ბუნდესლიგა. XXIX ტურის წინ: ეპიცენტრი ლაიპციგში

AutoSharing Option
ერთი შეხედვით, "ბაიერნისთვის" სულერთი უნდა იყოს, როდის გაიფორმებს ოფიციალურად ჩემპიონობას - ამ ტურში, თუ ერთი კვირის შემდეგ, მაგრამ ეს ისეთი რამეა, დროში გადადება არ უხდება. ამიტომ, "რეკორდმაისტერი" ახლავე ეცდება აუგსბურგიდან შინ ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდეს, რასაც გამარჯვება სჭირდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საგარეო მატჩი მთლად იოლი არ უნდა გამოდგეს იუპ ჰაინკესის გუნდისთვის, რადგან გერმანულმა გრანდმა ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა და დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ. თუმც ეს არ იყო ისეთი თამაშის ხარისხი, როგორსაც "ბაიერნის" ფანები ისურვებდნენ
და ეს ჰაინკესმაც აღიარა.

მანეულ ნოიერისა და კინგსლი კომანის გარდა, მიუნხენურ გრანდს ვერაფრით დაეხმარება დავიდ ალაბა, რომელიც "სევილიასთან" მატჩში დაშავდა. სხვა ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან. ფავორიტის შანსებს ისიც ზრდის, რომ მეტოქეს მისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ფეხბურთელი არ ეყოლება.

ერთი სიტყვით, "ბაიერნი" ამ უქმეებზე გახდება ჩემპიონი თუ ვერა, ეს აღარ არის ბუნდესლიგის მთავარი ინტრიგა, ახლა საინტერესოა ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი 3 ადგილისთვის, რომელზეც 6 კლუბი აცხადებს პრეტენზიას.

მეორეადგილოსანი "შალკე" ჩადის "ჰამბურგთან". წესით, გარკვეული უპირატესობა გელზენკირხენელებს უნდა ჰქონდეთ, თუნდაც იმიტომ, რომ მასპინძლებს ლამის ნახევარი გუნდი ჰყავთ ლაზარეთში, სტუმრები კი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ, თან კარგ ფორმაშიც არიან - "ხუმარებმა" ზედიზედ მოიგეს 6 მატჩი და გაუშვეს მხოლოდ ერთი გოლი.

"ჰამბურგის" მდგომარეობა კი ტურიდან ტურამდე უიმედო ხდება. ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული გერმანული კლუბი ძალიან ახლოს არის მწარე რეალობასთან - პირველად, არსებობის განმავლობაში, გავარდეს ბუნდესლიგიდან.

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ყველაზე გვიან გაიმართება. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები შეხვდებიან - "ლაიპციგისა" და "ლევერკუზენის" უშუალო ჯახი მართლაც დიდ ინტერესს იწვევს. "ფარმაცევტებს" ის უპირატესობა აქვთ, რომ მეტოქემ გუშინ ევროპალიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი გამართა...

"დორტმუნდი" სეზონის ბოლოს შეელევა მთავარ მწვრთნელ პეტერ შტიოგერს. მანამდე, "კიოლნის" ყოფილ დამრიგებელს ერთადერთი ამოცანა აქვს - როგორმე ღირსეულად ჩაამთავრებინოს სეზონი გუნდს და ჩემპიონთა ლიგის მიღმა არ დატოვოს, რაც ნამდვილი კატასტროფა იქნება "დორტმუნდის" გულშემატკივრებისთვის და თავად ტიტულოვანი კლუბისთვისაც.

ფაქტები
  • "ვერდერმა" ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო (1 ფრე) და ამ 4 თამაშიდან თითოეულში გავიდა 2,5-ზე მეტი გოლი.
  • "ბაიერნმა" ბოლო 6 მატჩი მოუგო "აუგსბურგს".
  • "კიოლნისა" და "მაინცის" ბოლო სამ ურთიერთშეხვედრაში მინიმუმ ერთ გუნდს ვერ გაჰქონდა გოლი.
  • 5 შეხვედრაა, "ფრაიბურგმა" ბუნდესლიგაში გამარჯვების გემო არ იცის.
  • "დორტმუნდისა" და "შტუტგარტის" ბოლო 9 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ჰანოვერმა" წააგო ზედიზედ 5 მატჩი.
  • "აინტრახტისა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

ბუნდესლიგა. XXIX ტური
პარასკევი, 6 აპრილი
ჰანოვერი-ვერდერი 2:1
გოლები: 1:0 მარტინ ჰარნიკი (17), 2:0 ფელიქს კლაუსი (42), 2:1 იშაკ ბელფოდი (74)

შაბათი, 7 აპრილი
კიოლნი-მაინცი 17:30
ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 17:30
გლადბახი-ჰერტა 17:30
აუგსბურგი-ბაიერნი 17:30
ჰამბურგი-შალკე 20:30

კვირა, 8 აპრილი
დორტმუნდი-შტუტგარტი 17:30
აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 20:00

ორშაბათი, 9 აპრილი
ლაიპციგი-ლევერკუზენი 22:30

ბომბარდირები: 26 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 12 - მარკ უტი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული