ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: ვალვერდე კონტეს უფრთხის

AutoSharing Option
ერთი დღეც და, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი მერვედფინალისტის ვინაობაც გვეცოდინება.

პრინციპში, ერთი ცნობილია - დიდი სასწაული უნდა მოხდეს სტამბოლში, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" ეს ეტაპი ვერ გაიაროს 5:0-ის შემდეგ.

აი, "კამპ ნოუზე" კი დიდი დაპირისპირებაა - ანტონიო კონტეს "ჩელსი" აუტსაიდერია, მაგრამ მისი ძალიან ეშინია ერნესტო ვალვერდეს...

პარასკევს უკვე მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრაა.

ოთხშაბათი, 14 მარტი, 23:45
ბარსელონა-ჩელსი
პირველი მატჩი 1:1

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - ს. რობერო, პიკე, უმტიტი, ალბა - პაულინიო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ანდრე გომეში - მესი, ლ. სუ
არესი
არ ითამაშებს: დ. სუარესი
საეჭვოა: ინიესტა

ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი - მოზესი, ფაბრეგასი, კანტე, ალონსო - ვილიანი, მორატა, აზარი
არ ითამაშებს: დავიდ ლუისი, ბარკლი
საეჭვოა: რიუდიგერი

  • "ბარსა" შინ ინგლისურ კლუბებთან - 19 მოგება, 11 ფრე, 2 წაგება.
  • "ბარსელონა" ზედიზედ მე-11-დ აპირებს ლიგის მეოთხედფინალში გასვლას.
  • ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე მე-14-დ ეთამაშებიან.

ლონდონში, როდესაც ლეო მესიმ მე-9 ცდიდან პირველად შეძლო "ჩელსის" კარში გოლის გატანა, ეს ამ გუნდების მე-13 დაპირისპირება გახლდათ. ახლა კი მეთოთხმეტეა, თითქოს, ერთ პირველობაზე თამაშობენო - "ჩელსი" და "ბარსა" ერთმანეთს გაუშინაურდნენ.

სხვათა შორის, წარსულის სტატისტიკიდან ერთი ასეთი სახალისო ფაქტიცაა - "ბარსას" 11-კაციანი "ჩელსისთვის" 1966 წლის მერე არ მოუგია.

წინა მატჩი
"სტემფორდ ბრიჯზე" ინგლისური კლუბი ვილიანმა 62-ე წუთზე დააწინაურა, მაგრამ მესიმ 75-ეზე გაიტანა. სხვათა შორის, ამ მატჩის პირველ ტაიმში ვილიანმა ორჯერ გაარტყა ბურთი ესპანელთა კარის ძელს.

პრესკონფერენცია
ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "პირველ მატჩში ვნახეთ ვირტუოზული "ჩელსი". რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგი იმ მატჩისა ჩვენთვის კარგი იყო, თუმცა მხოლოდ ამის იმედად ყოფნა არ შეიძლება - ხვალ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, საკუთარი ხელწერა არ დავკარგოთ.

"ჩელსის" ნებისმიერ დროს შეუძლია გოლის გატანა, ეს უნდა გვახსოვდეს. საამისოდ მეტოქეს მრავალნაირი გზა აქვს და ჩვენ ეს ლონდონში კარგად დავინახეთ.

თანაც, როცა "ჩელსის" შედეგი აწყობს და ის დაცვაში ჩადის, მისი გატეხა თითქმის შეუძლებელია. პრესინგი კარგი იქნება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ჩელსი" კონტრშეტევებშიც კარგია.

არ დაგვავიწყდეს არც კუთხურები და საჯარიმოები. სტანდარტული მდგომარეობებისასაც ფრთხილად უნდა ვიყოთ".

ანტონიო კონტე ("ჩელსის" მწვრთნელი): "პირველ მატჩში მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ. ეს იყო თითქმის იდეალური თამაში. არადა, მეტოქე ძალიან ძლიერია - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო.

სამწუხაროდ, იმ თამაშის შედეგი "ბარსელონას" დიდ უპირატესობას აძლევს. "კამპ ნოუზე" დროდადრო გაგვიჭირდება, მაგრამ კომპაქტურობა არ უნდა დავკარგოთ და, როცა ბურთს მოვიპოვებთ, ჩვენი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ".

ოთხშაბათი, 14 მარტი, 23:45
ბეშიქთაში-ბაიერნი
პირველი მატჩი 0:5

სავარაუდო შემადგენლობები

ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - გიოქჰანი, მედელი, ნეციპი, ადრიანო - ჰატჩინსონი, თოლგაი - ქვარეჟმა, ტალისკა, ბაბელი - ნეგრედო
არ ითამაშებს: ვიდა (დისკვ.), პეპე, ტოშიჩი
საეჭვოა: -

ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - კიმიხი, ზულე, ჰუმელსი, ალაბა - ვიდალი, ტიაგო ალკანტარა - მიულერი, ხამეს როდრიგესი, რიბერი - ვაგნერი
არ ითამაშებს: ნოიერი, კომანი, ტოლისო, რობენი
საეჭვოა: -

  • "ბაიერნმა" ბოლო 15 თამაშიდან 14 მოიგო.
  • "ბაიერნი" მერვედფინალებში - 10 მოგება, 3 წაგება.
  • მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა 16 მარტს გაიმართება.

ამ დუელში ნამდვილი ბრძოლა პირველი თამაშის მეორე ტაიმის შუაწელამდე იყო, შემდეგ ყველაფერი გადაწყდა და ახლა დღევანდელ მატჩს დიდი დატვირთვა აღარ აქვს. წესით, "რეკორდმაისტერს", რომელიც კვირას შესაძლოა, ბუნდესლიგის ჩემპიონი ნაადრევად გახდეს, მიზნის მიღწევა აღარ უნდა გაუჭირდეს.

წინა მატჩი
"ალიანც არენაზე" ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებული "ბეშიქთაში" ბრდღვნად არ ეყოთ. თურქებისთვის ვიდას გაძევება დამღუპველი აღმოჩნდა - თომას მიულერმა დუბლი შეასრულა, ისევე, როგორც რობერტ ლევანდოვსკიმ. ერთი გოლიც კინგსლი კომანის ანგარიშზეა. 5-დან 4 გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

პრესკონფერენცია
შენოლ გიუნეში ("ბეშიქთაშის" მწვრთნელი): "ჩვენ შევეცდებით, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და შედეგსაც მივაღწიოთ. ვიცით, რომ "ბაიერნი" საუკეთესო შემადგენლობით აპირებს თამაშს. ჩვენ ვემშვიდობებით ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ გვსურს, რომ ეს კარგად გავაკეთოთ და მომავალ სეზონში ღირსეულად დავბრუნდეთ".

იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "სელტიკთან" და "ნაპოლისთან" დიდებული პუბლიკის წინაშე ვითამაშეთ. ეჭვი მაქვს, რომ ხვალ აქაც იგივე სიტუაცია იქნება. უნდა ვითამაშოთ იმ ფანების წინაშე, რომლებიც სუნთქავენ საკუთარ გუნდთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ 5:0 გვაქვს მოგებული, ასეთ სიტუაციაში მოდუნება არაფრით არ შეიძლება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული