ლა ლიგა. V ტურის წინ: ათლეტური დერბი, ბეილი, სტვენა და ბერნაბეუ

AutoSharing Option
ესპანეთის ლა ლიგის V ტურის ცენტრალური მატჩი "სან მამეს ბარიაზე" გაიმართება, სადაც "ბილბაო" "ატლეტიკოს" მასპინძლობს.

"ბილბაოს" ახლა "სევილიასთან" ერთად საუკეთესო დაცვა ჰყავს, გუნდმა ახლახან დაამყარა "მშრალი" სერიის რეკორდი, კეპა არიზაბალაგამ უგოლოდ 290 წუთს ("ბილბაოს" წინა რეკორდი) გადააბიჯა, თუმცა მალევე "ლას პალმასისგან" პირველი გოლი გაუშვა. ერნესტო ვალვერდეს გარეშე დარჩენილ "ბილბაოს" სამაგიეროდ, შეტევაში უჭირს - 4 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. "ატლეტიკო" დაუმარცხებელია, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდმა ორჯერ ფრე ითამაშა ("ჟირონასთან" და "ვალენსიასთან").

მასპინძლებს მიკელ რიკო, იერაი ალვ
არესი და ოსკარ დე მარკოსი არ ეყოლებათ, სტუმრებს – ხოსე ხიმენესი, სიმე ვრსალიკო და აუგუსტო ფერნანდესი.

ფაქტები
  • "ბილბაოს" "ატლეტიკოსთვის" 2013 წლის იანვრის მერე არ მოუგია. მაშინ სან ხოსეს, დე მარკოსისა და სუსაეტას გოლებით ბასკებმა 3:0 მოიგეს.
  • ამის შემდეგ სიმეონეს გუნდმა 10 მატჩიდან 8 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
  • ლა ლიგაში 6 დაუმარცხებელი შემორჩა, ერთ-ერთი "ატლეტიკოა".
"რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბეტისს" მასპინძლობს და გარეთ ბეილს ერთი სული აქვს, ტრიბუნებზე სტვენის ხმა არ გაიგონოს, როცა ბურთს შეეხება. "რეალის" ფანებმა ბოლო დროს უელსელი ამოიჩემეს, რადგან ის სათანადო ფორმაში არ არის, მაგრამ სან სებასტიანში ბეილმა თავი გოლით გამოიჩინა.

"ბოლო ტურში "ბერნაბეუზე" მისტვინეს. ხანდახან ასეც ხდება ხოლმე. ყველაფერს გავიღებ, რომ ამის გამეორების საბაბი ჩვენი გუნდის ფანებს აღარ მივცე", - აცხადებს ბეილი. "ეს ჯერ კიდევ არ არის ბეილის საუკეთესო ვერსია, თუმცა ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით მიზანს", - ეს უკვე ზიდანის სიტყვებია.

ბეტისთან" მატჩში კრიშტიანო რონალდო ბრუნდება, რომელმაც ესპანეთის სუპერთასზე მსაჯს ხელი ჰკრა, რისთვისაც 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა BBC ვერ აღდგება - ქარიმ ბენზემა ჯერაც ტრავმირებულია.

ფაქტები
  • დანი სებალიოსი ამ ზაფხულს "ბეტისიდან" "რეალში" გადავიდა.
  • კრიშტიანო რონალდოს დისკვალიფიკაცია დასრულებულია და "ბეტისთან" ის ითამაშებს.
  • ბოლო 5 მატჩიდან "რეალმა" "ბეტისს" სამი 5-ბურთიანი სხვაობით მოუგო.
  • "ბეტისმა" ბოლოს "რეალს" 2012 წლის ნოემბერში მოუგო - 1:0 (ბენიატი).
სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ "ბარსელონას" შეხვედრას "ეიბართან" "კამპ ნოუზე", "სევილიასა" და "ლას პალმასის" დაპირისპირებას.

ლიდერებს კარგი შანსი აქვთ, 3-3 ქულა შეიმატონ. "ბარსამ" ახალწვეულ უსმან დემბელესთან შეგუება ვერ მოასწრო, რომ უკვე მისი შეცვლა ესაჭიროება, ფრანგი დაახლოებით 4 თვე იძულებით დაისვენებს.

V ტური
სამშაბათი, 19 სექტემბერი
ვალენსია-მალაგა 22:00
ბარსელონა-ეიბარი 00:00

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი
ბილბაო-ატლეტიკო 22:00
ლეგანესი-ჟირონა 22:00
დეპორტივო-ალავესი 23:00
სევილია-ლას პალმასი 00:00
რეალი-ბეტისი 00:00

ხუთშაბათი, 21 სექტემბერი
ვილიარეალი-ესპანიოლი 22:00
სელტა-ხეტაფე 23:00
ლევანტე-სოსიედადი 00:00

ბომბარდირები: 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - მაქსი გომესი (სელტა), ხუანმი (რეალ სოსიედადი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული