ბუნდესლიგა. VIII ტურის წინ: ტრიუმფატორი საშველად

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარი მოვლენა "ბაიერნში" 72 წლის იუპ ჰაინკესის დაბრუნებაა.

2013 წელს ის ტრიუმფით გაეყარა "რეკორდმაისტერს" და პენსიაზე გავიდა, მაგრამ ახლა საშველად უხმეს. გერმანულმა გრანდმა სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო და ჩემპიონთა ლიგა რომ გვერდზე გადავდოთ, ბუნდესლიგაშიც არ მისდის საქმეები კარგად - 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ "დორტმუნდს".

რაც მთავარია, კითხვის ნიშნებს ტოვებს "ბაიერნის" თამაშის ხარისხი. ერთი მხრივ, შვედეთთან ბრწყინვალე თამაშის (დუბლი) შემდეგ გუნდს კარგ ხასიათზე უბრუნდება არიენ რობენი, მაგრამ მეორე მხრივ, ის გულდაწყვეტილიცაა - სანაკრებო კარიერა დაასრულა, ხოლო ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს
ჩემპიონატს მიღმა დარჩა. ნაკრებიდან წავიდა არტურო ვიდალიც.

"ფრაიბურგთან" საშინაო შეხვედრა "ბაიერნს" აშკარად მოსაგები აქვს. ნოიერის, ალაბას, ბერნატის, რიბერისა და იმავე ვიდალის არყოფნა სერიოზული დანაკლისია, მაგრამ ვეჭვობთ, ამან "რეკორდმაისტერი" შეაჩეროს. საეჭვოა ზულეს თამაში. "ფრაიბურგს" აკლია აბრაში, გედე და კამპფი. უცნობია, შეძლებენ თუ არა თამაშს მეფერტი და სიერო.

ლიდერი "დორტმუნდი" საშინაო ასპარეზზე დაუხვდება გასული სეზონის აღმოჩენას - "ლაიპციგს". როგორც ყოველთვის, მასპინძელთა ლაზარეთი ამჯერადაც სავსეა. ბოლოს მას ლუკაშ პიშჩეკიც შეუერთდა. მის გარდა, ვერ ითამაშებენ ბიურკი, დურმი და გერეიროც.

საეჭვოა ტრავმამოშუშებული როისისა და შიურლეს მინდორზე გასვლა. "ლაიპციგს" არ ეყოლება ზაბიტცერი, ხოლო დემესა და ილსანკერის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

კარგი თამაში უნდა გამოვიდეს ბერლინში, სადაც "ჰერტა" "შალკეს" მიიღებს. მასპინძლებს არ ეყოლებათ იარშტაინი. საეჭვოა შტიბერისა და ზელკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. სტუმრებს დააკლდებათ ბენთალები. ტრავმები აქვთ კოკეს, ინსუასა და შოპფს. მათი საკითხი უშუალოდ თამაშის წინ გადაწყდება.

"ჰოფენჰაიმი" "აუგსბურგთან" შეხვედრაში ბიჩაკჩიჩის გარეშე ითამაშებს. კითხვები ისმის დემირბაის, ჰიუბნერისა და ამირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. "ლევერკუზენს" "ვოლფსბურგის" დამარცხების მშვენიერი შანსი აქვს. მასპინძლებს მხოლოდ იედვაი აკლიათ.

სტუმრები კი განახევრებული შემადგენლობით ითამაშებენ - საქმეს ისეთი პირი უჩანს, არ იქნებიან გომესი, ბრუმა, არნოლდი, იუნგი და ნტეპი.

ფაქტები
  • "კიოლნი" საშინელ ფორმაშია: ზედიზედ 7 მატჩია, არ მოუგია.
  • "ჰამბურგს" 5 მატჩია, არ გაუტანია და ამდენივე შეხვედრაში არ მოუგია.
  • "ჰერტას" მიმდინარე სეზონში შინ არ წაუგია.
  • ბოლო 7 შეხვედრაში "ჰოფენჰაიმს" რეგულარულად გააქვს.
  • "დორტმუნდი" ყველანაირად ეცდება 13-მატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელებას.
  • "ვოლფსბურგს" ბოლო 5 შეხვედრაში არ მოუგია.
  • 10 მატჩია, "ვერდერმა" გამარჯვების გემო არ იცის.
ბუნდესლიგა. VIII ტური
პარასკევი, 13 ოქტომბერი
შტუტგარტი-კიოლნი 22:30

შაბათი, 14 ოქტომბერი
ბაიერნი-ფრაიბურგი 17:30
ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 17:30
ჰერტა-შალკე 17:30
მაინცი-ჰამბურგი 17:30
ჰანოვერი-აინტრახტი 17:30
დორტმუნდი-ლაიპციგი 20:30

კვირა, 15 ოქტომბერი
ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 17:30
ვერდერი-გლადბახი 20:00

ბომბარდირები: 8 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 5 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული