იურგენ კლოპს შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავკაცი იურგენ კლოპი აცხადებს, რომ მისი გუნდი კვლავ იაქტიურებს სატრანსფერო ბაზარზე, რადგან დღევანდელი შემადგენლობა იმდენად ღრმა არ არის, რომ რამდენიმე ფრონტზე გაუმკლავდეს მისიას.

გერმანელ სპეციალისტს სჯერა, რომ "ლივერპული" ვინმეს აუცილებლად დაიმატებს და გაძლიერდება.

"წითლების" მონაგარი სატრანსფერო ბაზარზე ჯერ არც ისე შთამბეჭდავია - მოჰამედ სალაჰი, დომინიკ სოლანკე და ენდი რობერტსონი. ამ სეზონში "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგაზე აქვს სათამაშო. ამიტომაც კლოპმა კარგად იცის, რომ მეტი სიახლეა გუნდში საჭირო.

"ჩვენ ჯერ კიდევ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. კარგად ვიცი, რომ ეს შემადგენლობა ჩვენი
მიზნების მისაღწევად საკმარისი არ არის".

დაცვაში "ლივერპულს" დიდი ხანია აკავშირებენ "საუთჰემპტონის" ვირხილ ვან დეიკთან. "უოტფორდთან" 3:3 დასრულებულმა შეხვედრამ კარგად გამოაჩინა, რომ "ლივერპული" კარგად ვერ იცავს თავს, განსაკუთრებით, სტანდარტული მდგომარეობების დროს. "ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ დაცვაში", - ამბობს გერმანელი.

კლოპმა ადრე განაცხადა, რომ მეტი ცენტრალური მცველი აღარ სჭირდებოდა. ახლა მას ამ პოზიციაზე მატიპი, ლოვრენი, საქო და კლავანი ჰყავს. ექსლივერპულელი ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ ვან დეიკის დამატება არ მოიტანს სასურველ შედეგს, რადგან პრობლემა არა მცველებში, არამედ ტაქტიკაშია: "ეს პრობლემა მწვრთნელმა უნდა მოაგვაროს, ერთი ახალი მცველი ვერ გამოასწორებს იმას, რომ "ლივერპული" სეზონში 50 გოლს უშვებს. "წითლების" თამაში სტანდარტული მდგომარეობების დროს პრემიერლიგაში ყველაზე უსუსურია. წლიდან წლამდე სტანდარტულები და კონტრშეტევებისას დაცვაში თამაში გუნდის სუსტ წერტილად რჩება", - ამბობს საფეხბურთო ექსპერტი.

გაძლიერებაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ დიდი საფრთხეა, გუნდმა ერთ-ერთი ლიდერი დაკარგოს - ფილიპე კოუტინიო რამდენიმე გრანდს სურს და მათ შორის ყველაზე სერიოზულად "ბარსელონაა" განწყობილი. კლოპი ცდილობს, არ იფიქროს კოუტინიოს საგაზე: "რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და თავს კომფორტულად ნამდვილად არ ვგრძნობ, მაგრამ ვიცი, რა უნდა მოვიმოქმედო".

კლოპმა მტკიცედ უნდა იმოქმედოს, დღეს მის გუნდს პირველი სერიოზული გამოცდა ელის - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი გერმანულ "ჰოფენჰაიმთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული