პრემიერლიგა. X ტური: მომწიფებული "ტოტენჰემი" პრაგმატულ "იუნაიტედთან"

AutoSharing Option
"ოლდ ტრაფორდზე" დიდ მატჩს ველით. სტუმრად მოდის შემტევი და ძალიან თვალსასეირო "ტოტენჰემი", რომელსაც ჟოზე მოურინიოს მძიმე, მაგრამ კარგად აწყობილი და შედეგზე ორიენტირებული გუნდი დახვდება. პრემიერლიგაში ასე ბევრჯერ მომხდარა - თამაშის მოლოდინი დიდია, მერე მორჩება და ხედავ, რომ ხელში არაფერი გაქვს. მაგრამ იმედია, ამჯერად ასე არ იქნება და გუნდები მხოლოდ ქულისთვის არ ითამაშებენ, როგორც გრანდების ჯახში ხშირად ხდება ხოლმე.

გინდა თუ არა, თამაშის აფიშა ისეთია, გვერდით იწევს ყველა სხვა შეხვედრა. ბევრის აზრით, "ტოტენჰემი" საბოლოოდ მომწიფდა იმისთვის, რომ ჩემპიონობას დაუმიზნოს და რეალურად
იბრძოლოს კიდეც ამისთვის. რაც შეეხება "მანჩესტერს", ამ შემადგენლობით მოურინიო სხვა მიზანს, უბრალოდ, ვერც დაისახავს. ეს არ არის პორტუგალიელის პირველი სეზონი არც "მანჩესტერში" და, მით უმეტეს, არც პრემიერლიგაში. ამიტომ, მოთხოვნაც შესაბამისია.

შემადგენლობის მხრივ "ტოტენჰემს" პრაქტიკულად არანაირი პრობლემა არ აქვს. ერიკ ლამელას ტრავმა მხედველობაში აღარ არის მისაღები, "დეზები" მის გარეშე თამაშს უკვე შეეჩვივნენ. სხვა დანაკლისი მაურისიო პოჩეტინოს გუნდს არ აქვს. კვლავაც გაურკვეველია, ითამაშებს თუ არა კენიელი საყრდენი ნახევარმცველი ვიქტორ ვანიამა.

ოთხშაბათს "ტოტენჰემმა" სათასო დერბი წააგო პრინციპულ მეტოქე "ვესტ ჰემთან", მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - პოჩეტინოს გუნდი 2:0-ს იგებდა, საბოლოოდ კი 2:3 დამარცხდა.

"ვესტ ჰემისთვის" ეს გამარჯვება, შეიძლება, კარგი სტიმული იყოს პრემიერლიგაში სიტუაციის გამოსასწორებლად. "ტოტენჰემს" კი, ცხადია, ცალი თვალი "მანჩესტერთან" შაბათის მატჩზე ეჭირა და ლიგის თასიდან გავარდნის (რაც თავისთავად ცუდია) გამო თავს არ მოიკლავს.

"მანჩესტერის" დანაკლისი კი ფრიად სერიოზულია - ბაილი, ფელაინი, ქერიკი და პოგბა მოურინიოს ლაშქარში რიგითები ნამდვილად არ არიან. რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მან ვარჯიში განაახლა, თუმცა დაბრუნების ზუსტ თარიღზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

რაც შეეხება სხვა გრანდებს, ყველა მათგანი ფავორიტია ამ უქმეებზე, თუმცა, ვიცით, რომ პრემიერლიგაში იოლად თამაშს ვერ მოიგებ და არც სიურპრიზები უნდა გამოვრიცხოთ.

"ლესტერი"-"ევერტონის" დაპირისპირება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ბოლო პერიოდში ორივე გუნდმა განიცადა სამწვრთნელო რყევები. თუკი "ლესტერში" სადებიუტო მატჩი ექნება ფრანგ კლოდ პიუელს (გუშინ ის ოფიციალურად დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე), "ევერტონს" ჯერაც დროებითი მწვრთნელი დევიდ ანსუორთი გაუძღვება.

ფაქტები
  • "მანჩესტერისა" და "ტოტენჰემის" ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გადის.
  • "არსენალსა" და "სუონსის" შორის ბოლო 5 მატჩიდან ოთხში საშუალოდ 2,5 გოლზე მეტი გავიდა.
  • "ლივერპული" პრემიერლიგაში პირველად შეხვდება "ჰადერსფილდს".
  • "სტოკმა" ბოლო 3 ურთიერდაპირისპირება მოუგო "უოტფორდს".
  • "მანჩესტერ სიტისთვის" "ვესტ ბრომვიჩი" იოლი მეტოქეა - "ქალაქელებმა" ამ გუნდს ზედიზედ 12 შეხვედრა მოუგეს.
  • "ევერტონს", ყველა ტურნირის ჩათვლით, ზედიზედ 6 მატჩია, არ მოუგია.

პრემიერლიგა. X ტური
შაბათი, 28 ოქტომბერი
მანჩესტერ იუნ-ტოტენჰემი 15:30
არსენალი-სუონსი 18:00
კრ. პალასი-ვესტ ჰემი 18:00
ლივერპული-ჰადერსფილდი 18:00
უოტფორდი-სტოკი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტ. სიტი 18:00
ბორნმუთი-ჩელსი 20:30

კვირა, 29 ოქტომბერი
ბრაიტონი-საუთჰემპტონი 17:30
ლესტერი-ევერტონი 20:00

ორშაბათი, 30 ოქტომბერი
ბარნლი-ნიუკასლი 23:59

ბომბარდირები: 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 6 - ალვარო მორატა (ჩელსი), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 5 - ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი), მოჰამედ სალაჰი (რომა), ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
marto totenhemma?iseti shtabechdileba mrcheba es tasi yvelaqveyanashi pinansebis mosazidadaa gatvlili(anu totalizatortan iyopen tanxas)radgam evropaehi 97% grandebma waages ch klasis gundbtan...
euhh
14:54 28-10-2017
0

სიახლეები პოპულარული