პრემიერლიგა. XIII ტურის წინ: სანახაობის მოლოდინი "ენფილდზე"

AutoSharing Option
მთავარ ინგლისურ ლიგაში ერთი ისეთი მატჩია, უიქენდის ცენტრალური დაპირისპირების ტიტულს რომ იმსახურებს - "ენფილდზე" "ლივერპული" მიიღებს "ჩელსის" და ეცდება, კიდევ უფრო გამოიკეთოს ხასიათი ბოლოდროინდელი, არცთუ ურიგო პრემიერლიგური სპექტაკლების შემდეგ.

ჩემპიონთა ლიგაში მერსისაიდელებმა რაღაც სასწაულით ვერ მოუგეს "სევილიას", "ჩელსიმ" კი აზერბაიჯანში ისე მოიგო, ხეირიანად ოფლიც არ მოუდენია. დიდი ალბათობით, ანტონიო კონტემ ძირითად შემადგენლობაში იმიტომაც არ დააყენა ალვარო მორატა, რომ "ლივერპულისთვის" ჯანმრთელად შემოენახა.

ამ შეხვედრისადმი ჩვენს მოლოდინს ისიც ზრდის, რომ ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და უპირატესობას შემტევ, ლაღ ფეხბურთს ანიჭებს. აქედან
გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს თამაში არ დაემსგავსება იმ შეხვედრებს, რომელთაგანაც თავიდან ბევრს ელოდები, ბოლოს კი ხელში აღარაფერი გრჩება.

ტრავმირებულებს რაც შეეხება, ორივე გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობითაა. კი წერენ, რომ ფილიპე კოუტინიოს მინდორზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ ის, დიდი ალბათობით, მაინც დაეხმარება თავისიანებს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ქერიკის, ბაილისა და ჯოუნსის გარეშეც არ უნდა ჰქონდეს პრობლემა "ბრაიტონთან" მატჩში. ბოლო დროის წარუმატებლობის შემდეგ ჟოზე მოურინიომ "ნიუკასლთან" გატეხა ნავსი და ახლა ლიგის დებიუტანტთან შეჩერებას, მით უმეტეს, არ აპირებს.

"ტოტენჰემი" მისთვის უხერხულ მეტოქედ ქცეულ "ვესტ ბრომვიჩს" მიიღებს. ამ გუნდების შეხვედრებში ძალიან ხშირად ფიქსირდება ხოლმე ფრე, თუმცა "დეზებს" მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა თუ სურთ, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოიგონ. მით უფრო, ვიქტორ ვანიამასა და ტობიას ალდერვეირელდს თუ არ ჩავთვლით, მაურისიო პოჩეტინოს ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს.

"მანჩესტერ სიტი" ბენჟამენ მენდის გარეშე ესტუმრება "ჰადერსფილდს" და სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვერ მოიგოს. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაფრინავს და თუ ასე გაგრძელდა, მალე ინგლისში ჩემპიონობისთვის ბრძოლა ნაადრევად მორჩება.

"არსენალი" კი 3 ქულისთვის ჩააკითხავს "ბარნლის". არადა, მეტოქე შინ კარგად თამაშობს. ყოველ შემთხვევაში, არსენ ვენგერის გუნდს უკან დასახევი გზა აღარ აქვს. გასულ უქმეებზე "ტოტენჰემთან" მოგება, წესით, კარგი სტიმული უნდა იყოს "მეთოფეებისთვის".

ფაქტები
  • "ვესტ ჰემს", ყველა ტურნირის ჩათვლით, 6 მატჩია, "ლესტერი" არ დაუმარცხებია.
  • ასევე, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 5 მატჩია, "კრისტალ პალასს" არ მოუგია.
  • "მანჩესტერი" და "ბრაიტონი" პრემიერლიგაში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
  • "ბორნმუთმა" "სუონსის" ბოლო 6 მატჩიდან 5 მოუგო.
  • "ტოტენჰემისა" და "ვესტ ბრომვიჩის" ბოლო 5 ურთიერთშეხვედრიდან 3 ფრედ დასრულდა.
  • "ლივერპულსა" და "ჩელსის" შორის ბოლო 5 მატჩიდან ოთხში ორივემ გაიტანა.
  • ბოლო 6 მატჩია, "არსენალი" უგებს "ბარნლის".
ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური
პარასკევი, 24 ნოემბერი
ვესტ ჰემი-ლესტერი 23:59

შაბათი, 25 ნოემბერი
კრ. პალასი-სტოკი 19:00
მანჩესტერ იუნ-ბრაიტონი 19:00
ნიუკასლი-უოტფორდი 19:00
სუონსი-ბორნმუთი 19:00
ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ლივერპული-ჩელსი 21:30

კვირა, 26 ნოემბერი
საუთჰემპტონი-ევერტონი 17:30
ბარნლი-არსენალი 18:00
ჰადერსფილდი-მან. სიტი 20:00

ბომბარდირები: 9 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალვარო მორატა (ჩელსი); 7 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული