სკანდალური ინტერვიუ, რომელმაც რობერტ ლევანდოვსკის პრობლემები შეუქმნა

AutoSharing Option
"ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ინტერვიუ მისცა "შპიგელს". ის შეთანხმებული არ იყო "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობასთან. როგორც ჩანს, ამ ინტერვიუში ლევანდოვსკიმ ისეთი რამეებიც თქვა, რაც არ უნდა ეთქვა.

კლუბის მმართველობის ხელმძღვანელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, განაცხადა: "იმას, ვინც აკრიტიკებს საზოგადოდ კლუბის ხელმძღვანელობას და მწვრთნელს, ჩვენს კურსს, საქმე ჩემთან ექნება. თუ ის აზიურ ტურნეზე ნანობს, მაშინ უნდა გავახსენო, რომ მისმა შესაძლო "ოცნების გუნდმა", მადრიდის "რეალმა", 24 დღე გაატარა სიცხეში. ძალიან ვნანობ, ეს რომ თქვა.

"ბაიერნის" თაობაზე ლევანდოვსკი პირველად არ ლაპარაკობს ცუდად. მე ვიცი, რომ მისი ამ
განცხადების უკან დგას აგენტი მაიკ ბარტელი. ლევანდოვსკის კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი და, სამწუხაროდ, მასში არ არის გათვალისწინებული ის თანხა, რომელიც სხვა კლუბმა უნდა გადაიხადოს ფეხბურთელის სანაცვლოდ", - თქვა რუმენიგემ.

"ლელოს" მკითხველის წინაშეა ლევანდოვსკის სკანდალური ინტერვიუს ყველაზე საინტერესო ფრაგმენტები. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საუბარი ჩაწერილია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის წინ. ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" სამშაბათს 3:0 მოუგო "ანდერლეხტს"...

- სამშაბათს ჩემპიონთა ლიგა იწყება. ეს ერთადერთი ტურნირია, რომელსაც ამ დროისთვის სერიოზულად უყურებეთ?
- ეს ტიტული ჯერ არ მომიგია. აქედან გამომდინარე, ის ძალიან მიმზიდველია ჩემთვის. ამასთან, სულ უსიამოვნოდ ვიხსენებ ლიგის 2012 წლის ფინალს, რომელიც "დორტმუნდთან" ერთად წავაგე ლონდონში...

- მიგაჩნიათ თუ არა საკუთარი თავი სრულფასოვან ფეხბურთელად? აკი ერთხელაც არ მოგიგიათ ჩემპიონთა ლიგის ფინალი...
- რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, ოდესმე მოვიგო ჩემპიონთა ლიგა. მეორე მხრივ, მე ვიცი, რომ ესაა საფეხბურთო ლატარეა. ავიღოთ თუნდაც გასული სეზონი. ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავით, თითოეულ ჩვენგანს ძალიან უნდოდა ამ ტიტულის მოგება... მაშინ მივიღე სწორედ მხრის ტრავმა და იძულებული გავხდი, "რეალთან" პირველი შეხვედრა გამომეტოვებინა. ჩვენ ვერ გავიტანეთ თერთმეტმეტრიანი და ჩვენი ოცნება დაიმარხა. ასეთ დონეზე, ძალიან ხშირად, ბევრი რამ წვრილმანებზეა დამოკიდებული. ტიტული რომ მოიგო, ძალიან ბევრი რამ უნდა დაემთხვეს ერთმანეთს.

- თქვენ უკვე მეხუთედ გახდით გერმანიის ჩემპიონი. ოდესმე მოსაწყენი გახდება თქვენთვის ბუნდესლიგა?
- ტოპსპორტსმენს ყოველთვის უნდა, საუკეთესო იყოს. შენ იგებ ტიტულს და ეგრევე გინდა დაამტკიცო, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. მერე შენ მეორედ ხდები ჩემპიონი და მესამედაც გინდა დაამტკიცო, რომ ყველაზე ძლიერი ხარ. მით უმეტეს, უკვე იცი, რომ შენს წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშებს. ამ სეზონში ჩვენი მიზანი ნათელია - არცერთი გერმანული კლუბი ზედიზედ ექვსჯერ არ გამხდარა ბუნდესლიგის ჩემპიონი. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ და ეს დიდი სტიმულია.

- სეზონის დაწყების წინ ბევრი ამბობდა, თითქოს თქვენ მოტივაცია გაკლდათ. არადა, ბოლომდე მოტივირებული ჩანხართ...
- ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს აზიურ ტურნეს უკავშირდება. შეიძლება, ეს კრიტიკა გამართლებულიც იყო. უნდა ვაღიარო, რომ ამ ზაფხულს მართლა მიჭირდა საკუთარი თავის მოტივირება.

- რა არის ამის მიზეზი?
- უკვე რამდენიმე წელია, სამდღიან რიტმში ვთამაშობ - შესვენების გარეშე! ეს დიდი დაძაბულობაა, განსაკუთრებით - ჩემი ტვინისთვის. ამიტომ მჭირდება სეზონისთვის კარგად მომზადება. როცა სეზონის მსვლელობის დროს ჩემი ტვინი იღლება, წინა პლანზე გამოდის მოსამზადებელი პერიოდისას გაწეული სამუშაო.

- აზიაში რაღაც ისე ვერ იყო?
- ჩვენ აზიაში ბევრი საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ. შენ უნდა გადაწყვიტო - დაიხარჯო ამ შეხვედრებში ბოლომდე, ან მოემზადო ისე, რომ მომავალ გაზაფხულზეც ფორმაში იყო. ეს ის დროა, როცა ტიტულები თამაშდება. სეზონის განმავლობაში მე ვერ ვიმუშავებ ამტანობასა და ძალაზე. ამისთვის დრო არ რჩება, იმდენად მჭიდროა გრაფიკი.

- და რა გადაწყვიტეთ?
- ჩვენ, სპორტსმენები, ზედმეტი დაძაბულობისგან ვიტანჯებით. დიდია ტრავმების მიღების ალბათობა. კვებისა და კარგი აღდგენითი პროცესის გარდა, ერთადერთი, რამაც, შეიძლება, ტრავმებისგან დაგიცვას, ზამთარსა და ზაფხულში ეფექტური წვრთნებია. ანუ იმ როს, როცა თამაშები არ არის. მე ვარჯიშებზე ვიყავი კონცენტრირებული, არ მარგებს ბევრი ამხანაგური მატჩი. მით უმეტეს, წარმოვიდგინოთ, რომ დეკემბერში ეთამაშები "რეალს", სამი დღის შემდეგ კი თოვლში "ფრაიბურგთან" გიწევს გასვლაზე თამაში.

- ამის გამო არ გაქვთ მოტივაცია?
- "ფრაიბურგი", უბრალოდ, მაგალითია. დავასახელებ სხვა კლუბებსაც, რომლებიც არ იბრძვიან ჩემპიონობისთვის. ისინი ჩვენ გვეთამაშებიან საკუთარ საჯარიმოში გამაგრებული 10 ფეხბურთელით. 5 მცველი მუდმივად მე დამდევს. თუ დაიღალე, ეგრევე დაგისტვენენ. ამიტომ, კარგად უნდა იყო მზად.

- როგორ ემზადებით ასეთი შეხვედრებისთვის?
- მრავალი წელია, ჩემთვის ეს ფორმულა მოქმედებს: თუ ტვინი დაიღალა, სხეული 100 პროცენტით უნდა იყოს მზად. ეს იმისთვის მჭირდება, რომ ტრავმა არ მივიღო.

- თუ გაქვთ საკუთარი თავის მოტივირების განსაკუთრებული მეთოდი?
- მაგალითად, თამაშის წინ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ გოლის გატანა მინდა და ბურთი პირდაპირ კარის კუთხისკენ მიფრინავს. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ რაღაც ილეთს ვაკეთებ, ან შერბენას, ან პასს და ფინტს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვამუშავებდი...

- ისე ჩანს, რომ თქვენთვის ბუნდესლიგის მატჩები უფრო ვარჯიშია, ვიდრე შეჯიბრება. მეტყველებს თუ არა ეს გერმანიის ჩემპიონატის დაბალ დონეზე?
- მე ვიცი, რომ ეს ყველას არ მოეწონება. ბუნდესლიგას სჭირდება ბევრი ისეთი გუნდი, როგორიცაა "ლაიპციგი". ბუნდესლიგა დომინანტი ვერ იქნება ერთი კლუბის გამო. ჩვენ გვინდა 4-5 ისეთი კლუბი, რომელიც სისტემატურად ითამაშებს მაღალ დონეზე. ეს ჩვენ დაგვეხმარებოდა სეზონის ბოლომდე მოტივაციის შენარჩუნებაში. ეს იქნებოდა ასევე მძლავრი ბიძგი კომერციალიზაციისთვის.

- კომერციალიზაციისთვის?
- თავისთავად, როცა ბევრი სუპერმატჩია, მეტია შოუ, ხმაური და ტრანსლაცია. გულშემატკივრებს უნდათ, ბევრი დიდი მატჩი ნახონ, ნახონ ჩემპიონობისთვის გაჩაღებული ომები... ეს ბუნდესლიგას უცხოელი მაყურებლისთვის საინტერესოს გახდიდა. ალბათ, ეს უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ბევრი მოგზაურობა აზიასა და ამერიკაში.

- ბუნდესლიგის ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა ამ მოგზაურობებს...
- მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი ასეთი ვოიაჟების მიმართ. არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ, თუნდაც მარკეტინგული თვალსაზრისით, დიდი სარგებლობა მოაქვთ. ავიღოთ თუნდაც ერთი მაგალითი - ენა.

- გერმანული ენა, ეს ნაკლია?
- კი, ამ მხრივ პრემიერლიგა და პრიმერა დივიზიონი ჩვენთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საუბრობენ ინგლისურად და ესპანურად. ტელევიზიებიც უპირატესობას იმ ქვეყნების ჩემპიონატებზე მუშაობას ანიჭებენ, რომლების ენაც უფრო მეტს ესმის.

- როგორ უნდა დარჩეს ბუნდესლიგა ამ ბაზარზე?
- საბოლოო ჯამში, საქმე მაინც მიდის ტოპფეხბურთელების ყიდვასა და საერთაშორისო არენაზე წარმატების მიღწევამდე. გულშემატკივრებს უნდათ, საუკეთესო ფეხბურთი ნახონ და ფულს ამაში იხდიან.

- ამ დროისთვის სუპერვარსკვლავები უფრო ინგლისში და ესპანეთში გადადიან...
- ამ დღემდე "ბაიერნს" ფეხბურთელში 40 მილიონ ევროზე მეტი არ გადაუხდია. დიდი ხანია, ეს საშუალო თანხაა ფეხბურთში.

- ული ჰიონესმა თქვა, რომ მას არ სურს, სატრანსფერო საგიჟეთს შეუერთდეს...
- ფული უმთავრესი ფაქტორია ტოპფეხბურთელების შესაძენად. თუ "ბაიერნს" მომავალშიც უნდა მსოფლიო კლასის ფეხბურთელების მიუნხენში ჩამოყვანა, უფრო კრეატიული უნდა იყოს. ვარსკვლავები თავიანთ კოლეგებს ეხმარებიან, იყვნენ უკეთესები.

- არის ხელფასის თემაც. რა მოხდებოდა, ვთქვათ, "ბაიერნს" ალექსის სანჩესი რომ ეყიდა "არსენალიდან" და მისთვის 25 მილიონი ევრო მიეცა წელიწადში?
- მაშინ, ალბათ, "ბაიერნის" რამდენიმე ფეხბურთელი მოსთხოვდა კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის მომატებას. ასეთი დიდი სახელფასო განსხვავება გუნდში სასურველი არ არის. ურთიერთობები გაფუჭდება.

- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თქვენ "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ხართ. ზიანს აყენებს თუ არა ფეხბურთს ისეთი პროექტი, როგორიცაა ნეიმარისა და მბაპეს გადასვლა პარიზულ კლუბში?
- როგორც ფეხბურთელი, შენ არ ფიქრობ ამაზე. შენ გინდა, რომ მინდორზე საუკეთესოებს შეხვდე. "პარი სენ-ჟერმენმა" მსოფლიო დონის შემადგენლობა შეკრიბა. მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, ღირსეულად დავუდგეთ მათ. ფეხბურთში ყოველთვის ვერ იგებს ის გუნდი, რომელსაც დიდი ფული აქვს.

- ბოლო დროს გულშემატკივრები ხშირად მართავენ აქციებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ფეხბურთი მათ ძალიან დაშორდა...
- ის, რაც დღეს ფეხბურთში ხდება, ზღვარია გლობალურობასა და რეგიონალიზაციას შორის. საბოლოო ჯამში შენ მაინც მიდიხარ აუდიტორიასთან და მნიშვნელობა აღარ აქვს, სად ცხოვრობს შენი გულშემატკივარი - მიუნხენში, აზიაში, თუ ამერიკაში. ეს კლუბებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამ დროს შეიძლება თავი ვეღარ იგრძნოს კომფორტულად ძველმა ქომაგმა, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ამ კლუბს. მათ არ უნდა ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ გამოიყენეს.

- იქნება თუ არა ფეხბურთი ოდესმე მხოლოდ შოუ?
- თამაში ყოველთვის იქნება ყველაზე მთავარი შემადგენელი ნაწილი. აი დრო კი ამ 90 წუთის გარშემო, ალბათ, უფრო და უფრო დაემსგავსება ჰოლივუდის ფილმს. ამ განვითარებას უკვე ვეღარ შეაჩერებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტყუის? სულ ფორმაშია ბაიერნი, სულ მოგება უნდა, მაგრამ აგერ უკვე მერამდენე წელია გუნდი ევროპული ტიტულის გარეშეა. წელსაც რომ ვერ მოიგოს ლიგა, (რისი დიდი შანსიც არის) ნეტავ რას იტყვის რუმენიგე? არც ბუნდესლიგაშია კონკურენციას და ისიც კარგავს ინტერესს. გერმანულ კლუბებს ნამდვილად არა აქვთ კარგი შედეგები და რატომ უკვირთ ლევანდოვსკის მოსაზრება? აგერ ტონი კროოსს ბაიერნში ხელფასი არ მოუმატეს და კი ვხედავთ მის წარმატებებს რეალში. ამას ლევანდოვსკიც ხედავს და რა თქმა უნდა ენდომება კლუბის გამოცვლა
მმმ
13:32 17-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული