ბუნდესლიგა. XVII ტურის წინ: როდის დაიცლება ლაზარეთები?

AutoSharing Option
ალკანტარა, ბერნატი, რობენი და ნოიერი - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც "ბაიერნს" "შტუტგარტთან" შეხვედრაში დააკლდებიან.

ამის მიუხედავად, იუპ ჰაინკესის გუნდი წყვილის აშკარა ფავორიტია. "ბაიერნი" ძალიან თანაბრად თამაშობს ამ ბოლო დროს. ჩემპიონთა ლიგაში პაუზაა და უკვე მთელი რესურსი შინაური ფრონტისკენ აქვს მიმართული. ეს კი მისი კონკურენტებისთვის მთლად კარგი ამბავი ვერ არის.

არის იმის აშკარა წინაპირობა, რომ მალე ბავარიელებმა კიდევ მოუმატონ. ტრავმირებულთა დაბრუნების კონტურები გამოიკვეთა. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, "ბაიერნი" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "ლევერკუზენი
დან" მეკარე ბერნდ ლენო გადაიბიროს.

ტურში ერთ-ერთი ცენტრალურია "დორტმუნდისა" და "ჰოფენჰაიმის" შეხვედრა. დორტმუნდელებმა ახალი მწვრთნელის, პეტერ შტიოგერის ხელმძღვანელობით, როგორც იქნა, გამარჯვების გემო გაიხსენეს "მაინცთან" შეხვედრაში და ახლა წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდებიან.

ეს კი ვერ უნდა იყოს მთლად იოლი ამბავი, რადგან ბოლოდროინდელი ტრადიციის მიხედვით, მასპინძელთა ლაზარეთი ისევ სავსეა, მაშინ, როცა "ჰოფენჰაიმს" ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ჰყავს. მხოლოდ ვაგნერის მინდორზე გასვლაა საეჭვო.

"დორტმუნდმა" ახალ მწვრთნელთან ერთად კარგად კი დაიწყო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემების მეტი წილი უკანაა მოტოვებული. განსაკუთრებით მტკივნეულია პიერ-ემერიკ ობამეიანგის საკითხი. ცნობილია, რომ გაბონელს გუნდში გაჩერება აღარ უნდა. ეს კი რაინვესტფალიელებისთვის სერიოზული თავისტკივილია. ყოველ შემთხვევაში, რაც უნდა ძლიერი იყოს ფეხბურთელი, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდში ნახევარი ძალით მოთამაშე ფორვარდი ძნელი ასატანია...

რთულ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს "შალკე", რომელსაც 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გელზენკირხენული კლუბის მეტოქე "აინტრახტი" იქნება. სტუმრებს არ ეყოლებათ ინსუა. ეს არაფერია იმ შესაძლო დანაკლისთან შედარებით, რასაც "შალკეს" უდავო ლიდერის, ლეონ გორეტცკას არყოფნა ჰქვია. ის ხომ მთელი გუნდის თამაშს წარმართავს...

მეორე ადგილზე მყოფი "ლაიპციგი" საშინაო ასპარეზზე "ჰერტას" მიიღებს. მასპინძელთა რიგებში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. რა თქმა უნდა, ფავორიტის სტატუსი სწორედ მათ უნდა მივანიჭოთ. რაც შეეხებათ დედაქალაქელებს, ეს გუნდი იდეალურ ფორმაში რომ არ არის, ამის ნათელი დასტური გახლდათ მათი სუსტი გამოსვლა ევროპალიგაზე.

საინტერესო უნდა გამოდგეს "ჰანოვერისა" და "ლევერკუზენის" დაპირისპირება. ბოლო დროს სტუმრებმა თითქოს იპოვეს საკუთარი თამაში და, წესით, შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ვიხილოთ. ამის წინაპირობა ნამდვილად არის.

ბუნდესლიგა. XVII ტური
პარასკევი, 15 დეკემბერი
გლადბახი-ჰამბურგი 23:30

შაბათი, 16 დეკემბერი
აუგსბურგი-ფრაიბურგი 18:30
ვერდერი-მაინცი 18:30
კიოლნი-ვოლფსბურგი 18:30
აინტრახტი-შალკე 18:30
შტუტგარტი-ბაიერნი 18:30
დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 21:30

კვირა, 17 დეკემბერი
ჰანოვერი-ლევერკუზენი 18:30
ლაიპციგი-ჰერტა 21:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 16 12 2 2 36-11 38
2. შალკე 16 8 5 3 26-19 29
3. ლაიპციგი 16 8 4 4 25-22 28
4. ლევერკუზენი 16 7 6 3 30-19 27
5. ჰოფენჰაიმი 16 7 5 4 26-20 26
6. დორტმუნდი 16 7 4 5 37-23 25
7. აინტრახტი 16 7 4 5 18-16 25
8. გლადბახი 16 7 4 5 24-27 25
9. აუგსბურგი 16 6 5 5 24-20 23
10. ჰანოვერი 16 6 4 6 20-22 22
11. ჰერტა 16 5 6 5 23-23 21
12. ვოლფსბურგი 16 3 10 3 21-20 19
13. ფრაიბურგი 16 4 6 6 14-28 18
14. შტუტგარტი 16 5 2 9 13-20 17
15. მაინცი 16 4 4 8 17-26 16
16. ჰამბურგი 16 4 3 9 14-22 15
17. ვერდერი 16 3 5 8 11-18 14
18. კიოლნი 16 0 3 13 9-32 3

ბომბარდირები: 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 12 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 8 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მიხაელ გრეგორიჩი (აუგსბურგი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული