ლა ლიგა. XIV ტურის წინ: "რეალის" 5 ფინალი დეკემბერში

AutoSharing Option
"მარკა" წერს, რომ მადრიდის "რეალს", რომელიც ახლა საუკეთესო დროებას არ განიცდის, დეკემბერში ხუთი ფინალი ელის.

რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით ფინალზე არ არის საუბარი (თუმცა ასეთიც, სავარაუდოდ, მოუწევს - მსოფლიოს საკლუბო პირველობაზე). უბრალოდ, ხუთი ისეთი მატჩია, რომელთაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ფინალი და პირველი ამათგან შაბათს, ბილბაოს ახალ სტადიონ "სან მამეს ბარიაზე" ელის "სამეფო კლუბს" - ზინედინ ზიდანის გუნდი "ბილბაოს" სტუმრობს, რომელიც კიდევ უფრო ცუდ დღეშია, გუნდი ახლახან კოპადანაც გამოვარდა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბასკეთში გუნდს კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი არ გაჰყვება.
მიზეზი ისაა, რომ პერესი ამზადებს ბასკთა გოლკიპერის, კეპა არიზაბალაგას ტრანსფერს.

დიდი ალბათობით, ეს ტრანსფერი იანვარში განხორციელდება, რადგან კეილორ ნავასი ძირითადად ტრავმირებულია, ხოლო კიკო კასილია სათანადოდ ვერ თამაშობს და ახალგაზრდა კეპა კარგი სამიზნეა.

ეს კი არ მოსწონთ ბასკეთში. მეკარეს "ბილბაოსთან" კონტრაქტი ივნისამდე აქვს, მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა, რომლის გადახდასაც "სამეფო კლუბი" იოლად შეძლებს.

სერხიო რამოსი ითამაშებს, ოღონდ პირველად დამცავი ნიღბით, რომლის ფოტომაც სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რაც ყველაზე საინტერესოა, "რეალის" ლიდერს ამ ნიღბის ტარება კიდევ დიდხანს მოუწევს.

ზინედინ ზიდანს კვლავ შეექმნა საკადრო პრობლემები, რადგან ძლივს გამოჯანმრთელებული გარეთ ბეილი ისევ ტრავმირებულია. გუნდს არ ეყოლება არც მარკო ასენსიო და, დიდი ალბათობით, არც დანი კარვახალი ითამაშებს ბილბაოში.

"ბილბაოს" არ ეყოლება ბენიატ ეჩებარია, იერაი ალვარესი და იკერ მუნიაინი.

გათამაშების ლიდერი "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "სელტას" მასპინძლობს. გამოჯანმრთელდა და გალისიელებთან მატჩისთვის მზად უნდა იყოს პორტუგალიელი ანდრე გომეში. თუმცა ერნესტო ვალვერდეს ჯერ კიდევ მოუწევს უსმან დემბელეს, არდა თურანის, რაფინიასა და ხავიერ მასკერანოს გარეშე ფონს გასვლა.

მეორეადგილოსანი "ვალენსია" მადრიდში "ხეტაფეს" სტუმრობს, ხოლო "ატლეტიკო" "ვანდაზე" "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს.

ფაქტები
  • "რეალი" ლა ლიგის ბოლო 87 მატჩიდან 78-ში დაუმარცხებელია.
  • "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკს" ბოლო 26 დაპირისპირებიდან 23 მოუგო.
  • ამ გუნდების ბოლო 15 დაპირისპირებიდან 13-ში "რეალმა" სულ მცირე, ორი გოლის გატანა შეძლო.
  • "რეალმა" ბოლო 8 მატჩიდან 6-ში მოიგო, როგორც პირველი ტაიმები, ისე მთლიანად მატჩები.
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 18 საშინაო მატჩი მოიგო.
  • "ატლეტიკოს" ამ სეზონში თამაში ჯერ არ წაუგია, ისევე, როგორც ლიდერებს, "ბარსელონასა" და "ვალენსიას".
  • "ატლეტიკომ" ბოლო 4 მატჩში "რეალ სოსიედადთან" კარი მშრალად შეინახა.
ლა ლიგა. XIV ტური
პარასკევი, 1-ლი დეკემბერი
მალაგა-ლევანტე 23:59

შაბათი, 2 დეკემბერი
ბარსელონა-სელტა 16:00
ატლეტიკო-სოსიედადი 19:15
სევილია-დეპორტივო 21:30
ბილბაო-რეალი 23:45

კვირა, 3 დეკემბერი
ლეგანესი-ვილიარეალი 15:00
ხეტაფე-ვალენსია 19:15
ეიბარი-ესპანიოლი 21:30
ლას პალმასი-ბეტისი 23:45

ორშაბათი, 4 დეკემბერი
ჟირონა-ალავესი 23:59

ბომბარდირები: 12 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - როდრიგო (ვალენსია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული