ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: პსჟ უნეიმაროდ და კლოპის რევერანსები

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" და "რეალი" ხელახლა იკრიბებიან, ამჯერად, პარიზში, დუელის მეორე რაუნდის სათამაშოდ. ამჯერად, ნეიმარის გარეშე. "ენფილდზე" კი იურგენ კლოპს ნებისმიერი ექსპერიმენტის განხორციელება შეუძლია, რადგან მისმა გუნდმა პორტუგალიაში 5:0 მოიგო.

სამშაბათი, 6 მარტი
პსჟ-რეალი 23:45 (1:3)

სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - ვერატი, ტიაგო მოტა, რაბიო - მბაპე, კავანი, დი მარია
ვერ ითამაშებს: ნეიმარი

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო - კაზემირო, კოვაჩიჩი, ისკო - ბეილი, ბენზემა, რონალდო
ვერ ითამაშებს: -
საეჭვოა:
მოდრიჩი, კროოსი
  • "რეალმა" ბოლო 7 მერვედფინალი დაასრულა წარმატებულად.
  • ნეიმარი პსჟ-ის უდიდესი დანაკლისია.
  • პირველი მატჩი "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:1 მოიგო.
ნეიმარმა ოპერაცია გაიკეთა და, "რეალთან" დაპირისპირებას ვინ ჩივის, საკითხავი ისაა, მოასწრებს თუ არა მუნდიალისთვის მწყობრში ჩადგომას. სხვებმა კი გამოჯანმრთელება მოასწრეს ორივე გუნდიდან - პსჟ-ს კილიან მბაპე და მარკინიოსი უბრუნდებიან, ხოლო "რეალს" - ტონი კროოსი, მარსელო და ლუკა მოდრიჩი.

ამ ხუთეულში კროოსისა და მოდრიჩის თამაში მაინც საეჭვოა. თუ ისინი დააკლდებიან "სამეფო კლუბს", ზინედინ ზიდანს შუა ხაზში დიდი თავსატეხი ექნება. ნეიმარს კი ყოფილი მადრიდელი ანხელ დი მარია შეცვლის.

პირველი მატჩი
ადრიენ რაბიომ პსჟ 33-ე წუთზე დააწინაურა "სანტიაგო ბერნაბეუზე", მაგრამ კრიშტიანო რონალდომ (დუბლი) და მარსელომ "რეალს" 2-ბურთიანი სხვაობით მოაგებინეს - 3:1.


პრესკონფერენცია
უნაი ემერი (პსჟ-ის მწვრთნელი): "ლასანა დიარა და ტიაგო მოტა სათამაშოდ მზად არიან. მათ აქვთ ოსტატობა და სათანადო გამოცდილება ასეთი მატჩებისთვის. კილიან მბაპემ სრული დატვირთვით ივარჯიშა, ისევე, როგორც მარკინიოსმა და ვერატიმ.

პასტორემ ვარჯიში გააცდინა, მაგრამ ვფიქრობთ, ის განაცხადში იქნება. ხვალ ჩვენს ყველა ფეხბურთელს მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება - მათ, ვინც ძირითადში იქნება და მათაც, ვინც შეცვლაზე ითამაშებს.

ეს წლის მთავარი მატჩია - უნიკალური შესაძლებლობა გულშემატკივრებისა და ყველა პარიზელისთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს. ეს სერიოზული გამოცდაა, მაგრამ, ამავდროულად, ეს შანსია, წინ გადავდგათ ნაბიჯი. გვინდა იმდენივე მომენტი შევქმნათ, რამდენიც პირველ თამაშში, მაგრამ სხვა დაბოლოებით.

იმედია, "რეალი" თავისი რჩეული ფეხბურთელებით მაქსიმუმს აჩვენებს, ჩვენ კი კიდევ უფრო კარგად ვითამაშებთ. მინდა, რომ თამაშის ბედი სწორედ ჩვენმა გარჯამ გადაწყვიტოს. უნდა ვითამაშოთ ცივი გონებითა და ცხელი გულით, მაგრამ თუ საქმე არჩევანზე მიდგა, ვიტყვი, რომ ხვალ უფრო მნიშვნელოვანი ცხელი გულით თამაში იქნება".

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "ხვალ ორივე გუნდისთვის მძიმე მატჩი იქნება, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. მე რაც მინდა, ეს კარგი ფეხბურთია. კარგად ვიცი, რომ ხვალ ძალიან გაგვიჭირდება, იქნება ინტენსიური დაპირისპირება.

სწორედ ასეთ შეხვედრაში მსურს, გუნდმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს. ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, თუნდაც, თითქმის გამორიცხული მოვლენების განვითარებისთვის. 90 წუთი და შეიძლება მეტიც, წუთით მოდუნება არ შეიძლება. ნეიმარის არყოფნა, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ცვლის, მაგრამ მის ადგილზე დადგება სხვა ფეხბურთელი, რომელსაც თავის გამოჩენა სჭირდება".

სამშაბათი, 6 მარტი
ლივერპული-პორტუ 23:45 (5:0)

სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - გომესი, ვან დეიკი, ლოვრენი, მორენო - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჰენდერსონი, მილნერი - სალაჰი, ფირმინო, მანე
ვერ ითამაშებს: ვეინალდუმი, ვუდბერნი
საეჭვოა: კლაინი

პორტუ (4-3-3): კასილიასი - მაქსი პერეირა, ფელიპე, მარკანო, დიოგო - ერერა, ოტავიო, სერჟიო ოლივეირა - კორონა, აბუბაქარი, ბრაჰიმი
  • ვერ ითამაშებენ: მარეგა, დანილო, ალექს ტელესი, სოარესი
  • "წითლებმა" "ენფილდზე" ჯგუფური ეტაპის 3 მატჩში 12 გოლი გაიტანეს.
  • "პორტუს" ინგლისში 4 თამაშია, რაც გოლი არ გაუტანია.
  • პირველი მატჩი "ლივერპულმა" 5:0 მოიგო.
ერთი მიზეზიც კი არ არსებობს საიმისოდ, რომ პორტუგალიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი ჰქონდეთ. ამ დუელის პირველი ნახევარი "ლივერპულმა" ნოკაუტით მოიგო და ახლა საპასუხო მატჩს პრაქტიკული მნიშვნელობა დაუკარგა. თანაც, ბოლოს "პორტუ" "ნისლიან ალბიონზე" ძალიან ცუდად თამაშობს.

პირველი მატჩი
პორტუში "ლივერპულმა" გაილაღა, 5 უპასუხო გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. განსაკუთრებით გამოირჩა სადიო მანე, რომელმაც ჰეთ-თრიკი მიითვალა. თითო გოლი "ლივერპულის" კიდევ ორმა ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა და რობერტო ფირმინომ ჩაიწერა აქტივში.


პრესკონფერენცია
იურგენ კლოპი ("ლივერპულის" მწვრთნელი): "პირველ მატჩში ძალზე ეფექტურად ვითამაშეთ. მიუხედავად იმისა, რომ 5:0 მოგებული გვაქვს, "პორტუ" ფანტასტიკური გუნდია. უბრალოდ, მაშინ ყოველი შანსი გოლად ვაქციეთ. ეს რომ არა, "პორტუს" მომენტები ჰქონდა, ორი განსაკუთრებით, და სულ სხვა შედეგს მივიღებდით. საპასუხო მატჩშიც ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ".

სერჟიო კონსეისაო ("პორტუს" მწვრთნელი): "ამ ორ გუნდს შორის კლასში სხვაობა ნამდვილად არ არის ისეთი, როგორი ანგარიშიც პირველ დაპირისპირებაში დაფიქსირდა. მეტოქეს ჩვენს კართან ყველაფერი გამოსდიოდა. ყველაფერი სხვანაირად უნდა დასრულებულიყო. ჩვენ მებრძოლი გუნდი ვართ. ხვალ კარგი დაცვა და კარგი შეტევა ერთდროულად დაგვჭირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული