანჩესტერი", ალბათ, ოფიციალურად დაეთხოვა ოცნებას ჩემპიონის ტიტულზე. ლიდერთან ჩამორჩენა კვლავ 15 ქულამდე გაიზარდა. ერთადერთი, რითაც მოურინიო დაიმშვიდებს თავს, ისაა, რომ მის გაწვრთნილ გუნდს, წესით, არ უნდა გაუჭირდეს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება.

"მანჩესტერის" შემადგენლობაში ითამაშა ალექსის სანჩესმა. "არსენალის" ჩილელი ექსვარსკვლავი ბევრი ვერაფრით გამოირჩა, მაგრამ ნუ ვიქნებით მის მიმართ ზედმეტად მომთხოვნები. ის ახლახან ჩაირიცხა "წითელ ეშმაკებში" და კიდევ არაერთხელ ექნება თავის გამოჩენის შანსი.


პრემიერლიგა. XXV ტური
ჩელსი-ბორნმუთი 0:3
გოლები: 0:1 უილსონი (51), 0:2 სტანისლასი (64), 0:3 აკე (67)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი (28. რიუდიგერი), კეჰილი - ძაპაკოსტა (65. ჰადსონ-ოდოი), კანტე, ბაკაიოკო, ალონსო - პედრო, ბარკლი (54. ფაბრეგასი) - აზარი.

ევერტონი-ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 უოლკოტი (25), 2:0 უოლკოტი (39), 2:1 ვარდი (71-პენ)
ნიუკასლი-ბარნლი 1:1
გოლები: 1:0 ლასელსი (65), 1:1 დარლოუ (85-საკ. კარში)
გამოუყენებელი პენალტი: ხოსელუ (34. ნიუკასლი)

საუთჰემპტონი-ბრაიტონი 1:1
გოლები: 0:1 მიურეი (14-პენ), 1:1 სტივენსი (64)
მანჩესტერ სიტი-ვესტ ბრომვ. 3:0
გოლები: 1:0 ფერნანდინიო (20), 2:0 დე ბრუინი (68), 3:0 აგუერო (89)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, ზინჩენკო - ფერნანდინიო, დე ბრუინი (78. დიასი), დავიდ სილვა (39. გიუნდოგანი) - სტერლინგი, ბერნარდო სილვა, აგუერო.

ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნ 2:0
გოლები: 1:0 ერიქსენი (1), 2:0 ჯოუნსი (28-საკ. კარში)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი, დემბელე (90. ვანიამა) - ერიქსენი, სონი (80. ლამელა), ალი (88. სისოკო) - კეინი.
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ჯოუნსი, იანგი - პოგბა (63. მატა), მატიჩი - მარსიალი, ლინგარდი (63. ფელაინი/70. ერერა), ალექსის სანჩესი - ლუკაკუ.

სტოკი-უოტფორდი 0:0

ბომბარდირები: 21 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 14 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 11 - რობერტო ფირმინო (ლივერპული), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 10 - ალვარო მორატა (ჩელსი), უეინ რუნი (ევერტონი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული