პრემიერლიგა. XVI ტური: "სიტის" განაჩენი "იუნაიტედს" [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ტურის უმთავრეს მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" დაამარცხა თანაქალაქელი "იუნაიტედი" და 11-ქულიანი სხვაობით ჩამოიტოვა. ასეთ "სიტისთან" ამხელა ჩამორჩენა, თუნდაც წინ ნახევარ სეზონზე მეტი იყოს დარჩენილი, ლამის განაჩენის ტოლფასია...

ამ გამარჯვებით "სიტიმ" არა მარტო დიდი ნახტომი გააკეთა ჩემპიონობისკენ, პრემიერლიგის ახალი ისტორიაც დაწერა ზედიზედ 14-მატჩიანი სარეკორდო გამარჯვებით. ამას გარდა, პეპ გვარდიოლას გუნდს უკვე 40 მატჩია (2016 წლის სექტემბრიდან), საკუთარ მოედანზე არ წაუგია...

მაგრამ პეპის ბიჭებისთვის საკუთარ და საგარეო მოედნებს მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა აქვს. "მანჩესტერ იუნაიტედს", თავის "ოცნებების თეატრში" (როგორც "ოლდ ტრაფორდს" უწოდებენ)
"შენი ფეხბურთი" ეთამაშო, ეს მხოლოდ დიდი გუნდისა და დიდი მწვრთნელის ხვედრია...

წინა სეზონში გვარდიოლამ პრემიერლიგის ყველა ნიუანსი, ყველა შესასვლელ-გასასვლელი დაისწავლა და დღეს ჰყავს გუნდი, რომლისთვისაც გადაუჭრელი ამოცანა არ არსებობს.

ბოლო პერიოდში "სიტისაც" ჰქონდა ორი-სამი უღიმღამო თამაში, პატარა ჩავარდნასავით, მაგრამ ყველა დავრწმუნდით, რომ "ჩავარდნილი" "სიტიც" დაუმარცხებელია, რომ ყველა საფეხბურთო კომპონენტით მაღლა დგას ჟოზე მოურინიოს ძლიერ, მაგრამ ჩვეულებრივად პრაგმატულ "იუნაიტედზე".

"საჩემპიონო რბოლა? ალბათ, დასრულებულია, - თქვა მოურინიომ მატჩის შემდეგ. - "მანჩესტერ სიტი" ძალიან კარგი გუნდია. მის უკან არის იღბალიც და ფეხბურთის ღმერთიც. რა თქმა უნდა, ჩვენგან ბოლომდე იქნება ბრძოლა, რაღაც პერიოდში სხვაობაც შემცირდება, მაგრამ "სიტის" უპირატესობა ამ მომენტისთვის ძალიან დიდია".


ფაქტები
  • მეორედ მოხდა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს "ოლდ ტრაფორდზე" ერთზე მეტი გოლი გაუტანეს. ეს პირველადაც "მანჩესტერ სიტიმ" მოახერხა 2016 წლის სექტემბერში (2:1).
  • ჟოზე მოურინიომ უშუალოდ პეპ გვარდიოლასთან დაპირისპირებაში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 9 მატჩი წააგო - ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მწვრთნელთან.
  • "მანჩესტერ იუნაიტედს" ბურთის ფლობა ჰქონდა 35 პროცენტი - ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.
  • ნიკოლას ოტამენდი მიმდინარე პრემიერლიგის ყველაზე შედეგიანი მცველია - 4 გოლი.
  • რომელუ ლუკაკუმ ("მანჩესტერ იუნ") "დიდი ექვსეულის" გუნდების წინააღმდეგ პრემიერლიგის ბოლო 40 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა.
* * *
პრემიერლიგური უქმეების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო მერსისაიდული დერბიც. აქეთ - ფორმაში მყოფი "ლივერპული", ხოლო იქით - სემ ელერდაისი, ვინც ახლახან ჩაუდგა სათავეში "ევერტონს" და თითქოს გამოაცოცხლა კიდეც. თუმცა, ძნელია იმის თქმა, რომ გუშინ "კანფეტებმა" ქულა დაიმსახურეს...

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საეჭვო იყო პენალტი, რომელიც "ევერტონს" პირველად დაუნიშნეს "ენფილდზე" 1988 წლის შემდეგ და რომელიც უეინ რუნიმ ზუსტად შეასრულა...

