ლა ლიგა. IV ტური: "ვანდა" იწყებს

AutoSharing Option
ტურის ცენტრალური მატჩი ბასკურ სან-სებასტიანშია, სადაც ერთ-ერთ ლიდერ "რეალ სოსიედადთან" სათამაშოდ ქვეყნის ჩემპიონი "რეალი" ჩადის, რომელსაც ორი ტურია, ვერ მოუგია; "ბარსელონა" მადრიდის გარეუბანს სტუმრობს; გვაქვს ვალენსიური დერბიც, თუმცა მთავარი მოვლენა მაინც სულ სხვაგან მოხდება - ისტორიაში პირველად (მაგრამ არა უკანასკნელად), ლა ლიგაში ყურადღების ცენტრში "ვანდა მეტროპოლიტანო" იქნება.

შაბათ საღამოს "ატლეტიკო" "მალაგას" მასპინძლობს, რომელსაც ამ დროისთვის ქულაც არა აქვს, მაგრამ ინტერესი მაინც უდიდესია - ძველი "ვისენტე კალდერონის" ნაცვლად, რომელზეც ფანტასტიკური გულშემატკივრობა იყო, მატჩი ახალთახალ "ვანდაზე" გაიმართება. იმის გამო, რომ სტადიონი სეზონისთვის
ვერ მოესწრო, დიეგო სიმეონეს გუნდმა ზედიზედ სამი სასტარტო მატჩი სტუმრად ითამაშა.

შაბათს სტადიონზე 12-საათიანი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, რომლებიც ერთმანეთს ჩაანაცვლებს. "ატლეტიკოსთვის" 67,7-ათასიანი "ვანდა" კლუბის ისტორიაში მეოთხე სახლი იქნება. სხვათა შორის, სტადიონის მშენებლობა დასრულდაო, ხმამაღლა ნათქვამია - ნაგებობაში საქმეები შობამდე გაგრძელდება. "მალაგას" შემდეგ "ვანდას" "სევილია" და "ჩელსი" ეწვევიან.

სანამ "რეალს" უმასპინძლებს, "ჩური ურდინი" ევროპალიგაზე ჩაება, მადრიდულ გრანდში კი სიახლე ისაა, რომ გუნდმა მარსელო ოფიციალურად დაიბევა, ისკოს კი შეუთანხმდა; ასევე, 17 წლის ბრაზილიელი როდრიგო შეიძინა. ზიდანს ბენზემას შემდეგ კოვაჩიჩიც დაემტვრა, ხორვატი აპოელ-თან დაშავდა და ორ თვეს გამოტოვებს.

"ბარსელონას" სუპერვარსკვლავი ლეო მესი უახლოეს დღეებში ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მანამდე მესი და კომპანია ახალდაბრუნებულ "ხეტაფეს" ეწვევა.

ფაქტები
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 10 მატჩი მოიგო.
  • "ბარსელონამ" ბოლო 17 მატჩიდან 14 მოიგო, ბოლო 11-დან - 9.
  • ბოლო სამი მატჩია, "ბარსელონა" "ხეტაფესთან" თამაშში გოლს არ უშვებს.
  • ბოლო ვალენსიური დერბი "ლევანტესა" და "ვალენსიას" შორის 2016 წლის მარტში გაიმართა. "ლევანტემ" 1:0 იმარჯვა.
  • "ატლეტიკომ" ლა ლიგის ბოლო 36 ტურიდან მხოლოდ 3-ში წააგო.
  • "მალაგას" ლა ლიგაში ბოლო 23 მატჩიდან მხოლოდ 2 მოგება აქვს.
  • "ატლეტიკომ" შინ ბოლო 6 მატჩიდან 5 მოუგო "მალაგას".
  • "რეალ სოსიედადმა" "რეალს" ბოლოს 2014 წელს მოუგო - 4:2, მას შემდეგ "სამეფო კლუბმა" ზედიზედ 5 დაპირისპირებაში იმარჯვა.

პარასკევი, 15 სექტემბერი
ეიბარი-ლეგანესი 23:00

შაბათი, 16 სექტემბერი
ლევანტე-ვალენსია 15:00
ხეტაფე-ბარსელონა 18:15
ბეტისი-დეპორტივო 20:30
ატლეტიკო-მალაგა 22:45

კვირა, 17 სექტემბერი
ალავესი-ვილიარეალი 14:00
ჟირონა-სევილია 18:15
ლას პალმასი-ბილბაო 20:30
სოსიედადი-რეალი 22:45

ორშაბათი, 18 სექტემბერი
ესპანიოლი-სელტა 23:00

ბომბარდირები: 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - ხუანმი (რეალ სოსიედადი), მაქსი გომესი (სელტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული