პრემიერლიგა. XXIV ტური: "არსენალის" 4 გოლი 22 წუთში და სერხიო აგუეროს ბენეფისი [VIDEO]

AutoSharing Option
მანჩესტერულ გრანდებს შორის 12-ქულიანი დისტანცია შენარჩუნებულია.

საერთოდ, პრემიერლიგის შაბათ-კვირის ბრძოლებში მოწინავე გუნდებმა აქტივები გაზარდეს - "ტოტენჰემის" გარდა, ყველამ მოიგო.

არადა, "მამლებს" ეს დანაკარგი შეიძლება იმად დაუჯდეთ, რომ "ლივერპულის" (დღეს თამაშობს) გამარჯვების შემთხვევაში, საჩემპიონთალიგო ზონას 5 ქულით დაშორდებიან...


ზედიზედ 3 უგოლო ფრის შემდეგ "ჩელსიმ" 6-წუთიანი ბლიც-კრიგი მოუწყო "ბრაიტონს" და მერე მშვიდად მიიყვანა თამაში გამარჯვებამდე. ბრწყინვალე იყო ედენ აზარი, ვინც მე-3 წუთზე თავისი მე-100 გოლი გაიტანა კარიერაში, ხოლო 64-ე - "ჩელსის" მაისურით (პირველი 36 "ლილის" ეპოქიდანაა).

"გოლს პლუს პასის" სისტემით თუ დავითვლით, აზარი "ჩელსის" მესამე ფეხბურთელია, ვინც გაიტანა და ასისტენტობა გასწია პრემიერლიგის 102 მატჩში (65 გოლი, 37 პასი). ამ მაჩვენებლით მან უკან ჩამოიტოვა ჯანფრანკო ძოლა (101), ხოლო ჩამორჩება ფრენკ ლემპარდსა (237) და დიდიე დროგბას (159).

...დისკვალიფიცირებული იყო ალვარო მორატა ("ნორვიჩთან" სათასო მატჩში გაძევების გამო). ამიტომ ანტონიო კონტემ თავდასხმაში მიში ბატშუაი დააყენა. მორატა კი სოციალურ მედიაში დაცინვის ობიექტი გახდა. როცა "ბრაიტონთან" მატჩის მე-7 წუთისთვის ანგარიში 2:0 იყო ლონდონელთა სასარგებლოდ, "ჩელსის" მავანმა ქომაგმა "ფეისბუქზე" დაწერა - მორატასთან ერთად "ჩელსიმ" ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, მორატას გარეშე ბოლო 7 წუთში კი - 2 გოლიო...

მოვლენა იყო დავიდ ლუიზის გამოჩენა, თუმცა, მორატასი არ იყოს, ესეც იძულებითი ნაბიჯი გახლდათ - ტრავმა მიიღო დაცვის ცენტრის ახალმა (თუმცა რაღა ახალმა) სახემ, 21 წლის დანიელმა ანდრეას კრისტენსენმა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ "ჩელსის" არ ჰყოფნის რესურსები, რაკი კონტეს ხანდახან მოძულებული ხალხის დახმარებაც სჭირდება...


ალექსის სანჩესის გარეშეც არ გვიჭირს შეტევაშიო და, "არსენალმა" პირდაპირ თავზე ხელი აიღო - საწყის 22 წუთში მოუთავა საქმე კარგ ფორმაში მყოფ "კრისტალ პალასს".

მიუხედავად ამისა, არსენ ვენგერი იანვრის მონაგარით უკმაყოფილოა - სატრანსფერო პერიოდის გამო ზოგიერთი ფეხბურთელი გაურკვევლობაში იყო და ამან სტაბილურობა დაგვაკარგვინაო. გულზე ხელი დაიდოს მოსიე არსენმა - "მეთოფეები" დიდი სტაბილურობით არც იანვრამდე ბრწყინავდნენ...


"მანჩესტერ იუნაიტედი" ვერ იყო მომხიბლავი "ბარნლისთან" საგარეო მატჩში, თუმცა ჟოზე მოურინიო კმაყოფილი იყო ეფექტით - მაქსიმალური შედეგი მინიმუმისგან. სტუმრებმა სულ ორჯერ მოახვედრეს ბურთი კარის ჩარჩოში და აქედან ერთი - გოლი იყო. "ბარნლის" ერთადერთი შანსი გახლდათ ბერგ გუდმუნდსონის ჯარიმა, რომელმაც ხარიხა შეაზანზარა.


სემ ელერდაისის ხელში თითქოსდა მოღონიერებულ "ევერტონს" ერთთვიანი ჩავარდნა აქვს - "კანფეტებს" 18 დეკემბრის მერე (6 მატჩი, 3 ფრე, 3 წაგება) არ მოუგიათ. მასპინძელი გადაარჩინა უმარ ნიასემ, ვისაც მოედანზე შესვლიდან 56 წამი (უსწრაფესი გოლი ამ სეზონში შეცვლაზე შესული ფეხბურთელისთვის) დასჭირდა ანგარიშის გასათანაბრებლად.

ამას გარდა, 61-ე წუთზე ვიხილეთ ეპიზოდი საშინელებათა ფილმიდან - უმძიმესი ტრავმა მიიღო ჯეიმს მაკარტიმ. ირლანდიელ ნახევარმცველს სალომონ რონდონმა მოსტეხა ფეხი და წარმოიდგინეთ, არბიტრმა სტიუარტ ეტუელმა მისთვის ყვითელი ბარათიც ვერ გაიმეტა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რონდონი იმდენად შეწუხდა მეტოქე ფეხბურთელის ტრავმით, პარტნიორებმა ძლივს დაამშვიდეს. ჩვენთვის კარგად ნაცნობმა მაკარტიმ კი, რომელსაც ორმაგი მოტეხილობა აქვს, ცხადია, სეზონი დაასრულა...

ბოლო სამ ტურში მეორე თამაში მოიგო "ლესტერმა" და მე-7 ადგილზე აღზევდა, თუმცა ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლა უტოპიად მოჩანს.

"უოტფორდის" მორიგ მარცხს კი მწვრთნელი მარკო სილვა შეეწირა. ამ გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და, თქვენ წარმოიდგინეთ, "უოტფორდის" ბოსები ამაში...

ევერტონელ კოლეგებს ადანაშაულებენ - აქაოდა, ნოემბერში მარკო სილვას წაყვანა უნდოდათ და ამან ჩვენს მწვრთნელს თავგზა აუბნიაო...

"უოტფორდის" ახალი თავკაცი 47 წლის ესპანელი ხავი გრასია იქნება, რომელიც ყაზანის "რუბინში" საბა კვირკველიას მწვრთნელი იყო...

პოლ ლამბერტმა "სტოკის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა.
"ვესტ ჰემმა" ხავიერ ერნანდესის გოლის წყალობით ქულა გადაარჩინა "ბორნმუთთან" საშინაო მატჩში, რომლის შემდეგაც დევიდ მოიესმა კლუბის ხელმძღვანელობის გასაგონად თქვა - აი, ხომ ნახეთ, "ჩიჩარიტო" ძალიან გვჭირდებაო...

შაბათის დამაგვირგვინებელი მატჩი სერხიო აგუეროს ბენეფისად იქცა. სიმბოლურია, რომ "მანჩესტერ სიტის" მაისურით ჩატარებული მე-200 მატჩი "კუნმა" ჰეთ-თრიკით დაამშვენა.

საინტერესო დამთხვევაა - აგუერომ ბოლო კლასიკური (თავით, ცაციათი და მარჯვენა ფეხით) ჰეთ-თრიკიც "ნიუკასლს" შეუსრულა 2015 წლის ოქტომბერში.

ამრიგად, არგენტინელ ფორვარდს 200 მატჩში 138 გოლი დაუგროვდა და პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირებს შორის მე-12 ადგილზეა. ამასთან, ის "მანჩესტერ სიტის" მე-7 ფეხბურთელია, ვინც 200-მატჩიან ზღვარს უწია ჯო ჰარტის, რიჩარდ დანის, დავიდ სილვას, ვენსან კომპანის, პაბლო საბალეტასა და იაია ტურეს შემდეგ.


ფაქტები
  • "ბრაიტონმა" პრემიერლიგის ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (5 ფრე, 7 წაგება) და აქედან 9 შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი.
  • "ჩელსი" არ დამარცხებულა პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩში (5 მოგება, 3 ფრე). ეს არის "ლურჯების" ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია გასული წლის მარტის (ასევე 8 მატჩი) შემდეგ.
  • ვილიანმა ("ჩელსი") პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა - 3 გოლი, 5 პასი.
  • "არსენალმა" "კრისტალ პალასს" 22 წუთში 4 გოლი გაუტანა. ბოლოს უკეთესი შედეგი ჰქონდა "ლივერპულს", რომელმაც 2014 წლის თებერვალში, იმავე "არსენალს", 4 გოლი 20 წუთში გაუტანა (5:1).
  • "კრისტალ პალასი" პრემიერლიგის ბოლო 13 მატჩში მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა და ორჯერვე - "არსენალთან".
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის ბოლო 6 საგარეო მატჩიდან 5 მოიგო (1 ფრე).
  • 2010 წლის აპრილის შემდეგ "ბარნლი" პირველად დამარცხდა პრემიერლიგის ზედიზედ 3 საშინაო მატჩში.
  • ანტონი მარსიალმა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით, პირველად შეძლო გოლის გატანა პრემიერლიგის ზედიზედ 3 მატჩში.
  • მიმდინარე სეზონში დავიდ დე ხეამ ("მანჩესტერ იუნაიტედი") ევროპის ტოპ-ლიგების მეკარეთაგან ყველაზე მეტჯერ (14) შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.
  • თეო უოლკოტს დებიუტი ჰქონდა "ევერტონში" და ეს იყო მისი პირველი მატჩი ძირითად შემადგენლობაში 2017 წლის 26 აპრილის ("არსენალი"-"ლესტერი) შემდეგ.
  • 2016 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ (28 მატჩი, 475 დღე) თეო უოლკოტმა პირველი საგოლე პასი შეასრულა.
  • "ლესტერმა" პრემიერლიგის ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 8 მოიგო.
  • "ვესტ ჰემი" და "ბორნმუთი" არ დამარცხებულან პრემიერლიგის ბოლო 5-5 მატჩში (ორივეს 2 მოგება და 3 ფრე). ეს არის ამ გუნდების უგრძესი წაუგებელი სერია გასული წლის მაისის (ასევე 5) შემდეგ.
  • კევინ დე ბრუინსა და ლეროი სანეს (ორივე - "მანჩესტერ სიტი") 10-10 საგოლე პასი დაუგროვდათ. ეს არის უმაღლესი შედეგი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში.
  • რაჰიმ სტერლინგმა ("მანჩესტერ სიტი") მიმდინარე პრემიერლიგაში ყველაზე მეტი (4) პენალტი მოიპოვა.
  • "მანჩესტერ სიტიმ", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 7-ში გაუშვა გოლი.
  • "საუთჰემპტონს" არ მოუგია ბოლო 11 მატჩი, რაც ამ გუნდის უგრძესი წარუმატებელი სერიაა 1998 წლის ოქტომბრის (ასევე 11 მატჩი) შემდეგ.
  • "ტოტენჰემმა" "საუთჰემპტონთან" ბოლო 6 გასვლითი მატჩიდან არც ერთი არ წააგო, მაშინ, როცა 2000-05 წლებში ამ გუნდთან ზედიზედ 5-ჯერ დამარცხდა სტუმრად, თან ისე, რომ გოლიც ვერ გაიტანა.
  • ჰარი კეინმა ("ტოტენჰემი") ბოლო 6 მატჩში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 11 გოლი გაიტანა.
  • ჰარი კეინმა უშუალოდ "საუთჰემპტონს" პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში 6 გოლი გაუტანა.

პრემიერლიგა. XXIV ტური
ბრაიტონი-ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 აზარი (3), 0:2 ვილიანი (6), 0:3 აზარი (77), 0:4 მოზესი (89)
ჩელსი (3-4-3): კაბალიერო - ასპილიკუეტა, კრისტენსენი (58. დავიდ ლუიზი), რიუდიგერი - მოზესი, კანტე, ბაკაიოკო, ალონსო (75. ძაპაკოსტა) - ვილიანი (81. მუსონდა), აზარი, ბატშუაი.

არსენალი-კრ. პალასი 4:1
გოლები: 1:0 მონრეალი (6), 2:0 ივობი (10), 3:0 კოსიელნი (13), 4:0 ლაკაზეტი (22), 4:1 მილივოიევიჩი (78)
არსენალი (4-3-3): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი (34. მეიტლენდ-ნაილსი) - უილშირი, ელნენი, ჯაკა - იოზილი (72. ნელსონი), ივობი (82. კოლაშინაცი), ლაკაზეტი.

ბარნლი-მანჩესტერ იუნ 0:1
გოლი: 0:1 მარსიალი (54)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ჯოუნსი, იანგი - პოგბა, მატიჩი - მატა (72. ფელაინი), ლინგარდი (80. რაშფორდი), მარსიალი (90+4. ერერა) - ლუკაკუ.

ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
გოლები: 0:1 ჯეი როდრიგესი (7), 1:1 ნიასე (70)

ლესტერი-უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 ვარდი (39-პენ), 2:0 მაჰრეზი (90+1)

სტოკი-ჰადერსფილდი 2:0
გოლები: 1:0 ალენი (53), 2:0 დიუფი (69)

ვესტ ჰემი-ბორნმუთი 1:1
გოლები: 0:1 ფრეიზერი (71), 1:1 ერნანდესი (73)

მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი 3:1
გოლები: 1:0 აგუერო (34), 2:0 აგუერო (63-პენ), 2:1 მერფი (67), 3:1 აგუერო (83)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ოტამენდი, ზინჩენკო - დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა - სტერლინგი (86. ბერნარდო სილვა), სანე (87. დიასი), აგუერო.

საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 1:0 დავინსონ სანჩესი (15-საკ. კარში), 1:1 კეინი (18)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - ორიე (72. ტრიპიერი), დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი, დემბელე (85. ვანიამა) - სისოკო, ალი, სონი (70. ლამელა) - კეინი.

ორშაბათი. 22 იანვარი
სუონსი-ლივერპული 23:59

ბომბარდირები: 21 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 16 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 14 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური
30 იანვარი: სუონსი-არსენალი, ვესტ ჰემი-კრ. პალასი, ჰადერსფილდი-ლივერპული
31 იანვარი: ჩელსი-ბორნმუთი, ევერტონი-ლესტერი, ნიუკასლი-ბარნლი, საუთჰემპტონი-ბრაიტონი, მანჩესტერ სიტი-ვესტ ბრომვიჩი, სტოკი-უოტფორდი, ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული