ბუნდესლიგა. XXII ტური: მარკო როისის დაბრუნება 259 დღის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
"დორტმუნდის" შემადგენლობაში მორიგი ტრავმის შემდეგ მარკო როისი დაბრუნდა, რომელიც 259 დღე ვერ ახერხებდა მოედანზე გასვლას და მაშინვე კაპიტნის სამკლავური მიიღო.

შაბათის მატჩი ასევე გამორჩეული იყო ლუკაშ პიშჩეკისთვის, რომელიც დაეწია "ბორუსიაში" თამაშების რაოდენობით სახელგანთქმულ შვეიცარიელ ფორვარდ სტეფან შაპუიზას (284).

სწორედ პოლონელმა გადაარჩინა მასპინძლები გარდაუვალ გოლს, როცა წაქცეულმა მოიგერია მეტოქის დარტყმა. ეს იყო ყველაზე რეალური მომენტი პირველ ტაიმში, რომელიც სულაც არ მიდიოდა დორტმუნდელთა სცენარით. ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა "ჰამბურგმა" გადაურბინა მასპინძლებს - შესვენებისთვის 5 კილომეტრით მეტი ჰქონდა ნარბენი.

მაგრამ, როგორც კი დორტმუნდელებმა
სიჩქარეს უმატეს, მცველებმა ვერ მოასწრეს ბატშუაის შეჩერება და ბელგიელმა გოლის შემდეგ, ობამეიანგის საუკეთესო ტრადიციებში, შთამბეჭდავი სალტო შეასრულა. ბელგიელმა გერმანული კარიერა გაბონელის რიტმში დაიწყო - მესამე ფეხბურთელი გახდა "დორტმუნდის" ისტორიაში, რომელმაც ბუნდესლიგის ორ სადებიუტო მატჩში გამოიჩინა თავი.

კიდევ ერთი შესანიშნავი ანალოგია წარმოიშვა კომპენსირებულ დროში, როცა კარგ ფორმაში შესულმა შიურლემ გიოტცეს გაატანინა. საქმე ისაა, რომ ბოლოს ასეთი საგოლე კომბინაცია მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში ვნახეთ...


* * *
იუპ ჰაინკესს გრიპი შეეყარა და ამიტომაც ტურის ცენტრალურ მატჩს ტელევიზორში უყურებდა. მას არ ჰქონდა საშუალება, მიელოცა ალაბასთვის, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა ისტორიაში, რომელმაც "ბაიერნის" მაისურით 200 მატჩი ჩაატარა.

სწორედ ავსტრიელმა დაიწყო პირველი საგოლე კომბინაცია, როცა ცენტრში გადაცემა გააკეთა, მიულერმა საჯარიმოდან დაარტყა და კართან ახლოს მდგომი ლევანდოვსკი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გერდ მიულერის რეკორდს - ზედიზედ მე-11 საშინაო მატჩში გაიტანა. სხვათა შორის, ამგვარი მიღწევა ჰქონდა ჰაინკესს 1972-73 წლების სეზონში!

გელზენკირხენელთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ლეონ გორეტცკა, რომელმაც უკვე გააფორმა "ბაიერნთან" კონტრაქტი და მიუნხენში ზაფხულში გადავა. სწორედ მან დაუდო სათავე სტუმრების საპასუხო საგოლე შეტევას, როცა რიბერის აართვა ბურთი.

დი სანტოს გოლმა საქმეს ვერ უშველა, რადგან კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ ათამაშებულმა მიულერმა ლიდერს მორიგი გამარჯვება მოუტანა. თომასისთვის ეს იყო მე-200 მოგება კარიერაში და ის ამ ნიშნულამდე ყველაზე ადრე მივიდა გერმანული ფეხბურთის ისტორიაში - სულ რაღაც 275 მატჩში.


* * *
რაც შეეხება მატჩებს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად მებრძოლ გუნდებს შორის, აქ პატარა გადატრიალება მოხდა. კრახი განიცადა "ლევერკუზენმა", რომელიც ტურის წინ მეორე ადგილს იყოფდა "ლაიპციგთან".

"ბაიერმა" ზედიზედ მეორე მატჩში ვერ გაიტანა და წააგო "ჰერტასთან", რომელსაც დეკემბრის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. ამით ის ტოპ-ოთხეულიდან გამოვარდა. სამაგიეროდ, იქ შევიდა "აინტრახტი", რომელმაც პირველად ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით ოთხი გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ წინა ტურში "აუგსბურგთან" 0:3 წაგებას გუნდზე არ უმოქმედია.

ფაქტები
  • "ბაიერნმა" ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო.
  • "ბაიერნს" 15 მატჩია ფრე არ უთამაშია.
  • "ბაიერნი" 33 მატჩია (+27=6) შინ არ მარცხდება. ბოლო წაგება საკუთარ მოედანზე 2016 წლის 2 მარტით თარიღდება.
  • "დორტმუნდს" შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
  • როისმა პირველად ითამაშა 2017 წლის მაისის შემდეგ.
  • "ჩელსიდან" დორტმუნდში" გადასვლის შემდეგ ბატშუაიმ ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა.
  • ზამთრის პაუზის შემდეგ ხამეს როდრიგესმა სამივე მატჩში შეძლო გოლის ან საგოლე პასის დაგროვება.
  • "ბაიერნი" ზედიზედ 19 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
  • როცა მიულერს გოლი გააქვს, "ბაიერნი" არ აგებს ბუნდესლიგაში - 75 მოგება და 4 ფრე.
  • "დორტმუნდმა" მე-500 საშინაო გამარჯვება მოიპოვა ბუდესლიგაში.
  • "დორტმუნდი" და "ჰამბურგი" 102-ედ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ მატჩებში 362 გოლი გავიდა. ბუნდესლიგაში არც ერთი წყვილის დაპირისპირებაში არ ყოფილა ამდენი გოლი.
  • "ლევერკუზენმა" ზედიზედ მეორე მატჩში ვერ გაიტანა, არადა, მანამდე ზედიზედ 25 მატჩში უგოლოდ არ ტოვებდა მოედანს.
  • ლევერკუზენელმა ჰაფერცმა 50-ე მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში.
  • "შალკემ" ზედიზედ მეორედ წააგო, ბოლო ექვს მატჩში კი ერთი მოგება აქვს.
  • "შალკეს" "ბაიერნთან" 15-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ამ სერიისას, გელზენკირხენელებმა 45 შესაძლებლიდან 3 ქულა აიღეს.
  • აინტრახტმა" ზედიზედ მეოთხედ მოუგო შინ "კიოლნს".
  • "აინტრახტს" ამ სეზონში არ წაუგია მატჩი, როცა დაწინაურებული იყო - 10 მოგება, 4 ფრე.
  • "აინტრახტმა" პირველად გაიტანა სამზე მეტი გოლი ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით.
  • რუსის გოლი პირველი იყო ამ სეზონში "აინტრახტისთვის", რომელიც მცველმა გაიტანა.
  • "ჰოფენჰაიმმა" შეწყვიტა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია.
  • "ჰერტა" ოთხი ტურია არ მარცხდება და ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
  • "ჰერტას არასოდეს წაუგია პალ დარდაის ხელმძღვანელობით, როცა პირველი ტაიმის შემდეგ იყო დაწინაურებული - 25 მოგება, 2 ფრე.
  • შეწყდა "ფრაიბურგის" ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია.
  • "მაინცმა" ზედიზედ მესამედ წააგო, ბოლო 10 მატჩში კი ერთადერთი მოგება აქვს.
  • "მაინცს" 17 მატჩია სტუმრად არ მოუგია. ბოლო გასვლითი მოგების თარიღია - 2017 წლის 25 თებერვალი.
  • "ჰამბურგს" ცხრა მატჩია არ მოუგია.
  • "ჰამბურგს" სტუმრად 10 მატჩია არ გაუმარჯვია.
  • უპამეკანოს გოლი მე-100 იყო "ლაიპციგისთვის" ბუნდესლიგაში.
  • "აუგსბურგს" ოთხი წელია არ მოუგია პარასკევის მატჩი.
  • კრამარიჩმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, არადა, მანამდე 23 თამაშში ვერ ახერხებდა თავის გამოჩენას.
  • "კიოლნმა" ერთხელ ფრედ ითამაშა და 15-ჯერ წააგო მას შემდეგ, რაც პირველი გოლი გაუშვა.
  • ტეროდემ სეზონის პირველ ნახევარში ორი გოლი გაიტანა 15 მატჩში "შტუტგარტის" მაისურით, ახლა კი "კიოლნში" ხუთ მატჩში ხუთი გოლი აქვს.
  • "ფრაიბურგმა" მე-600 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
  • "შტუტგარტმა" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ მეორედ მოიგო.
  • "შტუტგარტმა" მოიგო ყველა საშინაო მატჩი (სულ შვიდი) ამ სეზონში, როცა ხსნიდა ანგარიშს.
  • "გლადბახმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.
  • "გლადბახი" ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა სტუმრად.

ბუნდესლიგა. XXII ტური
ლაიპციგი-აუგსბურგი 2:0
გოლები: 1:0 უპამეკანო (17), 2:0 კეიტა (70)
ლაიპციგი: გულაში - ლემერი, ორბანი, უპამეკანო, კროსტერმანი - კამპლი, ილსანკერი, კეიტა (78. ლუკმანი), ბრუმა (90. კაიზერი) - პოულსენი (84. ოგუსტენი), ვერნერი.

დორტმუნდი-ჰამბურგი 2:0
გოლი: 1:0 ბატშუაი (49), 2:0 გიოტცე (90+2)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, თოფრაქი, ტოლიანი - ვაიგლი, კაგავა (62. დაუდი), როისი (71. გიოტცე) - პულიშიჩი (85. გონსალო კასტრო), ბატშუაი, შიურლე.

ჰოფენჰაიმი-მაინცი 4:2
გოლები: 1:0 შალაი (27), 1:1 ბერგრეენი (28), 2:1 კრამარიჩი (67), 3:1 შალაი (74), 3:2 ბერგრეენი (84), 4:2 კრამარიჩი (88)

აინტრახტი-კიოლნი 4:2
გოლები: 1:0 რებიჩი (15), 1:1 ტეროდე (57-პენ), 2:1 რუსი (59), 3:1 ფალეტი (65), 4:1 ვოლფი (67), 4:2 ტეროდე (74)

ლევერკუზენი-ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 ლაზარო (43), 0:2 კალუ (57)
ლევერკუზენი: ლენო - რეტსოსი, ტა, ს. ბენდერი, ჰენრიხსი (56. ბეილი) - კორი (78. პოიანპალო), ბაუმგარტლინგერი - ბელარაბი, ფოლანდი, ბრანდტი (67. ჰაფერცი) - ალარიო.

ჰანოვერი-ფრაიბურგი 2:1
გოლები: 1:0 ანტონი (28), 2:0 კლაუსი (54), 2:1 გულდი (88)

ბაიერნი-შალკე 2:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (6), 1:1 დი სანტო (29), 2:1 მიულერი (36)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჯ. ბოატენგი (71. ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - მიულერი, ვიდალი - რობენი, ხამეს როდრიგესი (81. ხავი მარტინესი), რიბერი (77. კომანი) -ლევანდოვსკი.
შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, ბენტალები (46. გორეტცკა), მ. მაიერი, ოშჩიპკა - ჰარითი, კონოპლიანკა (70. პიაცა), დი სანტო (65. ბურგშტალერი).

შტუტგარტი-გლადბახი 1:0
გოლი: 1:0 გინჩეკი (5)
გლადბახი: ზიპელი - იანტჩკე, გინტერი, ვესტერგაარდი, ელვედი - ჰოფმანი (76. ბობადილია), კრამერი, ზაკარია (63. დრმიჩი), გრიფო (46. რაფაელი) - ტ. აზარი, შტინდლი.

ვერდერი-ვოლფსბურგი 3:1
გოლები: 1:0 აუგუსტინსონი (4), 2:0 კაინცი (40), 2:1 ვერჰაეგი (49), 3:1 კაინცი (72)

ბომბარდირები: 19 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი), კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
16 თებერვალი: ჰერტა-მაინცი.
17 თებერვალი: კიოლნი-ჰანოვერი, ფრაიბურგი-ვერდერი, ჰამბურგი-ლევერკუზენი, ვოლფსბურგი-ბაიერნი, შალკე-ჰოფენჰაიმი.
18 თებერვალი: აუგსბურგი-შტუტგარტი, გლადბახი-დორტმუნდი.
19 თებერვალი: აინტრახტი-ლაიპციგი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული