დავიდ დე ხეამ "მანჩესტერს" "არსენალი" დაამარცხებინა [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-15 ტურში "მანჩესტერმა" ლონდონში 3:1 დაამარცხა "არსენალი". არადა, მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ (ბურთის ფლობა 70/30-ზე იყო), მეტოქის კარისკენ 33-ჯერ დაარტყეს ბურთი, აქედან 15-ჯერ კარში, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე დავიდ დე ხეა, რომელსაც "დეილი მეილმა" 9.5 ბალი დაუწერა (!).

"მანიუმ" კი პიოტრ ჩეხის კარში 8-ჯერ დაარტყა ბურთი, აქედან 4-ჯერ კარის ჩარჩოში და 3 გოლი გაიტანა. დუბლით გამოიჩინა თავი ჯესი ლინგარდმა. აღსანიშნავია, რომ 74-ე წუთზე მსაჯმა ექტორ ბელერინთან უხეშობისთვის გააძევა მოედნიდან ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომელიც შემდეგ ტურში,
10 დეკემბერს "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

14 სეივის განმხორციელებელი და ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატის რეკორდის დამყარებელი ესპანელი კიპერი შეაქო მისმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, რომელმაც თქვა, რომ ბურთი მეტოქეს შეგნებულად დაუთმეს, მათმა გეგმამ გაამართლა, დავიდის მსგავსი მეკარის თამაში თავის დღეში არ უნახავს, რაც შეეხება პოგბას, მასზე სიტყვას არ იტყვის და დე, ჟურნალისტებმა ისაუბრონ.


"ჩელსიმ" სახლში 3:1 დაამარცხა "ნიუკასლი", დუბლი ედენ აზარმა მიითვალა, რომელმაც პენალტი პანენკას სტილში გაიტანა. "არისტოკრატების" მენეჯერმა ანტონიო კონტემ თქვა, ოღონდ ბურთი გაიტანონ და რა ჩემი საქმეა როგორ გააკეთებენ ამას, თუ ვერ გაიტანენ, გამაბრაზებენო.


"ლივერპულმა" გასვლაზე "ბრაიტონი" გაანადგურა (5:1). რობერტო ფირმინომ დუბლი შეასრულა, ბოლო ბურთი კი საკუთარ კარში ლუის დანკმა შეაგდო. ცნობისათვის, მან ამ სეზონში პრემიერლიგაზე უკვე 3 ავტოგოლი გაიტანა და თუ ასე გააგრძელა, 2013/2014 წლების სეზონში ექს-ლივერპულელი მარტინ შკრტელის 4-ავტოგოლიან ანტირეკორდს დაამხობს.


ისევ იჭაკა "ტოტენჰემმა" - სტუმრად "უოტფორდთან" ფრეს, 1:1-ს დასჯერდა და მე-6 პოზიციაზე დაქვეითდა.


ლიდერი "მანჩესტერ სიტი" დღეს "ვესტ ჰემს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული