ევროპა ლიგა. 1/4-ფინალები. საპასუხო მატჩების წინ: რომი იქ, რომი აქაც?

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები გაიმართება. გადაწყვეტილი არცერთი წყვილია, მაგრამ ლონდონის "არსენალს" უდიდესი უპირატესობა აქვს მოსკოვის ცსკა-სთან, თუმცა ზუსტად ასეთ დღეში იყო "რომა" "ბარსასთან" საპასუხო მატჩის წინ...

საოცარია, მაგრამ ფაქტია, მოსკოვშიც თამაში ევროპულ დროს, 23:05-ზე იწყება. ლონდონურ მატჩში კი ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. დუბლები აარონ რემზიმ და ალექსანდრ ლაკაზეტმა შეასრულეს. ფრანგი ევროპალიგაზე "არსენალის" მაისურით პირველად თამაშობდა.

ცსკა-ს ერთადერთი გოლი, რომელმაც რუსებს შანსი დაუტოვა, საჯარიმო დარტყმას მოჰყვა. ცსკა ევროთასებზე
შინ ცუდად თამაშობს. თუ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს არ ჩავთვლით, რუსულმა კლუბმა შინ ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო. ცოტაც და არსენ ვენგერი თავის პირველ ევროტროფეის კიდევ უფრო მიუახლოვდება.

"ველოდრომზე" სერიოზული ჯახია მოსალოდნელი, ევროთასების დებიუტანტმა "ლაიპციგმა" ერთ სეზონში ორივე ტურნირი დააგემოვნა, ჯერ დებიუტანტის კვალობაზე, ურიგოდ არ უასპარეზია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ახლა ევროპალიგის ნახევარფინალისთვის იბრძვის.

გერმანიაში ტიმო ვერნერმა "ლაიპციგს" 1:0 მოაგებინა. დებიუტანტს საფრანგეთში ძალიან გაუჭირდება, რადგან "მარსელს" "ველოდრომზე" ამ სეზონში ევროთასზე არ წაუგია.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის ფინალი საფრანგეთშია, ოღონდ მარსელელთა საძულველ ლიონში. სწორედ "ლიონს" ეომება ლიგა 1-ში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და სწორედ "ლიონი" დაემშვიდობა წინა, მერვედფინალურ ეტაპზე ამ ტურნირს.

რომში "ზალცბურგს" 35-მატჩიანი (!) წაუგებელი სერია (აქედან 19 ევროთასებზე) შეუწყვიტეს. ასე რომ, "ლაციოს" ნახევარფინალში გასვლის შესანიშნავი შანსი აქვს, "ოლიმპიკოზე" მიღწეული 2-ბურთიანი სხვაობა თუ შეინარჩუნა. შეგახსენებთ, რომ რომში "ლაციომ" 4:2 იმარჯვა. "ლაციოს" ავსტრიულ გუნდებთან აქამდე 7-ჯერ უთამაშია, 4 მოგება და 3 მარცხი.

ასე რომ, დიდი შანსია, ორივე ტურნირზე, ლიგაზეც და ევროპალიგაზეც ორი რომაული გუნდი გავიდეს.

ლისაბონში ტურნირის მთავარი ფავორიტი, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ჩადის. მადრიდელებს კომფორტული 2:0 უმაგრებთ ზურგს "სპორტინგთან" დღევანდელ დაპირისპირებაში. თუ მადრიდული კლუბი შემდეგ ეტაპზე გავა, ეს მისთვის ბოლო ხუთ სეზონში მესამე ევროპული ნახევარფინალი იქნება. ამ სეზონში ევროთასებზე "ატლეტიკოს" არ წაუგია.

დაბოლოს, ევროპალიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 13 აპრილს გაიმართება.

ხუთშაბათი, 12 აპრილი
ცსკა-არსენალი 23:05 (1:4)

არ ითამაშებს: ფერნანდეში, ვასინი - კასორლა, ელნენი, მხითარიანი, ოსპინა
საეჭვოა: - მეიტლენდ-ნაილსი

მარსელი-ლაიპციგი 23:05 (0:1)

არ ითამაშებს: მანდანდა, რამი, როლანდო, ტოვენი - ლეიმერი
საეჭვოა: - კოლტორტი, ჰალშტენბერგი

ზალცბურგი-ლაციო 23:05 (2:4)

არ ითამაშებს: იაბო, სამასეკუ (დისკვ) - მარკეტი
საეჭვოა: -

სპორტინგი-ატლეტიკო 23:05 (0:2)

არ ითამაშებს: პოდენსე - ფილიპე ლუიში
საეჭვოა: სეზარი - ხიმენესი, გონსალესი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული