9 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს ევრო 2020

AutoSharing Option
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ევრო 2020 ტურნირის დასრულებამდე უკვე დასამახსოვრებელია თავისი დაუვიწყარი მომენტებით, რომლებიც შესაძლოა აღარც განმეორდეს.

წინ ჯერ კიდევ მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი დარჩა, თუმცა დღესაც რომ სრულდებოდეს ეს დიდებული ტურნირი, მარტივად იტყვი, ეს იყო ის პირველობა, რომლისთვის ლოდინიც ნამდვილად ღირდა.

ყველაფერი არცთუ ისე კარგად დაიწყო; მეტიც, საშინლად. ალბათ, გახსოვთ კრისტიან ერიკსენის მომენტი, უყურებდი და გული გაფაციცებით გიცემდა ან ცრემლებით გევსებოდა თვალები. საბედნიეროდ, დანიელი ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

Sportall.Ge

ერთი წუთით, ალბათ, გულშემატკივრებმა იფიქრეს, რომ ეს ყველაზე ცუდი ევროპის
ჩემპიონატი იყო, რაც კი შეიძლებოდა ჩატარებულიყო, თუმცა საშინლად შეცდნენ, ევრო 2020 ერთ-ერთი საუკეთესოა.

ჩემპიონებსაც კი არ შეუძლიათ გამარჯვება

Sportall.Ge

პორტუგალია და საფრანგეთი ევრო 2020-ს ჩემპიონების სტატუსით შეხვდნენ - პორტუგალია ევრო 2016-ის გამარჯვებული, ხოლო საფრანგეთი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

ორივე ნაკრები კონტინენტის პირველობას უკვე გამოეთიშა, პორტუგალიელები ბელგიელებთან, ხოლო "მამლები" შვეიცარიელებთან დრამატულ ან ფანტასტიკურ შეხვედრაში პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

ესპანეთი ისევ ამაღელვებელია

"ფურია როხა" ტურნირის დაწყებამდე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. ესპანელებს არათუ ფავორიტად, საუკეთესო 5-ეულშიც კი არავინ მიიჩნევდა, თუმცა "ლა როხა" როგორ თამაშს აჩვენებს, კი ვხედავთ. გაუტანეს სლოვაკებს 5 გოლი, მომდევნო თამაშში ამდენივე გოლით ხორვატია დაამწუხრეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე შვეიცარიის ნაკრები იქნება.

საიდან წამოვიდა ამხელა გულისწყრომა? ზედიზედ ორი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩაგდების შემდეგ (2014 წელს ჯგუფში ჩარჩა, 2018-ში რუსეთთან მერვედფინალური მარცხი), ყველამ დაივიწყა ის ნაკრები და დიდება, რაც მათ აქვთ და მოსდევთ. ასე რომ, ესპანეთი დაბრუნდა და მათი თამაში კვლავაც ამაღელვებელია.

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე შორეული გოლი

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრების ლიდერმა პატრიკ შიკმა ევრო 2020-ზე გატანილი გოლით ისტორია დაწერა. საქმე იმაში გახლდათ, რომ "ლევერკუზენის" შემტევმა შოტლანდიელებს გოლი 45.44 მეტრიდან გაუტანა, რაც კონტინენტის პირველობაზე არასდროს დაფიქსირებულა. სიმართლე ვთქვათ, ამ ტურნირზე ლამაზი გოლები გავიდა, თუმცა შიკის შორეული ყუმბარისებური გასროლა უკონკურენტოა და საუკეთესოობას იმსახურებს.

ფანები დაბრუნდნენ

ერთწლიანი ცარიელი, უემოციო, სიცოცხლეს მოკლებული სტადიონების შემდეგ ფეხბურთს გულშემატკივრები დაუბრუნდნენ. კოპენჰაგენსა და "პუშკაშ არენაზე" გულშემატკივრების რაოდენობამ შესაძლო დამსწრეთა აბსოლუტური უმრავლესობა დააფიქსირა და თამაში ერთიორად გაალამაზა.

მონატრებული "გახსნილი" ფეხბურთი და სასწაული შედეგიანობა

ორშაბათს გულშემატკივარმა ორ თამაშში 14 გოლი იხილა, გუნდებმა კი ყველაზე მაღალი შედეგიანობა დააფიქსირეს. ფაქტია, მიმდინარე 2020-ზე უფრო მეტი გოლი გავიდა, ვიდრე 2016 წელს მთლიანად, ჩატარდა 42 თამაში და ნაკრებებმა მეტოქეთა კარის აღება 118-ჯერ მოახერხეს, 0:0 კი მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდა (შვედეთი-ესპანეთი და ინგლისი-შოტლანდია).

ავტოგოლების წვიმა

მერიჰ დემირალმა კონტინენტის პირველობის გახსნით დღეს პირველი ავტოგოლი გაიტანა და ის გახლდათ დასაბამი საკუთარ კარში გატანილი ბურთებისა - 9 ავტოგოლი ერთ ტურნირზე და ჯერ ყველაფერი წინაა. სავარაუდოდ, აქაც ისტორიულ შედეგთან მივალთ.

კრიშტიანო რონალდო - ბომბარდირი

5 გატანილი გოლის შემდეგ კრიშტიანო რონალდოს კარიერაში ნათამაშებ ევროპის ჩემპიონატებზე 14 გოლი დაუგროვდა. ამას დამატებული, მისი მსოფლიოს პირველობაზე შედეგიანობა გასაოცარს ხდის - პორტუგალიელმა შეძლო და ალი დაიეს 109-გოლიან ნიშნულს გაუთანაბრდა, მალე კი ირანელ ფეხბურთელს უკან ჩამოიტოვებს და კიდევ ერთ ასპექტში გახდება საუკეთესო.

ოჯახური კავშირი - მამა-შვილის გოლი

ფედერიკო და ენრიკო კიესები გახდნენ პირველი მამა-შვილი, რომლებმაც ევროპირველობაზე გოლი გაიტანეს. ენრიკომ ეს 1996 წელს მოახერხა, ფედერიკომ კი - მიმდინარე ტურნირზე.

გარდა ამისა, ტორგან და ედენ აზარები გასაოცარ ძმებს - ლაუდრუპსა და დე ბურის გაუთანაბრდნენ, როგორც ფეხბურთელები, რომლებმაც ეროვნული ნაკრების მაისურით მხარდამხარ ითამაშეს.

პატარა ქვეყნების აჯანყება

უნგრეთი, შვეიცარია, ჩეხეთი და, არც მეტი, არც ნაკლები, უკრაინა, მიმდინარე ევრო 2020-ზე ფანტასტიკურად წარდნენ. უნგრეთი ჯგუფში ჩარჩა, დარჩენილი სამეული კი ბრძოლას აგრძელებს.

ამრიგად, ტურნირის დასრულებამდე უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თვალს ერთ-ერთ საუკეთესო ევროპის ჩემპიონატს ვადევნებთ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 4 /
უკრაინა რომ პატარა ქვეყნებში გაიყვანეთ...
მე არ ვარ რობოტი
09:44 02-07-2021
1
უბრალოდ, ფეხბურთი მოგვენატრა და ამიტომ გვეჩვენება, თორემ ამდენი უკან და მეკარეზე პასი, მგონი ჩვენ ნაკრებს არ ექნება გაკეთებული მთელი ისტორიის მანძილზე...
ვოოტ
13:33 01-07-2021
7

სიახლეები პოპულარული