"ლივერპული" მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იურგენ კლოპის გუნდმა მთელი ენერგია... "სპარტაკის" განადგურებას შესწირა. ამიტომაც იყო, რომ გერმანელმა ფილიპე კოუტინიო და რობერტო ფირმინო მეორე ტაიმიდან ჩართო თამაშში, მაგრამ ჩანს, დაგვიანებული აღმოჩნდა...


ფაქტები
  • უეინ რუნიმ, როგორც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშემ, "ლივერპულის" წინააღმდეგ პრემიერლიგის ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
  • პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩში უეინ რუნი 5 გოლში მონაწილეობდა (4 გაიტანა, ერთი გაატანინა).
  • მოჰამედ სალაჰმა, ყველა ტურნირის ჩათვლით, 24 მატჩში 19 გოლი გაიტანა (სულ 23 გოლში მონაწილეობდა) "ლივერპულის" მაისურით, უფრო მეტი, ვიდრე "რომას" შემადგენლობაში ჩატარებულ 41 მატჩში.
  • "ლივერპულს" უკვე 15 მატჩია, არ წაუგია "ევერტონთან". ეს არის გამეორება სერიისა, რომელიც 1972 წლის მარტიდან 1978 წლის აპრილის ჩათვლით დაფიქსირდა.
* * *
"ჩელსიმ" ადრეული გოლი გაუშვა მარკო არნაუტოვიჩისგან, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ლამის მთელი თამაში წინ ჰქონდა, მაინც ვერ გადაურჩა წაგებას. ანტონიო კონტეს გუნდმა მიმდინარე პრემიერლიგაში მე-4 მარცხი იწვნია და აქედან ორი - აუტსაიდერებისგან, რაც ფსიქოლოგიურ პრობლემაზეც შეიძლება მიანიშნებდეს, თუმცა კონტე სხვა მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას:

"გუნდი გადაღლილი იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან დროის მოკლე ინტერვალში გვიწევს თამაშები და თან - ერთი და იმავე შემადგენლობით, არადა, ინტენსიური მატჩების პერიოდი ამით არ მთავრდება, პირიქით - ახლა იწყება. პრემიერლიგა ურთულესი ტურნირია. აქ არის 6 გრანდი და აქედან 4 გადის ჩემპიონთა ლიგაში... რას ვიზამთ, ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ".

ერთი და იმავე შემადგენლობითო, - ტყუილად არ უხსენებია კონტეს. გრანდებს შორის "ჩელსის", ალბათ, ყველაზე ნაკლები რესურსი აქვს როტაციისთვის და ეს კენჭი უთუოდ რომან აბრამოვიჩის ბოსტანში იყო ნასროლი.

რაც შეეხება "ვესტ ჰემს", დევიდ მოიესის თავკაცობით "ჩაქუჩებმა" პირველი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა სატურნირო მდგომარეობას ეს ჯერჯერობით არ დასტყობია.


თავი შეგვახსენა "ტოტენჰემმა", რომელმაც "უემბლიზე" "სტოკს" შავი დღე აყარა. არადა, პირველი ტაიმის შემხედვარე, ასეთ ანგარიშს ვერც წამოიდგენდა. ეს იყო "მამლების" პირველი გამარჯვება ერთთვიანი პაუზის შემდეგ. სწორედ ამ პაუზამ მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ძალიან დააშორა (თუ საერთოდ არ ჩამოაშორა) საჩემპიონო ოცნებას.


მიუხედავად მწვრთნელ როი ჰოჯსონის სასტიკი წინააღმდეგობისა, "კრისტალ პალასისა" და "ბორნმუთის" მატჩის მიწურულს გადამწყვეტი პენალტის შესრულება მასპინძელთა ფორვარდმა კრისტიან ბენტეკემ ითავა და... ასმირ ბეგოვიჩს ვერ აჯობა. რა თქმა უნდა, მწვრთნელის სიტყვა კანონი უნდა იყოს, მაგრამ ვის ჰქონდა 100-პროცენტიანი გარანტია, რომ სხვა გაიტანდა? არადა, ჰოჯსონის წინააღმდეგობა საფუძვლიანი იყო - რაც "კრისტალ პალასის" ფეხბურთელია, ბენტეკემ 5 პენალტიდან 3 ვერ გაიტანა, ხოლო აქედან ბოლო ორი - ზედიზედ.

"ნიუკასლმა" ბოლო 7 მატჩში მე-6 მარცხი იწვნია, რაც იმას ნიშნავს, რომ რაფა ბენიტესი შეიძლება უკვე ჩემოდნებსაც ალაგებს. "ლესტერში" კი პირიქითაა საქმე - კლოდ პიუელის ხელში "მელიებმა" უკანასკნელ 7 მატჩში 4 მოიგეს (ერთი მარცხი და ისიც "მანჩესტერ სიტისთან"), ხოლო აქედან 3 - ზედიზედ.


ფაქტები
  • რაც ანტონიო კონტე "ჩელსის" მწვრთნელია, მისმა გუნდმა სულ 9 თამაში წააგო და აქედან 5 - ლონდონურ დერბიზე მოდის.
  • პერსონალურად მწვრთნელ დევიდ მოიესისთვის ეს იყო პირველი საშინაო გამარჯვება მას მერე, რაც 2016 წლის დეკემბერში მისმა "სანდერლენდმა" "უოტფორდი" დაამარცხა.
  • მარკო არნაუტოვიჩმა "ვესტ ჰემის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ამასთან, ის გახდა ამ კლუბის 140-ე ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში თავის გამოჩენა შეძლო ("ტოტენჰემს" ასეთი 142 ჰყავს და ამ მაჩვენებლით პირველია). ასევე, არნაუტოვიჩი გახდა 43-ე (ყველაზე მეტი) მოთამაშე, ვინც "ვესტ ჰემის" სახელით გაიტანა და "ვესტ ჰემისთვისაც" გაუტანია სხვა გუნდის სახელით.
  • რაიან შოუკროსმა ("სტოკი") პრემიერლიგაში მე-6 ავტოგოლი გაიტანა. ამ მხრივ, რეკორდსმენი რიჩარდ დანია (10 ავტოგოლი), მაიკლ შკრტელმა და ჯეიმი კარაგერმა კი შვიდ-შვიდჯერ "გამოიჩინეს" თავი.
  • ჰარი კეინმა "სტოკს" მე-8 გოლი გაუტანა. "ტოტენჰემის" ფორვარდს მხოლოდ "ლესტერის" კარში აქვს მეტი (9) გოლი გატანილი.
  • ჰარი კეინმა 131 პრემიერლიგურ მატჩში 90 გოლი გაიტანა. ამ მხრივ ის მხოლოდ ალან შირერს ჩამორჩება - 90 გოლი 113 მატჩში.
  • "სტოკი" გახდა მე-15 გუნდი (1888/89 წლების სეზონიდან მოყოლებული), რომელმაც ინგლისის მთავარ ლიგაში 1000 მატჩი წააგო.
  • მიმდინარე პრემიერლიგაში ბარნლის "ტარფ მურზე" ჩატარებულ 9 მატჩში მხოლოდ 8 გოლი გავიდა - ყველაზე ცოტა, ვიდრე ნებისმიერ სხვა არენაზე.
  • 2016/17 წლების სეზონიდან მოყოლებული, პრემიერლიგაში ყველაზე მეტი (7) წითელი ბარათი, "ვესტ ჰემთან" ერთად, "უოტფორდის" ფეხბურთელებს აქვთ მიღებული.
  • "ბორნმუთმა" 10 ქულა დაკარგა იმ მატჩებში, რომელსაც თავიდან იგებდა.
  • სკოტ დანი ("კრისტალ პალასი") ერთადერთი ცენტრალური მცველია პრემიერლიგაში, ვისაც ზედიზედ მეოთხე მატჩში გააქვს გოლი ერთი კონკრეტული ოპონენტის (ამ შემთხვევაში - "ბორნმუთის") კარში.
  • "ნიუკასლმა" 11 ქულა დაკარგა მატჩებში, რომელშიც თავიდან იგებდა.
  • მიმდინარე პრემიერლიგის 16 მატჩში რიად მაჰრეზმა ("ლესტერი") 8 გოლში მიიღო მონაწილეობა - ერთით ნაკლებში, ვიდრე წინა სეზონის 36 მატჩში.
  • რაც კლოდ პიუელი "ლესტერის" მწვრთნელია, დემარაი გრეიმ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა წინა 50-ში მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი.
  • "სუონსიმ" დაასრულა 7-მატჩიანი მოუგებელი (1 ფრე, 6 მარცხი) სერია.
  • "ვესტ ბრომვიჩის" არ მოუგია ზედიზედ 14 მატჩში - 7 ფრე, 7 წაგება. ეს არის ამ გუნდის უგრძესი მოუგებელი სერია 2006 წლის დეკემბრიდან 2008 წლის აგვისტოს (16 მატჩი) პერიოდის შემდეგ.
  • 2014 წლის დეკემბრის შემდეგ ვილფრიდ ბონიმ ("სუონსი") პირველად გაიტანა გოლები ზედიზედ ორ მატჩში.
პრემიერლიგა. XVI ტური
ვესტ ჰემი-ჩელსი 1:0
გოლი: 1:0 არნაუტოვიჩი (6)
ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი - ძაპაკოსტა (64. ვილიანი), ფაბრეგასი, კანტე, ბაკაიოკო (46. პედრო), ალონსო (55. მოზესი) - აზარი - მორატა.

ბარნლი-უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 არფილდი (45)
გაძევება: ზეეგელაარი (39. უოტფორდი)

კრ. პალასი-ბორნმუთი 2:2
გოლები: 0:1 დეფო (10), 1:1 მილივოიევიჩი (41-პენ), 2:1 დანი (44), 2:2 დეფო (45+3)
გამოუყენებელი პენალტი: ბენტეკე (90+3. კრ. პალასი)

ჰადერსფილდი-ბრაიტონი 2:0
გოლები: 1:0 მუნი (12), 2:0 მუნი (43)

სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 1:0
გოლი: 1:0 ბონი (81)

ტოტენჰემი-სტოკი 5:1
გოლები: 1:0 შოუკროსი (21-საკ. კარში), 2:0 სონი (53), 3:0 კეინი (54), 4:0 კეინი (65), 5:0 ერიქსენი (74), 5:1 შოუკროსი (80)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დაიერი, ვერტონგენი, ბ. დევისი - უინქსი (77. სისოკო), დემბელე - ერიქსენი, ალი (67. ლამელა), სონი (86. სონი) - კეინი.

ნიუკასლი-ლესტერი 2:3
გოლები: 1:0 ხოსელუ (4), 1:1 მაჰრეზი (20), 1:2 დ. გრეი (60), 2:2 გაილი (73), 2:3 პერესი (86-საკ. კარში)

საუთჰემპტონი-არსენალი 1:1
გოლები: 1:0 ოსტინი (3), 1:1 ჟირუ (88)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მერტეზაკერი (64. უელბეკი), მონრეალი - ბელერინი, რემზი, ჯაკა (69. უილშირი), კოლაშინაცი - იოზილი, ალექსის სანჩესი - ლაკაზეტი (72. ჟირუ).


ლივერპული-ევერტონი 1:1
გოლები: 1:0 სალაჰი (42), 1:1 რუნი (76-პენ)
ლივერპული (4-4-1-1): მინოლე - გომესი, ლოვრენი, კლავანი, რობერტსონი - მილნერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (78. კოუტინიო), ჰენდერსონი, მანე - სალაჰი (67. ფირმინო) - სოლანკე (82. ინგსი).

მანჩესტერ იუნ-მანჩეს. სიტი 1:2
გოლები: 0:1 დავიდ სილვა (43), 1:1 რაშფორდი (45+2), 1:2 ოტამენდი (54)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, როხო (46. ლინდელიოფი), იანგი - ერერა (82. მატა), მატიჩი - მარსიალი, ლინგარდი (76. იბრაჰიმოვიჩი), რაშფორდი - ლუკაკუ.
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, კომპანი (46. გიუნდოგანი), დელფი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა - სტერლინგი, სანე (88. ბერნარდო სილვა), გაბრიელ ჟეზუში (59. მანგალა).

ბომბარდირები: 13 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 12 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი).

მომდევნო ტური
12 დეკემბერი: ბარნლი-სტოკი, კრ. პალასი-უოტფორდი, ჰადერსფილდი-ჩელსი
13 დეკემბერი: ნიუკასლი-ევერტონი, საუთჰემპტონი-ლესტერი, სუონსი-მანჩესტერ სიტი, ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი, მანჩესტერ იუნ-ბორნმუთი, ტოტენჰემი-ბრაიტონი, ვესტ ჰემი-არსენალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული