ლა ლიგა. XVII ტურის წინ: მატჩი, რომელიც ყველაფერს გადაწონის...

AutoSharing Option
2017 წელი საუკეთესო მატჩით მთავრდება: "სანტიაგო ბერნაბეუ" "ელ კლასიკოს" მასპინძლობს. როცა "რეალი"-"ბარსელონაა", ყველა სხვა დაპირისპირება საფეხბურთო მსოფლიოში ფერს კარგავს...

ერნესტო ვალვერდე ლა ლიგაში პირველად ჩადის "ბერნაბეუზე" "ბარსას" თავკაცის რანგში. მას შეუძლია მშვიდად იყოს, ამ ორ გრანდს შორის (რჩება კიდევ "ატლეტიკო", ნაკლებად, "ვალენსიაც") საჩემპიონო ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიძაბება, თუ ზინედინ ზიდანის გუნდი გაიმარჯვებს.

ამ შემთხვევაში სხვაობა 8 ქულამდე შემცირდება. არც ეს არის ცოტა, მაგრამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო, "რეალს" ერთი თამაში რეზერვში აქვს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს თამაში "ლეგანესთანაა",
დიდი ალბათობით, კლასიკოს მოგება "რეალს" "ბარსელონასთან" 5 ქულამდე მიაახლოებს. ხუთი ქულა კი, როცა წრეზე მეტი რჩება, აღარ არის სერიოზული ჰანდიკაპი.

მოკლედ, "რეალმა" აუცილებლად უნდა მოიგოს, "ბარსას" კი ფრეც აწყობს, მაგრამ რამდენად შეუძლია კატალონიურ გრანდს ფრეზე თამაში? ადრე ეს თითქმის გამორიცხული იყო, მაგრამ ვალვერდეს ხელში "ბარსა" გაცილებით პრაგმატულია და არაფერია გამორიცხული, თუმცა... კლასიკოს სტატუსი ბასკ მწვრთნელს ამის საშუალებას ალბათ, არ მისცემს.

"მარკა" წერს, რომ ახლა ისეთი კლასიკო გველის, გუნდებს ძნელად თუ შეუძლიათ მეტოქეებისთვის სიურპრიზის შეთავაზება. ტაქტიკურად და შემადგენლობების მხრივაც, ბევრი რამ ისედაც ცხადია.

მაგალითად, ზიდანი ალბათ, იმ 11-ეულით დაიწყებს, რომლითაც მოიგო კარდიფში ჩემპიონთა ლიგა და აბუ-დაბიში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 4-4-2-ში არ რჩება გარეთ ბეილის ადგილი, რომელიც ტრავმის მერე გამოჯანმრთელდა, თამაშშიც კარგად ჩაერთო, მაგრამ 99%-იანი ალბათობით, სასტარტოში არ იქნება. სამაგიეროდ, იქნება ისკო.

არც "ბარსელონაშია" დიდი ცვლილებები მოსალოდნელი. ერთგვარი სიურპრიზი შეიძლებოდა უსმან დემბელე ყოფილიყო, თუმცა გამოჯანმრთელებულ ახალგაზრდა ფრანგს მოედანზე არ გაიყვანენ, ვალვერდემ ეს უკვე დაადასტურა. ეს მისი მისამართით მეტად უგულო საქციელი იქნებოდა.

ყველაზე საჭოჭმანო მარჯვენა მცველის პოზიციაა, რომლისთვისაც სერხი რობერტო და სემედუ იბრძვიან. ალბათ, მეორეს არჩევენ, რადგან დაცვით ფუნქციებს უკეთ ასრულებს, რაც მარსელოსა და რონალდოსთან ბრძოლაში აუცილებელია. ხავიერ მასკერანო დაბრუნდა, მაგრამ თომას ვერმალენი კარგად თამაშობს და პიკეს იგი შეუწყვილდება, უმტიტი, მოგეხსენებათ, ტრავმირებულია.

ვალვერდეს ვარიაციების საშუალება პაკოს ტრავმამაც მოუსპო. ახლა უკვე ცხადია, რომ "ბარსას" 4-კაციანი ნახევარდაცვით (რომელთა შორის პაულინიო იქნება) მოუწევს თამაში, წინ კი ლუის სუარესი და ლეო მესი ითამაშებენ.

სერხიო რამოსი (რეალი): "ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. ეს ხომ კლასიკოა და მეტი სიტყვის დამატება საჭირო არც არის. კლასიკო ყველაფრისგან განსხვავდება მსოფლიოში, ის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა ფეხბურთში. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ ვალდებულები ვართ, მოვუგოთ "ბარსელონას". სატურნირო მდგომარეობა გვავალდებულებს. მხოლოდ მოგება გვაძლევს შანსს, ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის".

ლიონელ მესი (ბარსელონა): "კლასიკო ყოველთვის გამორჩეულია და მოგება ყოველთვის საამაყო. "რეალის" მისსავე მოედანზე დამარცხება უდიდეს უპირატესობას მოგვცემს. ამის შემდეგ ლიგაში კიდევ ბევრი მატჩი რჩება, თუმცა შობაზე კლასიკოს მოგებით გასვლა დიდებული იქნება".

ფაქტები
  • ლა ლიგაში ეს გუნდები 175-ედ თამაშობენ, "რეალმა" 72 თამაში მოიგო, "ბარსამ" - 69. გოლები 284:277 "რეალის" სასარგებლოდ.
  • ლა ლიგაში ლიონელ მესის 16 გოლი აქვს კლასიკოებში გატანილი, კრიშტიანო რონალდოს - 14.
  • სულ ყველა შეჯიბრებაში (ამხანაგურები არ ითვლება) 235 მატჩი გაიმართა. 95 "რეალმა" მოიგო, 91 - "ბარსელონამ".
  • ყველა მატჩში 269 მატჩი გაიმართა და აქ "ბარსა" ლიდერობს - 111 მოგება, "რეალის" 99-ის სანაცვლოდ.
  • ლიონელ მესი 24 გოლით კლასიკოების ყველა დროის რეკორდსმენია.
  • ანდრეს ინიესტა 36-ე კლასიკოს ითამაშებს. ერთიც და იკერ კასილიასს, რაულსა და ფერნანდო იეროს დაეწევა.
  • კრიშტიანო რონალდო 17 გოლით მესამე ადგილზეა (1 გოლით ჩამორჩება ალფრედო დი სტეფანოს).
  • ლიონელ მესისა და სერხიო რამოსს 34-34 მატჩი აქვთ კლასიკოებში ნათამაშები.

ლა ლიგა. XVII ტური
სამშაბათი, 19 დეკემბერი
ლევანტე-ლეგანესი 0:0

ოთხშაბათი, 20 დეკემბერი
სოსიედადი-სევილია 3:1
ხეტაფე-ლას პალმასი 2:0

ხუთშაბათი, 21 დეკემბერი
ეიბარი-ჟირონა 4:1
ალავესი-მალაგა 1:0

პარასკევი, 22 დეკემბერი
ბეტისი-ბილბაო 0:2
ესპანიოლი-ატლეტიკო 1:0

შაბათი, 23 დეკემბერი
რეალი-ბარსელონა 16:00
ვალენსია-ვილიარეალი 19:15
დეპორტივო-სელტა 21:30

ბომბარდირები: 14 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 10 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 9 - იაგო ასპასი (სელტა), სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), კრისტიან სტუანი (ჟირონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 8 - როდრიგო (ვალენსია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული