პრემიერლიგა. VI ტური: გრანდების დღე [VIDEO]

AutoSharing Option
შაბათს ორივე მანჩესტერულმა გრანდმა გაიმარჯვა და 6 ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილში ორხელისუფლებიანობა შენარჩუნდა...

საერთოდ, ეს გრანდების დღე იყო - დიდი ექვსეულიდან ხუთმა ითამაშა და ხუთივემ 3-3 ქულა გაიფორმა აქტივში...

მანჩესტერ სიტი-კრისტალ პალასი
"მანჩესტერ სიტიმ" შავი დღე აყარა "კრისტალ პალასს" და თანაქალაქელ "იუნაიტედს" ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობს. გასაოცარი შედეგიანობაა - პეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩში გაიმარჯვა საერთო ანგარიშით - 16:0!

ყოველ თამაშში "სიტის" ახალი გმირი ჰყავს. ფაქტია - ამ გუნდში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, თამაშის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია. გვარდიოლამ
შარშანდელი შეცდომები გაითვალისწინა და გუნდი საჩემპიონოდ მოამზადა, თუმცა იქამდე გზა ჯერ კიდევ გრძელია...

რაც შეეხებათ "არწივებს" (როგორ არ შეეფერებათ "კრისტალ პალასის" ბიჭებს ეს მეტსახელი), ეს ამ გუნდის ერთი რიგითი მარცხი რომ ყოფილიყო, ვინ ამოიღებდა ხმას, მაგრამ რეალობა სხვაა - ინგლისის ტოპდივიზიონის ყველა დროის ანტირეკორდი ახალ ნიშნულზე ავიდა: 6 ტურის შემდეგ არც ერთი ქულა და არც ერთი გატანილი გოლი! საქმეს ისეთი პირი უჩანს, ვეღარც ახალდანიშნული როი ჰოჯსონი გაძლებს დიდხანს...

მატჩის გმირი
აქ აზრები შეიძლება გაიყოს - დუბლის შემსრულებელი რაჰიმ სტერლინგი თუ ლეროი სანე? სტერლინგი ხასიათის ფეხბურთელია და, ეტყობა, ამიტომაც არ ისურვეს BBC-ის ექსპერტებმა ავანსების გაცემა. ამიტომ, მატჩის გმირად სანე მიიჩნიეს, ვინც ჯერ გახსნა ანგარიში და სათავე დაუდო "კრისტალ პალასის" რბევას, ხოლო მეორე ტაიმში 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასე რომ, მისი გავლენა მატჩის შედეგზე უფრო მეტი იყო.

ფაქტები
  • "მანჩესტერ სიტიმ" 6 მატჩში 21 გოლი გაიტანა, რაც ამ კლუბისთვის საუკეთესო შედეგია.
  • 1958/59 წლების შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ ინგლისის ტოპდივიზიონის გუნდმა ზედიზედ სამ მატჩში თითოეულში 5 და მეტი გოლი გაიტანა.
  • უშუალოდ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში დავიდ სილვამ 7 გოლში მიიღო მონაწილეობა.
  • ლეროი სანემ ამ სეზონში ჩატარებულ ყველა ტურნირში 7 დარტყმიდან 5 გოლი გაიტანა.
  • "კრისტალ პალასი" ერთადერთი გუნდია ევროპის ხუთ მთავარ ლიგაში, მიმდინარე სეზონში ჯერ გოლი რომ არ გაუტანია.

საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი
"იუნაიტედმა" რთულ ბრძოლაში გაიმარჯვა, თუმცა ჟოზე მოურინიოს ასეთი გამარჯვებები არასოდეს ანაღვლებდა - მნიშვნელოვანი და დაგეგმილი 3 ქულა მოპოვებულია და იმ გაძევებასაც როგორმე გადაიტანს. თამაშის მიწურულს არბიტრმა კრეიგ პოუსონმა "მანჩესტერის" თავკაცს ტრიბუნებისკენ მიუთითა. ცხადია, მატჩის შემდეგ მოურინიოს გაძევების მიზეზზე ჰკითხეს, თუმცა მან მსაჯისკენ გაიშვირა ხელი - წარმოდგენა არ მაქვს, რას მერჩოდა, ჯობია, მას ჰკითხოთო...

აღვნიშნოთ რომელუ ლუკაკუს მე-6 გოლი მიმდინარე პრემიერლიგაში და მერვე - ამ სეზონის ყველა ტურნირში. ვთქვათ იმაზეც, რომ "საუთჰემპტონი" ახლოს იყო ფრესთან, ორიოლ რომეუს თავურის შემდეგ მარუან ფელაინის კარის ხაზიდან რომ არ გამოეტანა ბურთი...

ფაქტები
  • "მანჩესტერ იუნაიტედს" 6 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს, რაც ამ გუნდის საუკეთესო სტარტია 2011/12 წლების სეზონის შემდეგ.
  • "საუთჰემპტონმა" პრემიერლიგის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთში გაიტანა გოლი.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" 6 ტურიდან ხუთში კარი "მშრალად" შეინახა, რაც ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია პრემიერლიგაში, ხოლო 6 მატჩში გაშვებული 2 გოლით მხოლოდ თანალიდერი "სიტი" თუ შეედრება.
  • მიმდინარე სეზონში მეორე შემთხვევაა (პირველი - "სუონსისთან"), რომ "საუთჰემპტონმა" უფრო მეტჯერ დაარტყა კარში, ვიდრე მეტოქემ. თუმცა "წმინდანებმა" ვერც ერთ ამ შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანეს.

სტოკი-ჩელსი
მატჩის გმირი
"ჩელსიმ" ზედიზედ მესამე საგარე მატჩი მოიგო (ასპროცენტიანი შედეგი მიმდინარე სეზონში) და ლიდერებს კვალში უდგას. ეს ყველაფერი კი ალვარო მორატას დამსახურებაა.

24 წლის ესპანელი ფორვარდი "ჩელსის" მე-17 ფეხბურთელი გახდა, ვინც პრემიერლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა (მხოლოდ "არსენალს" ჰყავს მეტი ჰეთთრიკოსანი - 19).

და კიდევ - პირველ 6 ტურში "ჩელსის" არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია იმხელა წილი გოლებში, რამდენიც მორატას - 8 (6 გაიტანა, 2 სხვას გაატანინა).

ფაქტები
  • "სტოკმა" "ჩელსის" წინააღმდეგ წააგო ყველა მეტი (14) მატჩი და გაუშვა ყველაზე მეტი (42) გოლი, ვიდრე დღევანდელი პრემიერლიგის ნებისმიერმა სხვა გუნდმა.
  • მარკ ჰიუზმა, როგორც პრემიერლიგაში მომუშავე მწვრთნელმა, კონკრეტულად "ჩელსის" შეხვედრებში ყველაზე მეტი (16) მარცხი იწვნია და ყველაზე მეტი (47) გოლი გაუშვა, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდთან.
  • "ჩელსიმ" პრემიერლიგის" ბოლო 9 საგარეო მატჩიდან 8 მოიგო (1 მარცხი), რაც ამ გუნდის საუკეთესო სერიაა 2009 წლის შემდეგ.
  • ალვარო მორატამ მატჩის პირველი გოლი გაიტანა 82-ე წამზე, რაც მეორე შედეგია პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში. ჯერჯერობით, ლიდერობას ინარჩუნებს შინჯი ოკაზაკი ("ლესტერი"), ვინც მეორე ტურში "ბრაიტონს" 52-ე წამზე გაუტანა.

ვესტ ჰემი-ტოტენჰემი
მიუხედავად მარცხისა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა წაგებულიც აპლოდისმენტებს იმსახურებდა, და არა მხოლოდ აპლოდისმენტებს, იქნებ - ქულასაც. მატჩის შემდეგ "ტოტენჰემის" მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ აღიარა სირთულეები და იქვე დასძინა, რომ ეს გამარჯვება მისთვის სამ ქულაზე მეტად ფასობს...

ჰარი კეინისგან კი ასეთი რამეები აღარ გვიკვირს. პირველი ტაიმის ბოლოს მან ორი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და უდიდესი როლი ითამაშა "მამლების" გამარჯვებაში. არ გვიკვირს იმადაც, რომ კეინი ლონდონური დერბების მთავარი მეგოლეა - 21 გოლი 29 მატჩში!

ფაქტები
  • 1991/92 წლების სეზონის შემდეგ "ტოტენჰემმა" პირველად მოიგო პრემიერლიგის პირველი 3 გასვლითი სასტარტო მატჩი.
  • 2015/16 წლების სეზონიდან მოყოლებული, დელე ალიმ ჰარი კეინს 11 საგოლე პასი გადააწოდა.
  • დანიელ ფეხბურთელთაგან კრისტიან ერიქსენს ("ტოტენჰემი") პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 33.
  • 2015 წლის მაისის შემდეგ (84 მატჩი) პირველი შემთხვევაა, რომ "ტოტენჰემის" ფეხბურთელმა (სერჟ ორიე) წითელი ბარათი მიიღო.

ლესტერი-ლივერპული
"კინგ ფაუერზე" გამართული ბრძოლა შინაარსითაც და სიუჟეტის განვითარებითაც ძალიან ჰგავდა "ვესტ ჰემისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებას. მაგრამ აქ მასპინძელს უფრო მეტი შანსი ჰქონდა იმ თამაშის შემოსატრიალებლად, რომელსაც თავიდან 2 ბურთის სხვაობით აგებდა.

აი, ჯეიმი ვარდის პენალტი რომ გაეტანა... არადა, ეს ის ვარდია, ყველაზე მეტი ბურთი სწორედ "ლივერპულის" კარში რომ აქვს გატანილი - 6 გოლი ბოლო 4 მატჩში.

მოკლედ, "ლივერპულმა" რევანში აიღო რამდენიმე დღის წინ ამავე სტადიონზე ლიგის თასის დაპირისპირებაში წაგების (0:2) გამო.

მატჩის გმირი
ფილიპე კოუტინიომ თავისი პირველი გოლი გაიტანა ამ სეზონში. ბრაზილიელმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ხოლო მანამდე მოჰამედ სალაჰს გაუმართა ხელი ანგარიშის გახსნაში.

ფაქტები
  • 2013/14 წლების სეზონის შემდეგ სიმონ მინოლემ ("ლივერპული") ყველაზე მეტი (15) პენალტი მოიგერია.
  • წინა სეზონში საკუთარ მოედანზე "ლივერპულის" დამარცხების შემდეგ, "ლესტერმა" "დიდი ექვსეულის" ყველა გუნდთან წააგო და ამ შეხვედრებში 20 გოლი გაუშვა.
  • "ლივერპულმა" პრემიერლიგის ბოლო 3 საგარეო მატჩში 10 გოლი გაუშვა.
  • პრემიერლიგაში დებიუტის შემდეგ ფილიპე კოუტინიომ ყველაზე მეტი (16) გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან.

ფაქტები სხვა მატჩებიდან
  • უეინ რუნიმ ("ევერტონი") პრემიერლიგის მე-400 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში.
  • "ევერტონმა" დაასრულა 401-წუთიანი "მშრალი" სერია.
  • "ბარნლი" არ დამარცხებულა პრემიერლიგის ზედიზედ 4 მატჩში (1 მოგება, 3 ფრე), რაც პირველი შემთხვევაა 2014 წლის შემდეგ.
  • 1983 წლის შემდეგ "უოტფორდმა" პირველად მოუგო "სუონსის" გასვლითი მატჩი.
  • "სუონსიმ" წააგო ზედიზედ 3 საშინაო მატჩი, რაც პირველი შემთხვევაა 2014 წლის შემდეგ.
  • რიჩარლისონმა ("უოტფორდი") მიმდინარე პრემიერლიგაში სულ 3-ჯერ დაარტყა კარში და 2 გოლი გაიტანა.

ვესტ ჰემი-ტოტენჰემი 2:3
გოლები: 0:1 კეინი (34), 0:2 კეინი (38), 0:3 ერიქსენი (60), 1:3 ერნანდესი (65), 2:3 კუიატე (87)
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ალდერვეირელდი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი - ორიე, სისოკო (78. ტრიპიერი), დაიერი, ბ. დევისი - ერიქსენი (73. უინქსი), ალი - კეინი (89. ლორენტე).
გაძევება: ორიე (70. ტოტენჰემი)


ევერტონი-ბორნმუთი 2:1
გოლები: 0:1 ჯ. კინგი (49), 1:1 ნიასე (77), 2:1 ნიასე (88)


მანჩესტერ სიტი-კრისტალ პალასი 5:0
გოლები: 1:0 სანე (44), 2:0 სტერლინგი (51), 3:0 სტერლინგი (59), 4:0 აგუერო (79), 5:0 დელფი (89)
სიტი (4-1-4-1): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი (70. დელფი), ოტამენდი, მენდი (29. დანილო) - ფერნანდინიო - სანე, დე ბრუინი, დავიდ სილვა, სტერლინგი (61. ბერნარდო სილვა) - აგუერო.


საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:1
გოლი: 0:1 ლუკაკუ (20)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ბაილი, ჯოუნსი, იანგი - ფელაინი, მატიჩი - მატა (62. ერერა), მხითარიანი (75. სმოლინგი), რაშფორდი (90+3. ბლინდი) - ლუკაკუ.


სტოკი-ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 მორატა (2), 0:2 პედრო (30), 0:3 მორატა (77), 0:4 მორატა (82)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რიუდიგერი - მოზესი, კანტე, ბაკაიოკო, ალონსო (59. კეჰილი) - ვილიანი (72. აზარი), პედრო (68. ფაბრეგასი) - მორატა.


სუონსი-უოტფორდი 1:2
გოლები: 0:1 გრეი (13), 1:1 აბრაჰამი (56), 1:2 რიჩარლისონი (90)


ლესტერი-ლივერპული 2:3
გოლები: 0:1 სალაჰი (15), 0:2 კოუტინიო (23), 1:2 ოკაზაკი (45+3), 1:3 ჰენდერსონი (68), 2:3 ვარდი (69)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო - ჩანი (74. მილნერი), ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი, კოუტინიო (79. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ფირმინო (64. სტარიჯი).
გამოუყენებელი პენალტი: ვარდი (73. ლესტერი)


ბარნლი-ჰადერსფილდი 0:0


ბრაიტონი-ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 ჰემედი (51)


ორშაბათი. 25 სექტემბერი
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი 23:00

ბომბარდირები: 6 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალვარო მორატა (ჩელსი); 5 - ჯეიმი ვარდი (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 4 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

მომდევნო ტური
30 სექტემბერი:
ჰადერსფილდი-ტოტენჰემი, ბორნმუთი-ლესტერი, მანჩესტერ იუნაიტედი-კრისტალ პალასი, სტოკი-საუთჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი-უოტფორდი, ვესტ ჰემი-სუონსი, ჩელსი-მანჩესტერ სიტი

1 ოქტომბერი:
არსენალი-ბრაიტონი, ევერტონი-ბარნლი, ნიუკასლი-ლივერპული

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული