ევრო 2016. დარჩა 17 დღე: ყინულის ქვეყნის ზღაპარი

AutoSharing Option
ისლანდია?
ისლანდია? საიდან მოვიდა? სულ 329 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ასეთი ქვეყნის ეროვნული გუნდი ყაზახებთან ფრის შემდეგ გახდა მეორე ნაკრები ინგლისის შემდეგ, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე მიზანს მიაღწია - ევრო 2016-ზე თამაშის უფლება მიიღო. როგორ მიაღწია ამას?

შეკითხვაზე პასუხს მოგვიანებით მივიღებთ, მანამდე ჯერ თავად ქვეყანა გავიცნოთ.

რატომ ისლანდია?
რატომ ჰქვია ისლანდიას ისლანდია? ინგლისურიდან თარგმანში ეს ყინულიან მიწას ნიშნავს. პირველად ეს სიტყვა ფლოკიმ თქვა, ნორვეგიელმა ვიკინგმა, რომელსაც ზოგი ისლანდიის აღმოჩენას მიაწერს. არადა, ისტორიის დეტალური შესწავლისას გამოირკვა, რომ ყინულოვან, გახრიოკებულ კუნძულზე პირველად ირლანდიელი ბერები დასახლდნენ.
ეს მერვე საუკუნეში მოხდა.

მათ შემდეგ ისლანდიაში ნორვეგიელი ფლოკი ჩავიდა. არც მას და ვერც მის მეგობრებს არ მოაფიქრდათ, რომ საქონლისთვის ზამთრის საკვები მოემარაგებინათ და პირუტყვი მთლიანად ამოუწყდათ. გაწბილებული ნორვეგიელები სამოსახლოსთან ახლოს მდებარე მთაზე ავიდნენ, გადახედეს და ორსიტყვიანი ფრაზა აღმოხდათ - ყინულის კუნძული...

ფლოკიმ ისლანდია დატოვა და უკან დაბრუნებაზე აღარ უფიქრია. მას მერე კონტინენტური ევროპიდან თუ ბრიტანეთიდან უამრავი ზღვაოსანი მიადგა ისლანდიას, მაგრამ არასახარბიელო საცხოვრებელი პირობების გამო ან დაიხოცა, ან უკან გაბრუნდა.

როგორც გითხარით, სადღეისოდ კუნძულზე, რომელიც ცნობილია თავისი გეიზერებით, 300 ათასზე მეტი მოსახლეა. თუმცა მთავარი არა ხალხის რაოდენობა, არამედ სწორი მიდგომაა. 90-იან წლებში ვინმეს რომ ეთქვა, ისლანდია უფორ ადრე გავა ევროპის ჩემპიონატზე, ვიდრე საქართველოს ნაკრებიო, გიჟად შერაცხავდნენ. თუმცა...

როგორ მოხვდა?
- ვიღაცამ თქვა, რომ ისლანდიის ნაკრების ევროპაზე გასვლა ნამდვილი ზღაპარია, მაგრამ ეს მოსაზრება მხოლოდ ერთი მხრივ არის მართალი. სინამდვილეში ეს ზღაპარი უამრავი ადამიანის მუხლჩაუხრელი შრომით გახდა სინამდვილე. ყველამ მოინდომა. ბევრი ლაპარაკობს ჩემს როლზე ამ წარმატებაში, თითქოს, მე ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გავხდე, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ადამიანების ჯგუფის შრომა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, - ამბობს 68 წლის შვედი მწვრთნელი ლარს ლაგერბაკი.

ზღაპარი? საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდეს, ამ მოვლენას "ზღაპარს" არავინ უწოდებს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ყველა დარწმუნებულია - საქართველოს ნაკრები, თავისი ისტორიის გათვალისწინებით, ევროპის ჩემპიონატზე თამაშს აქამდეც იმსახურებდა. აქამდე როგორ ვერ მოხვდაო - იტყვიან.

ისლანდიაში კი ჯერაც ელფებისა და ტროლებისა სჯერათ. შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ, რომ მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური სწორედ ელფებმა მოუტანეს, თუმცა რეალურად რაშია საქმე, უკვე მოგახსენეთ.

ვინ არიან?
გუდიონსენი, გუნარსონი, სიგურდარსონი... კიდევ უამრავი "სონის" ჩამოთვლა შეიძლება.
აი, ისლანდიის საუკეთესო თერთმეტეული: ჰალდორსონი - სავარსონი, რ. სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი - გუნარსონი, ჰალფრედსონი, გ. სიგურდსონი, ბიარნასონი - სიგტორსონი, გუდმუნდსონი.

ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, შესაძლოა, ფეხბურთელთა გვარები ერთმანეთში აგვერიოს. ეს ნამდვილად არ იქნება ჩვენი ბრალი, ისლანდიელებს გვარები არა აქვთ. 1925 წელს გამოსული კანონით, ისლანდიაში გვარები იკრძალებოდა. სახელის შემდეგ იწერებოდა მამის სახელი ბოლოსართ სონით. მაგალითად, იონას პეტურსონის ვაჟს, არნეს ასე მოიხსენებდნენ: არნე იონასონი, მის შვილს - არნსონი და ა.შ.

ისლანდიის ნაკრები
თიკუნი: შტრაკარნირ ოკკარ ("ჩვენი ბიჭები")
კონფედერაცია: უეფა, 1954 წლიდან
მწვრთნელები: ლარს ლაგერბაკი (შვედეთი), ჰეიმირ ჰალგრიმსონი
ყველაზე მეტი თამაში: რუნარ კრისტინსონი (104)
ყველაზე მეტი გოლი: ეიდურ გუდიონსენი (25)
ფიფას რეიტინგი: 23
პირველი ოფიციალური მატჩი: ისლანდია-დანია 0:3 (1946)
ყველაზე დიდი გამარჯვება: მალტა - 5:0 (2000)
ყველაზე დიდი მარცხი: დანია - 2:14 (1967)

ეროვნული გმირი: ეიდურ გუდიონსენი
1996 წლის აპრილში ისლანდიის ნაკრებში ტალანტი ეიდურ გუდიონსენი მიიწვიეს. ტრიბუნები მწვრთნელისგან მის მოედანზე გამოყვანას სკანდირებდა. იცით, რა იყო ამის მთავარი მიზეზი? - სურდათ, მოედანზე ერთდროულად ეხილათ მამა და შვილი. ეიდურის მამა ხომ იმხანად ნაკრების სტაჟიანი წევრი იყო. მწვრთნელი ტრიბუნების შეძახილს გამოეხმაურა და მოედანზე მამის ნაცვლად შეუშვა ეიდურ გუდიონსენი, ისლანდიის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც მომავალში "ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ელოდა.

ეს 2009 წელს მოხდა, თუმცა ნაკრებთან ერთად გუდიონსენს დიდი წარმატებები არ ჰქონდა. ისე "დაბერდა", რომ დიდ სანაკრებო საერთაშორისო ფორუმზე ვერ ითამაშა. 2014 წელს ძალიან მიუახლოვდა მსოფლიოს ჩემპიონატს. პლეი ოფშიც გავიდა და ხორვატებთან გაარკვია ბრაზილიაში წამსვლელის ვინაობა... ზაგრებში გამართული მატჩის შემდეგ თვალცრემლიანმა ეიდურმა ნაკრებთან დამშვიდობების შესახებ განცხადება გააკეთა - გზას ახალგაზრდებს ვუთმობო.

გავიდა ერთი წელი და ისლანდიის ნაკრებმა მშვენივრად დაიწყო ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი. შვედი მწვრთნელი ლარს ლაგერბაკი მიხვდა, რომ სჭირდებოდა გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც გარშემო შემოიკრებდა ნაკრების მოთამაშეებს და გაუძღვებოდა ევროპის ჩემპიონატისკენ.

ვინ უნდა ყოფილიყო ის, თუ არა ეიდურ გუნდიონსენი?
იგი 37 წლისაა და ჯერაც უმაღლეს დონეზე თამაშობს. მართალია, ძველებური სისწრაფე არა აქვს, მაგრამ ფეხბურთი მშვენივრად იცის და სხვა ფეხბურთელებთან შედარებით დიდი უპირატესობაც აქვს. აი, რას ამბობს ოლე გუნარ სოლსკიაერი გუდიონსენზე:

- ფეხბურთელის ფორმა შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, კლასი უცვლელია.

ეიდურმა შესარჩევ ეტაპზე 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. იგი აუცილებლად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ისლანდიის ნაკრები ავსტრიას, პორტუგალიასა და უნგრეთს დაუპირისპირდება.

რა კავშირია გუდიონსენსა და სოლსკიაერს შორის? ოლე გუნარი მისი მწვრთნელია ნორვეგიულ "მიოლდეში". სწორედ ამ გუნდში აკრიფა ვეტერანმა ისლანდიელმა ფორმა და სანდერ სვენდსენთან ერთად საინტერესო შემტევი დუეტი შექმნა. საინტერესოა, აბა რა - პარტნიორი გუდიონსენს შვილად ეკუთვნის - 19 წლით უმცროსია.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეიდური ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. საკითხავია, როგორი განწყობით...

ევროსტატისტიკა
ფინალური/საკვალიფიკაციო
თამაში: 96, მოგება: 24, ფრე: 17, წაგება: 55.
ფინალური ეტაპი
თამაში: 0, მოგება: 0, ფრე: 0, წაგება: 0.
საკვალიფიკაციო
თამაში: 96, მოგება: 24, ფრე: 17, წაგება: 55.

იცით თუ არა?
1996 წლის 24 აპრილს ისლანდიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 17 წლის ეიდურ გუდიონსენს. მისმა გუნდმა 3:0 დაამარცხა ესტონეთი. საინტერესო ისაა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საერთაშორისო მატჩში მამამ და შვილმა ერთდროულად ითამაშეს - მოედანზე ასევე იყო ეიდურის მამა არნორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული