ბუნდესლიგა. XI ტური: იუპ ჰაინკესის მაგიამ ბუნდესლიგა დაალაგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეზონის სასტარტო ნაწილის შემდეგ ბუნდესლიგაში სურათი კარდინალურად შეიცვალა.

"ბაიერნის" ავადმყოფობას ქირურგიული ჩარევით უშველეს - კარლო ანჩელოტი გაუშვეს და ჯადოქარი იუპ ჰაინკესი მიიყვანეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სულ რაღაც ექვსი მატჩი ჩაატარა და უკვე მოასწრო ბუნდესლიგაში ლიდერობის დაბრუნება, გერმანიის თასის მერვედფინალში გასვლა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პლეი-ოფის საგზურის მოპოვება.

"დორტმუნდი" პირიქით, სტარტზე საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა, ძალიან ლამაზ თამაშს აჩვენებდა და საკლუბო რეკორდებს აუმჯობესებდა. ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც "ლაიპციგმა" "ბორუსიას" საშინაო ორწლიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. თუ გერმანიის
თასზე მესამელიგელი "მაგდებურგის" დამარცხებას არ ჩავთვლით, "დორტმუნდი" საშინელ შედეგებს აჩვენებს - ექვს ოფიციალურ მატჩში არც ერთი მოგება და ორი ფრე ლიგაზე კვიპროსის აპოელ-თან. როგორც ჩანს, ჰაინკესის მაგიამ ამ გუნდზეც იმოქმედა, რადგან მისი დაბრუნების შემდეგ "დორტმუნდს" დროის ამ მონაკვეთში მე-15 შედეგი აქვს ბუნდესლიგაში.

* * *

უკვე სასტარტო შემადგენლობების გაცნობისას შეიძლებოდა იმის თქმა, რომ "დორტმუნდში" ყველაფერი წესრიგში არ იყო. გუნდი ყოველთვის ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ ახლა შემადგენლობის საშუალო ასაკი 27 წელს აჭარბებდა და "ბაიერნს" პირველად ჰყავდა უფრო ახალგაზრდა სასტარტო შემადგენლობა (26.6 წელი).

ტრადიციული დაზვერვა დასრულდა სტუმრების ბრწყინვალე კომბინაციით, რომელშიც ყველაფერი ლამაზი იყო - ტიაგო ალკანტარას დიაგონალური პასი, ხამესის ელეგანტური დამუშავება და მისი აკურატული პასი რობენის მარცხენა ფეხზე. ბუნდესლიგაში თავისი 93-ე გოლით, არიენმა ორი რეკორდი დაამყარა - გახდა საუკეთესო ჰოლანდიელი ბომბარდირი ბუნდესლიგაში და ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი "ბაიერნში".

ამ მომენტმა თამაში "ააფეთქა" და რამდენიმე წუთში გუნდებს შეეძლოთ არაერთხელ შეეცვალათ ანგარიში, მაგრამ ჯერ იარმოლენკომ ვერ აჯობა ულრაიხს, როცა ერთი-ერთზე იყო გასული, კაგავამ კი ალაბა მოატყუა, მაგრამ კარს ააცილა ბურთი. ამის შემდეგ "ბორუსიაში" მეასედ მოთამაშე ბიურკი გაუმკლავდა ლევანდოვსკის ძლიერ დარტყმას, თუმცა პოლონელმა მეორე შემთხვევაში ტექნიკური დარტყმა ამჯობინა და ვაიგლის ფეხიდან რიკოშეტით ორამდე გაზარდა ანგარიში. ყოფილი კლუბის წინააღმდეგ შვიდ მატჩში შვიდი გოლი - ცინიზმის უმაღლესი ფორმაა.

"ბაიერნთან" პირველი ტაიმის შემდეგ ჩამორჩენა - ფაქტობრივად, მარცხს ნიშნავს. ბოლოს ჩემპიონმა 2011 წელს წააგო მატჩი, როცა ლიდერობდა პირველი 45 წუთის შემდეგ. თეორიულად, დორტმუნდელებს ბევრი რამ შეუძლიათ, მეორე ნახევარში შეტევაც ბევრი ჰქონდათ, მაგრამ ზედმეტმა მონდომებამ და სიჩქარემ, მიუნხენელი მცველების კარგმა თამაშმა და სხვა მიზეზებმა არ მისცეს გადარჩენის შანსი.

* * *

"ბაიერნთან" ორჯერ და "პორტუსთან" ჩემპიონთა ლიგაზე წაგების შემდეგ "ლაიპციგი" შინ იღებდა "ჰანოვერს". სტუმრებმა სერიოზულად ანერვიულეს ვიცე-ჩემპიონი, რომელსაც პირველ ტაიმში იღბალიც არ სწყალობდა. განსაკუთრებით არ უმართლებდა ტიმო ვერნერს, რომელსაც გოლი არ ჩაუთვალეს და შემდეგ ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმში მასპინძლების დაცვამ შეცდომა დაუშვა და ჟონათასმა ანგარიში გახსნა. "ლაიპციგის" გადამრჩენი ისევ ვერნერი გახდა, რომელმაც აჩვენა, რომ შეტევის დასრულების გარდა, პასის მიცემაც შეუძლია. მან პოულსენს გაატანინა, რის შემდეგაც ცარიელ კარში გაიტანა, როცა ფორსბერგმა ყველაფერი თავად გააკეთა. ვიცე-ჩემპიონმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგო ისე, რომ მდევრის როლში იყო და უკვე მეორე ადგილზეა.

ლაიპციგური მატჩის შედეგით მაქსიმალური სარგებელი ნახა "შალკემ". მან რთული მატჩი მოიგო სტუმრად "ფრაიბურგთან" და ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც შევიდა.

ფაქტები
  • "შალკე" ზედიზედ ხუთი მატჩია, არ მარცხდება.
  • "ფრაიბურგმა" შეწყვიტა შინ ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია.
  • იანიკ ვესტერგაარდმა ბოლო ოთხ მატჩში მესამედ გაიტანა. ბუნდესლიგაში თავისი 14 გოლიდან დანიელმა ათი კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, თავით შეაგდო.
  • მაინცს" 11 მატჩია, სტუმრად არ მოუგია.
  • "ჰამბურგმა" შეწყვიტა რვამატჩიანი მოუგებელი სერია.
  • შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, "შტუტგარტს" სტუმრად ზედიზედ ცხრა წაგება და 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • სტუმრად მოპოვებული ქულებით "შტუტგარტი" მე-18 გუნდია ბუნდესლიგაში, შინ მოპოვებული ქულებით - მეორე.
  • ჰანტის გოლამდე "ჰამბურგი" 461 წუთი ვერ იტანდა საკუთარ მოედანზე.
  • "ჰამბურგმა" ბუნდესლიგაში მე-500 საშინაო გამარჯვება მოიპოვა. უფრო მეტი აქვთ მხოლოდ "ბაიერნსა" (661) და "ვერდერს" (514).
  • 17 წლის იან-ფიტ არპი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია "ჰამბურგის" ისტორიაში, ვისაც გოლი გაუტანია.
  • "ლაიპციგს" ამ სეზონში შინ 15 შესაძლებლიდან 13 ქულა აქვს აღებული.
  • "აუგსბურგს" არასოდეს დაუმარცხებია ბუნდესლიგაში "ლევერკუზენი".
  • "ლევერკუზენი" ექვსი მატჩია, არ მარცხდება.
  • "ლევერკუზენი" 16 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
  • ლარს ბენდერმა 250-ე მატჩი ჩაატარა "ლევერკუზენში".
  • "ბაიერნმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში და ზედიზედ რვა მატჩია, არ მარცხდება.
  • არიენ რობენმა ბოლო 12 ოფიციალურ მატჩში მეცხრედ გაუტანა "დორტმუნდს".
  • რობენმა 93-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით და ამით, კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა. ჰოლანდიელმა ბრაზილიელ ჯოვანი ელბერს გაუსწრო.
  • რობერტ ლევანდოვსკიმ 162-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში და გაუთანაბრდა ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-11 ადგილზე მყოფ კარლ-ჰაინც რუმენიგეს.
  • "ბაიერნს" იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით 500 გოლი დაუგროვდა. მიუნხენელებს უფრო მეტი გატანილი აქვთ უდო ლატეკის (736) და ოტმარ ჰიტცფელდის (507) ხელმძღვანელობით.
  • ბოლო ოთხ მატჩში ერთი ქულა - ყველაზე ცუდი სერიაა "დორტმუნდისთვის" 2014-15 წლების სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ. მაშინ გუნდმა ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა.
  • იუპ ჰაინკესი 29 მატჩია (25 მოგება, 4 ფრე), არ მარცხდება ბუნდესლიგაში, ბოლო 21 მატჩიდან კი 20 მოიგო.
  • "ჰოფენჰაიმსა" და "ლევერკუზენს" აქვთ ამ სეზონში ყველა მატჩში მინიმუმ თითო გოლი გატანილი.
  • "ჰოფენჰაიმმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია.
  • სანდრო ვაგნერმა მეხუთე დუბლი შესრულა ბუნდესლიგაში.
ბუნდესლიგა. XI ტური
აინტრახტი-ვერდერი 2:1
გოლები: 1:0 რებიჩი (17), 1:1 მოისანდერი (25), 2:1 ჰალერი (89)

ლაიპციგი-ჰანოვერი 2:1
გოლები: 0:1 ჟონათასი (56), 1:1 პოულსენი (70), 2:1 ვერნერი (85)
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, კონატე, უპამეკანო, ჰალშტენბერგი - ლაიმერი (58. კეიტა), დემე - ზაბიტცერი, ბრუმა (53. ფორსბერგი) - პოულსენი, ვერნერი (90+1. კამპლი).

ფრაიბურგი-შალკე 0:1
გოლი: 0:1 დ. კალიჯური (62)
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, კერერი - დ. კალიჯური, მ. მაიერი, ოშჩიპკა - მაკკენი, კონოპლიანკა (65. ჰარიტი) - დი სანტო (79. ემბოლო), ბურგშტალერი (90+2. რესე).

გლადბახი-მაინცი 1:1
გოლები: 0:1 დიალო (19), 1:1 ვესტერგაარდი (67)

აუგსბურგი-ლევერკუზენი 1:1
გოლები: 0:1 ფოლანდი (47), 1:1 დანსო (49)
ლევერკუზენი: ლენო - ლ. ბენდერი, ტა, ს. ბენდერი (33. რეტსოსი), ვენდელი - ბაუმგარტლინგერი (56. ალარიო) - ჰაფერცი, არანგისი - ბეილი, ბრანდტი (67. კორი) - ფოლანდი.

ჰამბურგი-შტუტგარტი 3:1
გოლები: 1:0 ჰანტი (20), 1:1 გინჩეკი (55-პენ), 2:1 კოსტიჩი (65), 3:1 არპი (69)
გაძევება: ბურნიჩი (13. შტუტგარტი)

დორტმუნდი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 რობენი (17), 0:2 ლევანდოვსკი (37), 0:3 ალაბა (67), 1:3 ბარტრა (88)
დორტმუნდი: ბიურკი - ბარტრა, პაპასტატოპულოსი (42. ტოლიანი), თოფრაქი, შმელცერი - ვაიგლი, გონსალო კასტრო - კაგავა (68. გიოტცე), იარმოლენკო (80. სანჩო), პულიშიჩი - ობამეიანგი.
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა (73. რაფინია) - ხავი მარტინესი (81. რუდი) - ხამეს როდრიგესი (84. ვიდალი), ტიაგო ალკანტარა - რობენი, კომანი - ლევანდოვსკი.

კიოლნი-ჰოფენჰაიმი 0:3
გოლები: 0:1 გაიგერი (9), 0:2 ვაგნერი (56-პენ), 0:3 ვაგნერი (80)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - პოში, ფოგტი, აკროგუმა, ნ. შულცი - გრილიტში - დემირბაი, გაიგერი (77; პოლანსკი) - უტი, ამირი (67. კრამარიჩი) - ვაგნერი (82. ნორდტვეიტი).

ვოლფსბურგი-ჰერტა 3:3
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (1), 1:1 მალი (41), 2:1 გომესი (44), 2:2 რეკიკი (53), 3:2 ორიჯი (60), 3:3 ზელკე (83)
მე-20 წუთზე გომესმა (ვოლფსბურგი) ვერ გამოიყენა პენალტი

ბომბარდირები: 11 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 6 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
17 ნოემბერი: შტუტგარტი-დორტმუნდი.
18 ნოემბერი: ჰოფენჰაიმი-აინტრახტი, ლევერკუზენი-ლაიპციგი, მაინცი-კიოლნი, ვოლფსბურგი-ფრაიბურგი, ჰერტა-გლადბახი.
19 ნოემბერი: შალკე-ჰამბურგი, ვერდერი-ჰანოვერი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული